კავკასიის უნივერსიტეტის 20 წლის იუბილე და ახალი კამპუსი
უნივერსიტეტების წარმატების საიდუმლო უამრავ კომპონენტს მოიცავს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კამპუსია. სტუდენტები დროის უმეტეს ნაწილს უნივერსიტეტის შენობაში ატარებენ, სადაც ლექციებს ესწრებიან, ბიბლიოთეკაში მეცადინეობენ, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მონაწილეობენ, იკვებებიან სასადილოში და ერთმანეთთან გაუჩერებლად საუბრობენ. სწორედ ეს ხდის სტუდენტობის წლებს განსაკუთრებულს და მის გარეშე უნივერსიტეტში სიარული მოსაწყენი საქმიანობა ხდება.
კავკასიის უნივერსიტეტს ბედნიერი სტუდენტობისთვის ყველანაირი პირობა აქვს. ის განათლების უმაღლესი სტანდარტებითაც გამოირჩევა, რასაც კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და განსაკუთრებულად წარმატებული სტუდენტები ადასტურებენ.
ახალი კამპუსი - ახალი შესაძლებლობები
კავკასიის უნივერსიტეტი უკვე ოცი წლისაა და 2018 წელი მისთვის საიუბილეო წელიწადია. უნივერსიტეტმა ოცი წლის იუბილე ახალ კამპუსში გადასვლით აღნიშნა, რომელიც 12 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, განათლების მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე დეპუტატები, ელჩები, რექტორები, პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ახალი კამპუსი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან ერთად დაათვალიერეს. მოგვიანებით კი, გახსნის ცერემონიაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა IAUP-ის გენერალური მდივანი ჯერალდ რეიზინგერი და კავკასიის ბიზნესის სკოლის დამფუძნებელი ბიჯან ფაზლოლაჰი.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყეს. ახალი კამპუსი, თავისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს და მასში 1911-1924 წლებში სომხური სასულიერო სემინარია ფუნქციონირებდა.
ისტორია - ნერსესიანთა სემინარია
2017 წლის სასწავლო წლიდან კავკასიის უნივერსიტეტს საკუთარი საუნივერსიტეტო კამპუსი აქვს. შენობა, რომელშიც ახლა უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა უმაღლესი ხარისხის განათლებას იღებს, ოდითგანვე ემსახურებოდა საგანმანათლებლო მისიას. სვანეთის უბნის ტერიტორიაზე განთავსებულ კამპუსში ადრე სომხური სემინარია იყო მოწყობილი. სემინარიის ისტორიას მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე მივყავართ. 1822 წელს თბილისის სომხური ეპარქიის წინამძღოლის, მთავაერეპისკოპოს ნერსეს ინიაციატივით, დღევანდელი ორბელიანის მოედანზე, სომხური სასულიერო სკოლა გაიხსნა, რომელიც 1837 წელს სომხურ სემინარიად გადაკეთდა. ნერსე სომხურ სემინარიას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და ძალღონეს არ იშურებდა, რომ მას ეფექტურად ემუშავა. 87 წლის ასაკში, სწორედ სემინარიის ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში გარდაიცვალა მთავარეპისკოპოსი ნერსე.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სომხებმა რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების ხელშეწყობით დაარსეს ჟურნალ-გაზეთები, ააშენეს ახალი ეკლესიები და გააძლიერეს სასულიერო მოღვაწეობა. სემინარიის შენობა ვეღარ იტევდა სომხების ამბიციებს, ამიტომ თბილისის სომხურმა ინტელიგენციამ და სასულიერო მოღვაწეებმა ალექსანდრე მანთაშევს, ცნობილ კაპიტალისტს, ახალი სემინარიის მშენებლობის დაფინანსება თხოვეს.
მან 1909 წელს სვანეთის უბნის ტერიტორიაზე შეიძინა მიწის ნაკვეთი და სემინარიის მშენებლობისთვის ისეთი არქიტექტორები მოიწვია, როგორიცაა მ.ნეპრინცევი და პ.ზურაბიანი. ნერსესიანთა სემინარია 1911 წელს ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის დღიდან, სემინარიაში სწავლა უდიდეს პატივად ითვლებოდა, თუმცა სამწუხაროდ მან დიდხანს ვერ იარსება. 1924 წელს მთავრობის განკარგულებით ის ოფიციალურად დაიხურა.
სემინარიის ახალი სიცოცხლე და თანამედროვე კამპუსი
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია ნერსესიანთა სემინარიის შენობის შესყიდვით 2004 წელს დაინტერესდა და შენობის საყიდლად ბევრი იშრომა, თუმცა მიზანს მაინც მიაღწია. იმ დროისთვის კავკასიის უნივერსიტეტი პირველ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა განვითარებისკენ. შენობის გარეგნული მდგომარეობა მძიმე იყო, ფაქტობრივად ყველაფერი შესაცვლელი და გასამაგრებელი გახლდათ.
ნერსესიანთა სემინარიის შენობის განახლება და თანამედროვე კამპუსად გადაკეთება კავკასიის უნივესიტეტმა მთავარ მიზნად დაისახა.
ჩვენ კავკასიის უნივერსიტეტისა და "უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის" პრეზიდენტს, კახა შენგელიას გავესაუბრეთ. კახა შენგელია IAUP-ის პრეზიდენტად 2017 წლის 3 ივლისს, სამი წლის ვადით აირჩიეს. სწორედ მან გაგვიწია უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გიდობა და შენობის აღდგენითი სამუშაოების შესახებ გვიამბო.
„პირველად რომ ვნახე ეს შენობა, აღფრთოვანებული დავრჩი. მაშინ ამერიკელები იყვნენ დაინტერესებულნი მისი შესყიდვით და დასათვალიერებლად ერთად მივედით. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებისთვის ზედმეტად დიდი შენობა იყო. მას შემდეგ სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ადგილი უნივერსიტეტის კამპუსისთვის იდეალური ადგილი იქნებოდა და ასეც მოხდა“, - ყვება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
შენობის აღდგენითი სამუშაოები პირველად 2006 წელს დაიწყო, თუმცა დროებით შეფერხდა. აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს გაგრძელდა. ამ დროისთვის კავკასიის უნივერსიტეტი უკვე წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა და მისი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა. უნივერსიტეტის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევა იდგა - მას უნდა მიეღწია მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებისთვის, ამისთვის კი თანამედროვე კამპუსის ქონა მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სივრცე, სადაც სტუდენტებს სრული კომფორტი ექნებათ, რომ კიდევ უფრო უკეთ ისწავლონ. ვფიქრობ, ეს კამპუსი არამარტო საქართველოში, მთელს კავკასიაში საუკეთესოა“, - ამბობს კახა შენგელია.
შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და რესტავრაცია კახა შენგელიას კიდევ ერთი მიზანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერსესიანთა ყოფილი სემინარია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს სურდა შენობისთვის წარსული იერსახე შეენარჩუნება და კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა. სწორედ ამიტომ, შენობის ძირითადი არქიტექტურული ელემენტები შენარჩუნებულია.
ამის შემდეგ ძველ შენობას კიდევ ერთი სართული დაემატა, სადაც დამატებითი ოთახები და აუდიტორიები მოეწყო. ადრე აქ სახურავი იყო, ახლა კი ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, აუდიტორიები, დარბაზები, კაფეტერია და ბიბლიოთეკაა განთავსებული.
კავკასიის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის გვერდით ლიტერატურული კაფეც არის, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ჩამოსხდნენ და ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნები წაიკითხონ.
კავკასიის უნივერსიტეტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. მომავალში ამავე ტერიტორიაზე სტუდენტური საცხოვრებლებისა და კლინიკის მოწყობა იგეგმება, რაც უნივერსიტეტს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს. მომავალი წლიდან კი, კავკასიის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტი შეიქმნება, სადაც სტუდენტებს ყველანაირი შესაძლებლობა ექნებათ, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ.
სტუდენტების მოსაზრებები
სოფო გოზალიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მეოთხე კურსის სტუდენტია. 2014 წლის ეროვნულ გამოცდებში კავკასიის უნივერსიტეტი მისი პირველი არჩევანი იყო და მიღებული ქულების წყალობით სწორედ არჩეულ უნივერსიტეტში მოხვდა. არჩევანი არასდროს უნანია. პირიქით, ამბობს, რომ აქ ჩაბარება მისი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
„მედიის სკოლის სტუდენტი ვარ და არასდროს მინანია ის არჩევანი, რაც ჯერ კიდევ მეცხრე კლასში გავაკეთე. ეროვნულებზე 50%-იანი გრანტი ავიღე და ჩაბარებისთანავე, ჩემი უპირველესი მიზანი იყო ის, რომ უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მომეპოვებინა და შემდეგ კურსზე უფასოდ მესწავლა. სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე უნივერსიტეტის მაგალითიდან გამომდინარე, თავიდან ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ დაფინანსებას, მაგრამ უკვე მეოთხე წელია, რაც სრულიად უფასოდ ვსწავლობ“, - ამბობს სოფო გოზალიშვილი.
უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება სოფო გოზალიშვილმა მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მოიპოვა. კავკასიის უნივერსიტეტში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს სრული დაფინანსება, ამისათვის მხოლოდ კარგად სწავლაა საჭირო, რისთვისაც ყველანაირი პირობაა შექმნილი.
კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ მისი სტუდენტები ზუსტად პასუხობდნენ თანამედროვე გამოწვევებს და დასაქმების ბაზარს მიღებული უნარების წყალობით ადეკვატურად პასუხობდნენ.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ უნივერსიტეტმა თეორიულთან ერთად მომცა ძალიან დიდი პრაქტიკული ცოდნა და ზუსტად ვიცი, რომ სამსახურში პირველად მისულს, მიკროფონის დაჭერაც მეცოდინება, სტატიის დაწერაც, სამონტაჟო პროგრამებიც და გადაღებაზეც დამოუკიდებლად შევძლებ წასვლას“, - აღნიშნა სოფო გოზალიშვილმა.
ამ წლების განმავლობაში სოფოს და მის თანაკურსელებს არაერთი ჟურნალისტური პროდუქტი აქვთ შექმნილი. მათ გამოცდილება აქვთ როგორც რადიო, ისე ბეჭდურ და სატელევიზიო ფორმატში მუშაობის. ამის მაგალითია იმიტირებული საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც სტუდენტები პერიოდულად აკეთებენ ხოლმე და ლაივ რეჟიმში გადაიცემა.
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზარდა. პატარა სივრციდან, უნივერსიტეტის სტუდენტები რესტავრირებულ ისტორიულ შენობაში გადავიდნენ, სადაც სწავლა უფრო სასურველი და კომფორტული გახდა.
„ამ ახალ კამპუსს ძალიან დიდხანს ველოდით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირადად ჩემმა მოლოდინმა გაამართლა. თვითონ შენობა გარედან არის ძალიან ძველი, როგორც ვიცი, წლების მანძილზე სასულიერო სემინარია იყო და პირვანდელი სახე დღემდე შემორჩენილი აქვს. შიგნით კი ძალიან თანამედროვედ არის აღჭურვილი და ყველანაირი გარემოა იმისთვის, რომ სწავლისთვის კარგი პირობები გვქონდეს. პირველად რომ ვნახე, ჰოგვორტსის ჯადოქრობის სკოლა გამახსენდა და ყოველ მისვლაზე ეს ასოციაცია მიჩნდება“, - ამბობს სოფო გოზალიშვილი.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ამბობს, რომ ასეთი კეთილმოწყობილი გარემო პირდაპირ აისახება სწავლის მოტივაციასა და ხარისხზე.
„პირადად ჩემთვის, კარგი გარემო პირდაპირ აისახება სწავლის მოტივაციაზე. ეს ალბათ იმიტომ, რომ რაც უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, უფრო პროდუქტიული ვარ. რამე ფილმში თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი უნივერსიტეტის ნახვისას, ხშირად მიფიქრია, რომ ასეთ გარემოში ალბათ ძალიან ბევრს ვიმუშავებდი. აქედან გამომდინარე, იმდენად მომწონს ჩვენი ახალი კამპუსი, რომ გამოცდების წინ ჩვენს ახალ ბიბლიოთეკაში, სიამოვნებით ვიმეცადინებ,“ - აღნიშნა მან.
უნივერსიტეტის ახალი კამპუსით მოხიბლულია ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე საყვარელიძეც. მან კავკასიის უნივერსიტეტში 2015 წელს ჩააბარა და ამჟამად მარკეტინგის განხრით აგრძელებს სწავლას.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ყოველთვის კარგი ლექტორები ასწავლიდნენ, აქამდე კამპუსი არ გვიწყობდა ხელს, რომ მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო სტუდენტობის პერიოდისგან. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია. ახალი კამპუსი ყველა გამოწვევას სათანადოდ პასუხობს, ძალიან კომფორტულია და აქ სწავლა ერთი სიამოვნებაა“, - ამბობს ელენე საყვარელიძე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კამპუსს აქვს, არის ძალიან დიდი ეზო, სპორტული მოედანი, თანამედროვე კაფეტერია, კეთილმოწყობილი აუდიტორიები და კომფორტული ბიბლიოთეკა. ყველაფერი ერთად კი, იდეალურ გარემოს ქმნის“, - აღნიშნა ელენე საყვარელიძემ.
სტუდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ადმინისტრაცია მთლიანად არის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართული და სტუდენტებს ყოველთვის გვერდში უდგას.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება. მას შემდეგ უნივერსიტეტმა გრძელი გზა გაიარა და დღეს საქართველოში წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. დღეს კავკასიის უნივერსიტეტი 3500-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის გარდა, კიდევ ცხრა სკოლა ფუნქციონირებს: სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებების,
ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის, ახალი კინოსა და ეკონომიკის.
კომენტარები