ავიაკომპანია Flydubai-ს ბოინგ 737 MAX-ი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივში FDB1073 რეისს ასრულებდა, საჰაერო ხომალდზე მომხდარი სერიოზული ინციდენტის გამო საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

The Times of Israel-ის ცნობით, იორდანია–საუდის არაბეთის საზღვართან ახლოს თვითმფრინავმა როგორც ზოგადი საგანგებო სიგნალი (კოდი 7700), ისე გატაცების შესახებ შეტყობინება (კოდი 7500) გადასცა. ინციდენტის დროს ხომალდმა სიმაღლე მკვეთრად დაკარგა: რამდენიმე წამში 10 კილომეტრიდან 5 კილომეტრამდე დაეშვა.

მგზავრთა ჩვენებებისა და პირველადი ცნობების მიხედვით, კაბინაში ეკიპაჟის წევრებს შორის ფიზიკური შეტაკება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა, რაზეც მეორე პილოტმა მგზავრების დახმარებით წინააღმდეგობა გაუწია.

როგორც ისრაელის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ არა მეორე პილოტი, ინციდენტი შესაძლოა დასრულებულიყო კიდევ ერთი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტით.

თვითმფრინავის სალონიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს სულ მცირე ერთი მგზავრი, რომლის პერანგზეც სისხლის კვალია. ავიალაინერთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამანადგურებლები ააფრინეს, თუმცა თვითმფრინავი საბოლოოდ უსაფრთხოდ დაეშვა საუდის არაბეთში. Flydubai-მ ტაბუკში დამატებითი თვითმფრინავი გაგზავნა, რათა დარჩენილი მგზავრები თელ-ავივში გადაეყვანა.