SpaceX თავის Falcon 9-ით დღეს ესპანურ რადარულ თანამგზავრს გაუშვებს დედამიწის ორბიტაზე.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, თანამგზავრი Paz ოკეანეში გემების გადაადგილებას გააკონტროლებს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა: რაკეტაში იმალება ორი პატარა თანამგზავრი, რომელიც მასკის დიდებული გეგმის მცირე ნაწილია - მთელ დედამიწას "გადააფაროს" მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

ამ პროექტს არაფორმალურად Starlink ეწოდება. ამ გეგმის მასშტაბები სრული სიგიჟეა. მომდევნო წლებში კომპანია გეგმავს, 4425 თანამგზავრი გაუშვას ორბიტაზე, დედამიწიდან 1200 კილომეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი 7500 თანამგზავრი - შედარებით დაბალ ორბიტაზე.

სულ 12 000 თანამგზავრი გაეშვება - ეს იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე გაგვიშვია.

მასკსა და SpaceX-ს ამ გეგმის შესახებ 2015 წლის ანონსის შემდეგ ძალიან ცოტა აქვთ ნათქვამი. თუმცა, რადგანაც ამ ყველაფერს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ნებართვა დასჭირდება, გეგმის შესახებ საჯარო დოკუმენტები რეგულარულად ქვეყნდება, თუმცა, ძალიან ჩუმად.

ფედერალური კომუნიკაციების თანახმად, ნოემბერში ორგანიზაციამ SpaceX-ს უფლება მისცა, გაეშვა ორი ექსპერიმენტული თანამგზავრი, Microsat-2a და Microsat-2b, რათა გაიტესტოს კოსმოსში დაფუძნებული ინტერნეტის კონცეფცია.

რაკეტა Falcon 9 ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან (კალიფორნია) დღეს, ხუთშაბათს აფრინდება, თბილისის დროით 18:17-ზე - დაგეგმილზე ერთი დღით გვიან.

რადგანაც ჩვეულებრივ პირდაპირი ეთერი აფრენამდე 15 წუთით ადრე იწყება, დაახლოებით 18:00-ზე უკვე კომპიუტერებთან/სმარტფონებთან იყავით და დაელოდეთ.

პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ უყუროთ SpaceX-ის როგორც ფეისბუქ გვერდზე, ისე იუთუბის არხზე.