პროტესტი ღონისძიების პარალელურად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს, 8 თებერვალს ასი წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ის მაღალი რანგის პროფესორები, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და მოწვეული უცხოელი სტუმრები. ასევე, იყვნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წარმომადგენელი, ილია მეორე და მოსაყდრე შიო მუჯირი. ღონისძიებაზე ჯამში 700-მდე ადამიანი იყო მიწვეული.
ღონისძიების პარალელურად აუდიტორია 115-ის წევრებმა გააპროტესტეს ღონისძიებაზე დამსწრეთა შერჩევის პრინციპი. მათი თქმით, სტუდენტები აკადემიური მოსწრებით არ უნდა შერჩეულიყვნენ და ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ყველას უნდა ჰქონოდა.
"თუ აკადემიური მოსწრებით შეირჩნენ სტუდენტები, მაშინ ჩემი აკადემიური მოსწრებაც ნახეთ", - თქვა აუდიტორია 115-ის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი არობელიძემ.
როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განმარტა, იმის გამო, რომ დარბაზში მხოლოდ 700 ადამიანი ეტევა, ღონისძიებაზე დასწრებას ყველა სტუდენტი ვერ შეძლებდა.
რექტორის, გიორგი შარვაშიძის სიტყვის გამოსვლის დროს, როდესაც ის უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე საუბრობდა, პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი სოფრომაძემ დაიძახა, რომ რექტორის სიტყვები სიცრუე იყო:
"თქვენ ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ", - სოფრომაძე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა. რეპლიკის საპასუხოდ რექტორმა თქვა: "ესეც კარგია, რაც ხდება".
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, თამარ დოლბაიამ სტუდენტებს თხოვნით მიმართა, დღეს პატივი სცენ მას და უნივერსიტეტს აქცია ხვალისთვის გადადონ: "მეექვსე კორპუსი რო აიღეთ მაშინ გითხარით რამე? მე ამ წუთში გთავაზობთ იმას, რომ პატივი ვცეთ უნივერსიტეტს".
მას შემდეგ, რაც აქციის გადადებაზე სტუდენტებმა უარი განაცხადეს დოლბაიამ მათ უთხრა, რომ არც თვითონ შევიდოდა ღონისძიებაზე და სოლიდარობის ნიშნად გარეთ დარჩებოდა.
აუდიტორია 115-ის წევრებმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ჰკითხეს "დაცვის გარეშე აღარ დადიხართ?". კვირიკაშვილი მათ მიუბრუნდა და უთხრა, რომ მათთან შესახვედრად მას დაცვა არ სჭირდება და კომუნიკაციაზე მას უარი არასდროს უთქვამს.
დარაბაზის შესასვლელ კარსა და სტუდენტთა ნაწილს შორის დაცვა იდგა და მათ შიგნით არ უშვებდა. ღონისძიების დასრულებამდე დაცვის წევრებს აუდიტორია 115-ის რამდენიმე წევრი დაკავებული ჰყავდათ.
კომენტარები