24 აგვისტოს ახალი ბრალდების წარდგენის შემდეგ, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან რიგით მე-4 წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აპირებს, საჯაროდ ესაუბროს საზოგადოებას და უთხრას "მისი სიმართლე". ღარიბაშვილი იმასაც წერს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას აღარ აპირებს და მის ინტერესებს მხოლოდ ადვოკატები დაიცავენ.

"გუშინ ხელისუფლებამ თავად დაამოწმა ჩემს მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული წერილის ავთენტურობა. საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მე ყველაფერი ვცადე და მაქსიმუმი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა ეს პროცესი, მაგრამ აღმოვჩნდი სასტიკი რეალობის წინაშე.

ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლა, უსამართლობა და ბოროტება ჩემს წინააღმდეგ. მე აღარ ვაპირებ ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას. შესაბამისად, არც სასამართლო პროცესში მივიღებ მონაწილეობას. ჩემს ინტერესებს მხოლოდ ჩემი ადვოკატები წარმოადგენენ და დაიცავენ.

აქვე ვაცხადებ, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ — არც პროკურორებს და არც მოსამართლეებს. უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ვიცი, რა და როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე და ჩავერთო პოლიტიკურ მასკარადში. მე აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში! აღარც ის მაინტერესებს, რომელ პატიმარს/მძევალს თქვენი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის მეთოდებით რას დააწერინებთ ჩემზე და რა ბრალს წამიყენებთ.

მოსახდენი უკვე მოხდა, ამიტომ, ჩემი ერთადერთი გზა და ბრძოლის იარაღი ჩემი სიმართლეა. ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე. დაე, ხალხმა განსაჯოს", — წერს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი წერილი ციხიდან 18 აგვისტოს გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ და ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას დააკისრა. ამას მოჰყვა მეორე წერილი, რომელიც 19 აგვისტოს გამოქვეყნდა. რიგით მესამე წერილი სოციალურ ქსელში — 20 აგვისტოს გასაჯაროვდა.

ირაკლი ღარიბაშვილის წერილების შესახებ წაიკითხეთ აქ: