პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებარე საგანმანათლებლო სასწავლებელმა მუშაობა შეწყვიტა. ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

ადგილობრივ მედიას ამის შესახებ კახეთის რეგიონის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, იზა ბექაურმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ორგანიზაცია 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებდა და ცენტრში 150-ზე მეტი მოსწავლე სრულიად უსასყიდლოდ იღებდა ცოდნას, პარალელურად კი ადგილობრივ ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვადასხვა პროფესიას დაუფლებოდნენ.

ბექაურის განცხადებით, ცენტრს საქმიანობა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ახალი კანონმდებლობის ფარგლებში შეაწყვეტინეს. სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა 5 ოქტმბრის დილით მიღებულმა ოფიციალურმა წერილმა — ახმეტის მერიამ ორგანიზაციას შენობის სრულად დაცლა და იქ არსებული ინვენტარის გატანა მოსთხოვა.