საუდის არაბეთი იმუქრება, რომ ყატარს კუნძულად აქცევს
საუდის არაბეთი ყატარის ეკონომიკური და დიპლომატიური ბლოკადით არ კმაყოფილდება და ახალი სანაოსნო არხის გაყვანას გეგმავს, რომელიც ყატარის ნახევარკუნძულს არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოკვეთს.
გეოპოლიტიკური ზიანი კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი რომ იყოს, გეგმის მიხედვით, არხის გაყვანის შემდეგ, საუდის არაბეთი სამხედრო ბაზასა და რადიოაქტიური ნივთიერებების ნაგავსაყრელს ყატარის მხარეს მოაწყობს.
2017 წლიდან მოყოლებული, საუდის არაბეთმა, ეგვიპტესთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ერთად, ყატარს დიპლომატიური და ეკონომიკური ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის მიზეზად, საუდის არაბეთი, ყატარის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევას, ტერორიზმის ხელშეწყობას და მთავარი მტრის, ირანის მხარდაჭერას ასახელებს.
ბრალდებების უარყოფის ფონზე, ყატარმა რეგიონალური მხარდაჭერა მოიპოვა თურქეთის, ომანისა და ირანის მხრიდან. შედეგად, დეკემბერში, საუდელებმა ზეწოლა გააძლიერეს და დახურეს უკანასკნელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქალაქ სალვაში, რამაც ყატარი სახმელეთო ბლოკადაში მოაქცია.
მიუხედავად ამისა, ქვეყანა მაინც უმკლავდება ზეწოლას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მარტის ანგარიშის თანახმად, ნავთობითა და გაზით მდიდარმა ყატარმა, საუდელების ინიცირებული ბლოკადით მიყენებული ეკონომიკური ზიანის ანაზღაურება დაიწყო.
თუმცა, არაბული ონლაინგამოცემის, საბქის მტკიცებით, სანაოსნო არხის მშენებლობა გარდაუვალია. შედეგად, საუდის არაბეთი, ყატარის კუნძლოვან სახელმწიფოდ გადაქცევით, ტერმინ "იზოლაციას" ახალ ხარისხობრივ მნიშვნელობას მიანიჭებს.
პროექტის სახელად "სალვას არხი" დაფინანსებას მთლიანად უზრუნველყოფენ საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კერძო ინვესტორები, ხოლო, სამშენებლო სამუშაოებს ის ეგვიპტური სამშენებლო კომპანიები შეასრულებენ, რომლებმაც გამოცდილება სუეცის არხის გაყვანისას მიიღეს.
პროექტის მიხედვით, არხის სიგანე 200 მეტრი, სიღრმე 15-20 მეტრი, ხოლო სიგრძე 60 კმ იქნება და ქალაქ სავლადან რას-აბუ-გამიმდე გაგრძელდება. აღნიშნული გათვლები არხს ისეთი სამგზავრო და სავაჭრო გემების გატარების შესაძლებლობასაც მისცემს, რომელთა სიგრძე 300 მეტრს, ხოლო სიგანე 33 მეტრს შეადგენს. წინასწარი შეფასებით კი, არხის მშენებლობა 747 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.
გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი ცალხმრივად ხორციელდება, არხი მხოლოდ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გავა და მომავალ კუნძულზე, საუდელები, 1 კილომეტრიან სახმელეთო ზონასაც დაიტოვებენ - სადაც სამხერდრო ბაზასა და ატომური ელექტორსადგურის (რომელიც ჯერ არ აშენებულა) ბირთვული ნარჩენების სამარხს მოაწყობენ.
ამას გარდა, გეგმა, რა თქმა უნდა, თავისუფალი სავაჭრო ზონის მოწყობას და 5 სასტუმროსა და ორი პორტის მშენებლობასაც ითვალისწინებს. თუმცა, ტურისტები და ინვესტორები ალბათ კარგად დაფიქრდებიან სანამ კორეის დემილიტარიზებული ზონის არაბულ ვერსიაში გადაწყვეტენ გამგზავრებას.
ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არხის სავაჭრო სანაოსნო მნიშვნელობაც, რადგან, დღეისათვის, გემები წარმატებით იყენებენ სპარსეთის ყურეში არსებულ ტრადიციულ სავაჭრო გზებს და ახალი მარშრუტების გაყვანის აუცილებლობა არ დგას.
სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ არხის პროექტი მხოლოდ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის შედეგია და მორიგ დარტყმას წარმოადგენს მიმდინარე ნერვების ომში.
კომენტარები