რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე - მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება კი "ღირსეული სიბერის შექმნას" უკავშირდება. გათვალისწინებულია, რომ სისტემა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდეს.

რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა?

მთავრობა გეგმავს, რომ დაგროვებითი სისტემით მოქალაქემ საშუალოდ 400-500-ლარიანი პენსია მიიღოს.

სამომავლოდ, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული იქნებიან, რომ გარკვეული თანხა საპენსიო ფონდში, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხონ.

საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო შენატანებზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და დასაქმების ხანგრძლივობაზე.

სავალდებულო იქნება თუ არა სქემაში ჩართვა?

სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, შენატანები წყდება და თანხის გადარიცხვას წყვეტს სახელმწიფოც. სამსახურის დაწყებიდან პირველი ხელფასის მიღებისას შენატანი ახლდება. თვითდასაქმებულს შენატანის დროებით შეჩერების უფლება აქვს, პარალელურად კი, სახელმწიფოც წვყვეტს შენატანის დარიცხვას.

საპენსიო ასაკში პირს შეუძლია თავის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული თანხა ერთიანად ან გადანაწილებული სახით მიიღოს.

როგორ დაგროვდება თანხა საპენსიო ფონდში?

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო.

წარმოვიდგინოთ, რომ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1 000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ.

შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა ორი პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო ორი პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან, ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დამსაქმებელმა დაუბეგრავი ხელფასი მოგიმატოთ, რათა ხელზე იგივე თანხა აიღოთ. 1 000 ლარის შემთხვევაში, მისი ხარჯი 5,26 პროცენტით გაიზრდება, ანუ მისი ხარჯი 52,6 ლარით მოიმატებს.

მსგავსი შენატანი კეთდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულის წლიური დაუბეგრავი შემოსავალი 60 ათას ლარს არ აჭარბებს. თვითდასაქმებული ადამიანი პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში თავად რიცხავს შემოსავლის 4 პროცენტს. ყველა ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს რიცხავს საპენსიო ფონდში, თუ დასაბეგრი ხელფასი 24 ათას ლარს არ აჭარბებს. 24 ათასიდან 60 ათასამდე სახელმწიფოს წილი 1 პროცენტია.

დამსაქმებელი დაგროვებით საპენსიო სქემაში თანხის არ შეტანის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი იქნება საპენსიო სააგენტო. პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაგროვებული თანხა მემკვიდრეს გადაეცემა.

რა არის საპენსიო სააგენტო?

საჯარო სამართლის იურიდიული პირი საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით შეიქმნება. სააგენტო ფონდში დაგროვებული ფულის ბრუნვით მიღებული სარგებელით დაფინანსდება.

სააგენტოს უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება. საბჭოს წევრები ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე იქნებიან. მათგან ერთ-ერთი მინისტრი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ორწლიანი ვადით აირჩევა.

სააგენტოს საბჭოს დირექტორს ხუთწლიანი ვადით აირჩევს და გაათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები კანონით და სააგენტოს დებულებით სამომავლოდ განისაზღვრება.

ასევე, საბჭო განსაზღვრს სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, თანამშრომლების რაოდენობასა და მათი ხელფასის ოდენობას.

საბჭოს პრეროგატივა სააგენტოს საქმიანობის ზედამხედვლობა იქნება. საინვესტიციო საქმიანობას ეროვნული ბანკი დაარეგულირებს.

რა მოვალეობები აქვს საინვესტიციო საბჭოს?

საინვესტიციო საბჭო სააგენტოს ფარგლებში შექმნილი სტრუქტურა იქნება, რომელიც განსაზღვრავს სად და რა პერიოდით უნდა დააბანდოს საპენსიო აქტივი. ამ საბჭოს ხუთივე წევრს ხუთწლიანი ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტი.

საბჭოს წევრების კანდიდატებს შეარჩევს და პარლამენტში წარადგენს შესარჩევი კომისია. კომისიაში იქნებიან ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი.

პარლამენტის კანდიდატს წარადგენს პარლამენტი, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს - ეროვნული ბანკი.

საინვესტიციო საბჭო ადგენს და დასამტკიცებლად სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო დოკუმენტს, რომლის მიხევდითაც განისაზღვრება სად დაიბანდოს საპენსიო ფონდში შეგროვებული თანხა.

ეროვნული ბანკი ამოწმებს დოკუმენტის საინვესტიციო შესაბამისობას, მაგრამ არა - საინვესტიციო გადაწყვეტილებას.

საპენსიო აქტივების ინვესტირებისთვის შეიქმნება საინვესტიციო სამსახური, რომლის ხელმძღვანელი უფროსი საინვესტიციო ოფიცერი იქნება. მისი მოვალეობა იქნება, რომ ინვესტირებას ორგანიზება გაუწიოს.

რაში ჩაიდება ფული, რომელიც ფონდში დაგროვდება?

საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა უკან დაბრუნებამდე ინვესტიციებს მოხმარდება. მის დანიშნულებაზე საინვესტიციო საბჭო იზრუნებს. ინვესტიციები მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებრისკიან პორტფელებად დაიყოფა. საპენსიო სქემის მონაწილე გაწევრიანების დროს თავად აირჩევს, თუ რომელ პორტფელში სურს გაწევრიანება.

თუ მონაწილე ამ უფლებას არ გამოიყენებს აქტივები ავტომატურად გადანაწილდება შემდეგნაირად:

  • გაწევრიანების მომენტისათვის 40 წლამდე მონაწილის აქტივები - მაღალი რისკიანი პორტფელი;
  • გაწევრიანების მომენტისათვის 40-დან ორმოცდაათ წლამდე მონაწილის აქტივები - საშუალო რისკიანი პორტფელი;
  • გაწევრიანების მომენტისათვის 50 და მეტი წლის მონაწილის აქტივები - ნაკლებად რისკიანი პორტფელი.

რას ნიშნავს "რისკიანი პორტფელები"?

მაღალი შემოსავალი დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და, პირიქით, დაბალი რისკების შემთხვევაში შემოსავალიც დაბალია. პორტფელის არჩევით შესაძლებელია მოქალაქემ თავად განსაზღვროს სად ჩაიდება მისი ფული.

საინვესტიციო დოკუმენტში თითოეულ პორტფელში გათვალისწინებული საინვესტიციო პერიოდი უნდა იყოს გაწერილი. რაც უფრო იზრდება ფორტფელის რისკიანობა საინვესტიციო პერიოდიც უფრო ხანგრძლივია. ასევე, განისაზღვრება პორტფელში არსებული თანხის რა მაქსიმუმი შეიძლება დაბანდდეს კონკრეტულ საქმეში.

ნაკლებად რისკიანი:

  1. ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 75 პროცენტამდე;
  2. სავალო ფასიანი ქაღალდები - 100 პროცენტამდე;
  3. საწარმოთა აქციები - 20 პროცენტამდე.

საშუალო რისკიანი პორტფელი:

  1. ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 50 პროცენტამდე;
  2. სავალო ფასიანი ქაღალდები - 75 პროცენტამდე;
  3. საწარმოთა აქციები - 20 პროცენტიდან - 40 პროცენტამდე;
  4. სხვა აქტივების ტიპები - 10 პროცენტამდე.

მაღალრისკიანი პორტფელი:

  1. ფულადი სახსრები და დეპოზიტები - 25 პტოცენტამდე;
  2. სავალო ფასიანი ქაღალდები - 50 პტოცენტამდე;
  3. საწარმოთა აქციები - 40 პტოცენტიდან 60 პტოცენტამდე.

მაგალითად, ნაკლებრისკიან პორტფელში გვაქვს 1 000 ლარი. საინვესტიციო საბჭოს შეუძლის ამ თანხის 75 პროცენტამდე, ანუ 750 ლარამდე ფულად სახსრებსა და დეპოზიტებში ჩადოს. ან მთლიანი თანხა სავალო ფასიან ქაღალდებში ჩადოს.

რა გავლენა ექნება საპენსიო ფონდსა და ინვესტიციებს ეკონომიკაზე?

ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი პაპავამ On.ge-ს უთხრა, რომ შესაძლოა ინვესტირება კერძო კომპანიების ობლიგაციებშიც განხორციელდეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი სახელმწიფო ვალის გაზრდას მოხმარდება, ანუ სახელმწიფო ფულს საპენსიო ფონდიდან ისესხებს.

გიორგი პაპავა

ფოტო: 2030

პაპავას თქმით, ეკონომიკური დაღმავლის პერიოდში, შემოსავლების შემცირების გამო სახელმწიფო შიდა ვალებს იღებს:

"ხშირად, ამ ფულს სწორედ საპენსიო ფონდებიდან იღებენ და აგრძელებს იმ დონემდე ხარჯვას, რაც ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი არ არის. ეს კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას იწვევს".

მისივე თქმით, ახალი სისტემის შემოღებით, ადამიანის დასაქმება უფრო ძვირი დაჯდება, რადგან დამსაქმებელს დამატებითი სავალდებულო ხარჯების გაწევა მოუწევს. იქნება შემთხვევები, როდესაც 4-პროცენტიან შენატანს დამსაქმებელი მთლიანად გადაიტანს დასაქმებულზე და ისევ დასაქმებულის ხელფასს მოაკლდება.

მისივე განმარტებით, მოთხოვნა-მიწოდებისას "ძალაუფლება" ყველაზე ნაკლები აქვს დაბალი უნარების მქონე დასაქმებულებს. მაგალითად, მაღაზიებში კონსულტანტებს, რომლებიც დაბალ ხელფასზე მუშაობენ და სწორედ მათზე იქნება ყველაზე მეტი წნეხი.

პაპავას თქმით, მეტი დანაზოგი, ნაწილობრივ, ხელს უწყობს ეკონომიკას, თუმცა დანაზოგი დასაქმების უფრო გართულების ხარჯზე კეთდება.

"თუ გაძვირდა ადამინის სამსახურში აყვანა, დამსაქმებელს უფრო ნაკლები მოტივაცია ექნება. შრომის ბაზარზე ჩვენ ვაძვირებთ ადამიანის სამსახურში აყვანის ფასს. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს".

როგორც პაპავა ამბობს, დიდი მნიშვნელობა ექნება დაგროვებული თანხმებით, ინვესტიციები ქვეყნის შიგნით განხორციელდება თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

არ შეიძლება ჩემ მიერ დაზოგილი თანხა მოვახმაროთ საფონდო ბაზრების განვითარებასა და სინამდვილეში რა რესურსიც ძვირია ის ვიღაცას მივცეთ იაფად.

გიორგი პაპავა

"ქვეყანას საკმაოდ დაბალი საკრედიტო რეიტინგი გვაქვს და თუ გვინდა რომ ჩვენი ფული სრულად იყოს დაცული, ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ გარეთ. თუ თანხას ქვეყნის გარეთ დავაბანდეთ, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს არ შეუწყობს".

რეფორმის შემუშავების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა გრძელვადიანი იაფი სესხის შექმნას უკავშირებს. გრძელვადიანი სესხი ახლაც არსებობს, თუმცა ძვირია.

"არ შეიძლება ჩემ მიერ დაზოგილი თანხა მოვახმაროთ საფონდო ბაზრების განვითარებას. ალოგიკურია, რომ რაღაცა იყოს ძვირი, მე გამომართვა და ვიღაცას მისცე იაფად", - ამბობს პაპავა.

პაპავას განმარტებით, ცალსახა პასუხი რა გავლენას იქონიებს საპენსიო ფონდიდად გაკეთებული ინვესტიციები ეკონომიკის განვითარებაზე არ არსებობს.

"ყველაფერი ინდივიდუალურ ეკონომიკაზეა დამოკიდებული. კვლევა, რომელიც ბოლოს ვნახე [ეწერა], მოკლევადიან პერიოდში გავლენას არ ახდენს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მცირედით შეუწყობს ხელს", - ამბობს პაპავა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯრომარის, აკაკი ზოიძის თქმით, იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე ინვესტიციები გარანტირებული და კეთილსაიმედო იყოს მას სახელმწიფო ჩადებს.

"ეს იქნება გზების, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გაზიფიკაცია. საუბარი იმაზე, რომ ეს თანხები პირველი ხუთი წელი მოხმარდება სახელმწიფო ბიუროკრატიას, ტყუილია," - განაცხადა ზოიძემ On.ge-სთან საუბრისას.

ეს არის 25-წლიანი დეპოზიტი "ბანკში", ოღონდ ეს "ბანკი" ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას.

აკაკი ზოიძე

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მომავალში ინვესტიციების განსახორციელებლად კერძო ბიზნესი უნდა განვითარდეს:

"ეს არის 25-წლიანი დეპოზიტი "ბანკში", ოღონდ ეს "ბანკი" ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას".

კითხვაზე - ექნება თუ არა გავლენას საპენსიო რეფორმას დასაქმებულის ხელფასზე - ზოიძე პასუხობს, რომ ანაზღაურებაზე დასაქმებული და დამსაქმებელი თვითონ უნდა შეთნხმდნენ, სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

რა მსყიდველუნარიანობა ექნება ფონდში დაგროვებულ თანხას წლების შემდეგ?

ერთ-ერთი კითხვა წლების განმავლობაში დაგროვებულ ლარსა და შემდგომში მის მსყიდველუნარიანობას ეხება. ინფლაციისა და ლარის გაუფასურების პირობებში, 400-500 ლარს 25 წლის შემდეგ დღევანდელთან შედარებით ფასი დაკარგული ექნება.

აკაკი ზოიძის თქმით, საპენსიო ფონდის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, რომ საინვესტიციო აქტივობის მეშვეობით კონკრეტული მონაწილისთვის ისეთი უკუგება უზრუნველყოს, რომ ამან ინფლაციას გადააჭარბოს.

გიორგი პაპავას განმარტებით, შენატანს წლების შემდეგ თანხას მსყიდველუნარიანობა დაეკარგება. მისი თქმით, რისკი იზრდება თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია იქნება, ხოლო 3-4-პროცენტიანი ინფლაციის დროს პრობლემა არ შეიქმნება.

ნიშნავს თუ არა ახალი საპენსიო სისტემა ახალ გადასახადს?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის სახით ახალი გადასახადის შემოდის, რაც, კონსტიტუციით, მხოლოდ რეფერენდუმითაა შესაძლებელი.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ საპენსიო შენატანი სავალდებულო გადასახადია. მისი ნაწილი საპენსიო სააგენტოს ხმარდება, ამ რეფორმით, იზრდება ხარჯები, მცირდება შემოსავალი და სამომავლოდ, პენსიის მიღება სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იყოს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის [გადასახადების შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარება] რეგულირების სფეროში", - აღნიშნავენ საიაში.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამ აზრს არ იზიარებს. აკაკი ზოიძემ On.ge-ს უთხრა, რომ თავისი არსით ეს გადასახადი არაა და ამაზე მსოფლიოც შეთანხმდა:

აკაკი ზოიძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"სავალდებულობის მექანიზმი აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შეხთვევაში, დამერწმუნეთ, საქართველოში არავინ დააგროვებს, მითუმეტეს ახალგაზრდა ასაკში. ეს სისტემა თავის დროზე ყველა ქვეყანამ შემოიღო სავალდებულოდ და შემდეგ ნებაყოფლობითი გახდა, მას შემდეგ, რაც ადამიანები მიხვდნენ, რომ ამას აქვს სარგებელი მათთვის".

მისივე განმარტებით, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა ბიუჯეტში არ მიდის და მას მთავრობა არ განაგებს:

"დამსაქმებლის მხრიდან ეს არ არის გადასახადი, ეს არის იმ კონკრეტული დასაქმებულისთვის სახელფასო ანაზღაურების ნაწილი, უბრალოდ დროში გადაწეული".

გაამართლებს თუ არა ახალი სისტემა?

აკაკი ზოიძის თქმით, დღევანდელი პენსია საქართველოში საშუალო ხელფასის, 1 000 ლარის მხოლოდ 18 პროცენტი, 180 ლარია. მისი განმარტებით, ეს თანხა ხანდაზმულების მედიკამენტებსა და სხვა საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.

მისი განმარტებით, მთავარი მიზანია, რომ პენსია საშუალო ხელფასის 50-60 პროცენტი გახდეს, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია. ამ პრობლემის მოგვარების გზად კი ძირეული საპენსიო რეფორმა მიაჩნია.

მისივე თქმით, დაგროვებით პენსიასთან ერთად შემოვა ინდექსაციის მექანიზმი. ინდექსაციით, პენსია დამოკიდებული იქნება რაიმე ინდექსზე, რომლის გაზრდასთან ერთად თანხა იზრდება და შემცირებასთან ერთად მცირდება.

მისივე განმარტებით, დაგროვებითი პენსიისგან განსხვავებით, დღევანდელ პენსია სოციალური ხასიათისაა და დამოკიდებული არაა ადამიანის მუშაობის ხანგრძლივობაზე. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი "სოციალური პენსია" ეკონომიკურ ზრდასთან ერთად გაიზრდება.

საპენსიო სისტემას კრიტიკულად უყურებს გიორგი პაპავა. მისი თქმით, სისტემამ, რომელიც საქართველოში ინერგება არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა. პაპავას მაგალითად უნგრეთისა და პოლონეთის მოდელები მოჰყავს. ის აღნიშნავს, რომ ფინანსური პრობლემების დროს ამ ორმა სახელმწიფომ ვეღარ შეძლო ვალდებულებების შესრულება, საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა მოქალაქეებს უკან ვეღარ დაუბრუნა.

მისი თქმით, სამომავლო რისკები შეფასებული არ არის და რეფორმის ახლა დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს.

"მთავარ არგუმენტს გვეუბნებიან, რომ მოსალხეობა დაიწყებს დაბერებას და ვეღარ შევინახავთ პენსიონერებს. მაგრამ ხალხს პენსიას თვითონ უხდიან და დასაქმებულების სახელზე ორი პროცენტი შეაქვთ. თუ ფული არ გვაქვს, პენსიებს ვერ ვზრდით, მაშინ ეს ფული საიდან ჩნდება?" - ამბობს გიორგი პაპავა.

ის რეფორმის დადებით მხარეებად დაგროვებული თანხის ეკონომიკის გასაზრდელად მოხმარებასა და სამომავლოდ, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის მაღალი პენსიის მიღებას მიაჩნევს.

ვინც უმუშევარია, ან პენსიას უკვე იღებს, ფაქტობრივად, სარგებელს ვერ მიიღებენ

გიორგი პაპავა

"ვინც უმუშევარია, ან პენსიას უკვე იღებს, ფაქტობრივად, სარგებელს ვერ მიიღებენ, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი მათაც შეეხებათ. ეს პერსპეტივა ძალიან შორეულია".

აკაკი ზოიძე პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითებს გამონაკლის უწოდებს, რადგან სისტემას "სხვა მიზეზები" ჰქონდა. როგორც ზოიძე ამბობს, რისკები არის, თუმცა არის წარმატებული მაგალითებიც: ხორვატია, სამხრეთ ამერიკისა და ბალტიის პირეთის ქვეყნები.

"ყველა ეს მოდელი თავისი ძირითადი პრინციპებით ერთმანეთს ჰგავს და თითოეული ქვეყნის მოდელი განსხვავდება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებით - სავალდებულოა თუ ნებაყოფლობით სავალდებულო და კერძო საპენსიო ფონდების როლი ამ სისტემაში, როგორ ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ." - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, პარლამენტში დისკუსიების შედეგად უნდა მიიღონ ისეთი კანონპროექტი, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს რისკებს, რომელიც თავიდანვე არის ჩადებული ასეთ სისტემაში. მათ შორის, პოლიტიკური ცვლილებებისგან გამოწვეული რისკები, რამაც გავლენა იქონია პოლონეთსა და უნგრეთში.

ზოიძის თქმით, საპენსიო რეფორმის კრიტიკისას ოპონენტები ალტერნატივას არ სთავაზობენ იმისათვის, რომ მოქალაქეებს ღირსეული პენსია ჰქონდეთ:

"ჩვენ მაქსიმალურად როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ უსაფრთხოების მექანიზმების ჩადება და რეალობაზე მორგებული სისტემა მივიღოთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდა თოლორაია: ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად

ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კანონმდებლობაში არის პრობლემა და რომ არჩევნებში ჩართულმა არცერთმა უწყებამ არ იმუშავა ეფექტიანად,…