საქართველოს და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. დოკუმენტს ხელი ნიუ იორკში პრემიერმა კობახიძე და ნაურუს პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. ამის შესახებ კობახიძე X-ზე წერს.

კობახიძის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა. მისი თქმით, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ პროტოკოლს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოსა და ნაურუს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს ხსნის. კობახიძე ასევე ამბობს, რომ მომავალ წლებში ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას ელიან.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების განცხადებაში ეწერა ისიც, რომ საქართველო გამოთქვამდა მზადყოფნას დაემყარებინა ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები.