მაია ბითაძეს პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე ჩაანაცვლებს. ხუროძე ქართული ოცნების პარტიულ სიაში შემდეგია, ვინც ადგილმონაცვლე უნდა იყოს. ამის შესახებ ხუროძემ news.on.ge-ს თავადაც დაუდასტურა.

ცნობისთვის, მაია ბითაძე ორი დღის წინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად დანიშნა. ის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. დღეს პარლამენტმა კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ თორნიკე ჭეიშვილი დაამტკიცა.

ქეთევან ხუროძე ოცნების სიაში 105-ეა. ის "მეიდანი ჯგუფში" შემავალი კომპანია შპს "მეიდანია ფროფერთის" დირექტორია, რომელიც უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიაა. ასევე, სამეწარმეო რეესტრის თანახმად, იკავებს შპს "ძველი მეიდანის" და შპს "სიღნაღის ეთნოპარკის" დირექტორის პოსტსაც. გარდა ამისა,ხუროძე ფლობს 25%-იან წილს შპს "ჯეონათში", რომელიც თხილის სექტორშია.

ქეთევან ხუროძე აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცეპრეზიდენტიცაა. როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, ქეთევან ხუროძემ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2010 წელს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლა; ხოლო შემდგომ გაიარა დოქტორანტურა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქვს როგორც იურიდიულ და საგანმანათლებლო, ისე პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.