ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
ფოტო: kron4.com
ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ეკრანთან გატარებულ დროსა და ბავშვის განვითარებას შორის კავშირი არსებობს — ელექტრონული მოწყობილობების ხშირი მოხმარებისას ბავშვებში სწავლის, მეტყველებისა და ემოციების რეგულირების გაუარესებული მაჩვენებლები ფიქსირდება.
მკვლევრებმა ბავშვთა განვითარებაზე ეკრანის ზემოქმედების შესახებ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი სამეცნიერო მასალები გააანალიზეს. აღნიშნული მონაცემები 64 ქვეყანაში მცხოვრები 18 წლამდე ასაკის თითქმის 3 მილიონი ბავშვის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
"ჩვენი მიგნებით, ეკრანთან გატარებული მეტი დრო განვითარების მხრივ გაუარესებულ შედეგებთან ასოცირდება, მათ შორის სწავლის, აზროვნების, მეტყველების, ქცევისა და ემოციების რეგულირების კუთხით", — განუცხადა CNN-ს კვლევის მთავარმა ავტორმა, კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) ფსიქოლოგიის პროფესორმა, შერი მადიგანმა.
მადიგანი აღნიშნავს, რომ კავშირების უმეტესობა შედარებით მცირე იყო:
"ამის მიუხედავად, მცირე არ ნიშნავს უმნიშვნელოს. განსაკუთრებით ისეთ ზემოქმედებაზე საუბრისას, როგორიცაა, მაგალითად, ეკრანთან გატარებული დრო, რაც ბავშვების ცხოვრებაში თითქმის უნივერსალურია".
მისივე თქმით, შედარებით ახალმა კვლევებმა ეკრანის მოხმარებასა და ბავშვის განვითარებას შორის ბევრად უფრო ძლიერი კავშირი აჩვენა, ვიდრე ძველმა მონაცემებმა. მეცნიერი ამას ტექნოლოგიების ცვლილებით ხსნის:
"ოცი წლის წინ ბავშვს შეეძლო, სატელევიზიო პროგრამის ყურებაში ერთი საათი გაეტარებინა. დღეს მოწყობილობები ყველგანაა, ჩვენს ხელშია და ისინი ასევე ინტერაქტიური, ჩამთრევი და ინდივიდზე მორგებულია. უკეთ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ბავშვები ტექნოლოგიებთან, არამედ ისიც, თუ როგორ ურთიერთქმედებს ტექნოლოგია ბავშვებთან".
პროფესორი მადიგანი მშობლებს ურჩევს, ნუ დაასკვნიან, რომ "ეკრანები ბავშვებისთვის თავისთავად ცუდია", არამედ მეტი ყურადღება მათი გამოყენების წესებს დაუთმონ.
"ტექნოლოგია ბავშვების ცხოვრებაში დიდ ნაწილს იკავებს. ციფრული ტექნოლოგიები მათი სწავლის, კრეატიულობისა და კავშირების მხარდასაჭერად შეიძლება შესანიშნავი ინსტრუმენტები იყოს. ამის მიუხედავად, მათ ასევე შეუძლია ჩაანაცვლოს ის, რაც ბავშვებს განვითარებისთვის რეალურად სჭირდებათ, როგორიცაა, მაგალითად, ძილი, ფიზიკური აქტიურობა, ადამიანებთან კომუნიკაცია, სწავლა და თამაში", — აღნიშნავს ის.
გაჯეტების სრულად აკრძალვის ნაცვლად, სპეციალისტი გვირჩევს, ოჯახში "ეკრანისგან თავისუფალი" დრო ან სივრცე გამოვყოთ. მადიგანის თქმით, ამ პროცესში საკუთარი როლი მთავრობამაც უნდა შეასრულოს.
"მთავრობა ბავშვების მიერ ეკრანის მოხმარების საკითხს სხვა ფაქტორების მსგავსად უნდა მოეკიდოს, რომლებიც ვიცით, რომ ბავშვთა კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული — მათ შორის ოჯახებისთვის ეკრანთან დროის გატარების რეკომენდაციების მიწოდების, განათლების, კვლევებისა და ონლაინ საფრთხეებისგან ბავშვების დაცვის უზრუნველყოფის გზით", — განმარტავს მკვლევარი.
ვინაიდან კვლევის მიგნებები მხოლოდ კორელაციურია, ეს ვერ ამტკიცებს, რომ გაჯეტების გამოყენება ამ შედეგებს პირდაპირ იწვევს.
"არ არის გამორიცხული, რომ ეკრანთან ყოფნა თავად ქმნიდეს სირთულეებს ან პირიქით — პრობლემების მქონე ბავშვები ეკრანებთან უფრო დიდ დროს ატარებდნენ", — ამბობს კვლევის თანაავტორი
ესპანეთის სარაგოსას უნივერსიტეტის სოციოლოგიის უფროსმა ლექტორმა, ტატიანა ინიგეს ბეროსპემ, კვლევას "მეთოდოლოგიურად საკმაოდ გამყარებული" უწოდა. მისი თქმით, ნაშრომი "განსაკუთრებულად დიდ" სატესტო მონაცემს ეყრდნობა.
დიდი ბრიტანეთის ლაფბოროს უნივერსიტეტის ქცევითი ეპიდემიოლოგიის პროფესორი, ესთერ ვან სლუისი, ასევე ადასტურებს, რომ ეს მაღალი ხარისხის კვლევაა. ის ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ შედეგების მიხედვით ეკრანთან გატარებულ დროში კონკრეტული ტიპის აქტივობების (სოცმედიის გამოყენება, ვიდეოთამაშები) შესახებ დასკვნას ვერ გამოვიტანთ.
კომენტარები