ამ კვირის დასაწყისში, მზემ დამუხტული ნაწილაკები ამოაფრქვია და დედამიწისკენ გამოაგზავნა. ჩვენს პლანეტაზე, პოლუსებთან ახლოს, გეომაგნიტური შტორმი იქნება.

12 თებერვალს, შედარებით სუსტი, C-კლასის მზიური ანთება მოხდა, რომელსაც გვირგვინული მასის ამოფრქვევა მოჰყვა. შედეგად, პლაზმა და ელექტრომაგნიტური გამოსხივება კოსმოსისკენ მიმართა - ნაწილი კი დედამიწისკენ გამოეშურა.

შეიძლება ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ მთლად უჩვეულო მოვლენა არ არის. ეს გვირგვინული მასის ამოფრქვევები დედამიწაზე ყველაზე ლამაზ მოვლენას იწვევს - პოლარულ ნათებას.

პოლარული ნათება ხდება მაშინ, როდესაც დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროში არსებულ ატომებსა და მოლეკულებს ეჯახებიან, შედეგად კი ცა ულამაზეს ფერებში ნათდება.

ჩვეულებრივი მზიური ქარებიც იწვევს პოლარულ ნათებას (როდესაც ძლიერია), თუმცა, გეომაგნიტური შტორმით გამოწვეული პოლარული ნათება განსაკუთრებით თვალწარმტაცია.

NOAA-ს გაფრთხილების მიხედვით, პოლუსებთან ახლოს მდებარე ადგილებში, როგორებიცაა კანადა, ალასკა და ციმბირი, ულამაზესად განათებული ღამეებია მოსალოდნელი.

დედამიწის მაგნიტური ველი გვიცავს მზის შტორმებისგან და სხვა საფრთხეებისგან. თუმცა, მზისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკები მაინც ახერხებენ პოლუსებზე შეღწევას და სწორედ ამიტომაა, რომ მხოლოდ პოლუსებზე შევხვდებით ასეთ ნათებას. სახელიც ზუსტად ამაზე მიანიშნებს.

თუმცა, პოლარული ნათება გეომაგნიტური შტორმის ერთადერთი ეფექტი არაა. შტორმმა შესაძლოა მაღალი სიხშირის კომუნიკაციების სიგნალებზეც მოახდინოს გავლენა, რომლებიც იონოსფეროში გადაადგილდებიან. ასევე რადიოსიგნალებზეც იმოქმედებს, რომელთა სიხშირე 30 MHz-ს ქვემოთაა, ყველა განედზე.

შტორმი GPS სიგნალებზეც იმოქმედებს იმიტომ, რომ დამუხტული ნაწილაკებით აგზნებული ატმოსფერო შეაფერხებს სიგნალებს გაგზავნას მიწაზე არსებული გადამცემიდან ორბიტალურ თანამგზავრებამდე.

საბედნიეროდ, ეს შტორმი არც ისე ძლიერია და NOAA-ს პროგნოზით, საკმაოდ მცირე შეფერხება გვექნება.

თუ თქვენ იმყოფებით განედის 65 გრადუსზე მაღლა, აიღეთ სკამი, დაჯექით და მოემზადეთ საოცარი სანახაობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, ჩრდილოეთის ციალს მხოლოდ ფოტოებზე ვნახავთ.