სიფხიზლესა და ძილს შორის ზღვარი იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია — კვლევა
ფოტო: Psypost.org
ამაღამ, როცა საწოლში თვალებს დავხუჭავთ, ჩვენთან უცნაური რამ მოხდება: გონება ჩვეულებრივი ფიქრიდან სიზმარში გადაინაცვლებს, თუმცა ზუსტად იმის თქმა, ეს როდის მოხდა, შეუძლებელი იქნება. ჩვეულებრივ გვგონია, რომ საზღვარი ძილსა და სიფხიზლეს შორის ნათელია: როცა ვიღვიძებთ, ვფიქრობთ, როცა გვძინავს, სიზმრებს ვხედავთ. თუმცა ეს ზღვარი გაცილებით უფრო ბუნდოვანია, ვიდრე გვგონია. სიზმრის ნახვა ჩაძინებამდე, ხვალინდელი დღის დაგეგმვა კი ძილშიც შესაძლებელია.
ფიქრიდან სიზმრამდე და ყველაფერი მათ შორის
დავფიქრდეთ, რას ნიშნავს სიფხიზლე. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვკითხულობთ: ხმები გვესმის, სინათლე გვეცემა, კანზე ქსოვილი გვეხება. სამყაროსთან კავშირში ვართ. ძილი გარკვეულწილად საპირისპიროა: უძრავები ვართ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილები და შიგნიდან კონსტრუირებული განცდებით მოცულები: სიზმრებით.
ამ ორ მდგომარეობას შორის დროის გარკვეული მონაკვეთი არსებობს. ერთი მდგომარეობიდან მეორეში ისე არ გადავდივართ, როგორც სინათლის ჩამრთველს ვრთავთ. ეს თანდათანობითი პროცესია, რომლის დროსაც ტვინის აქტივობა ნელდება, კუნთები დუნდება და სუნთქვა ღრმავდება. გონება ფუნქციონირებას არ წყვეტს, ის უბრალოდ სხვა ფორმებს იღებს და განვლილ თუ მომავალ დღესთან დაკავშირებულ ფიქრებს, წარმავალ გამოსახულებებს, მუსიკის მცირე ნაწყვეტებს, სიზმრის ფრაგმენტებს აწარმოებს... ცნობიერების ამ ნახევრადმღვიძარე, ნახევრადმძინარე მდგომარეობას მკვლევრები ჰიპნაგოგიას უწოდებენ.
ეს განცდები წარმავალი და მუდმივად ცვალებადია, ამიტომ მათი აღწერაც რთულია და კლასიფიცირებაც. როგორ ხდება გადასვლა ფიქრიდან "ხვალ რა ვჭამო?" იქამდე, რომ "წყალქვეშ მოძრავ მატარებელში ვარ"? აქამდე ამგვარი გამოცდილებების დახარისხება კატეგორიების მიხედვით ხდებოდა, ანუ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ისინი ("ეს უცნაურად გამოიყურება, ალბათ სიზმარია") ან როდის ჩნდება ("გამოვრიცხავთ ყველაფერს, რაც სიფხიზლეში ხდება"). ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ჩაძინების პერიოდში გონებაში მრავალფეროვანი განცდები გაივლის, თუმცა უცნობი რჩებოდა, ტვინი კონკრეტულად რომელ განცდებს, როდის და როგორ წარმოშობს.
მონაცემებმა ისაუბრონ
ამ საკითხის გასარკვევად ფრანგმა მკვლევრებმა, ნიკოლა დეკატიმ (სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა) და დელფინ უდიეტიმ (კოგნიტიური ნეირომეცნიერების მკვლევარმა Inserm-ში), კვლევა ჩაატარეს. მათ წინასწარგანსაზღვრულ კატეგორიებზე უარი თქვეს, რათა თხრობის საშუალება მონაცემებისთვის მიეცათ. მკვლევრებმა ლაბორატორიაში ელექტროენცეფალოგრაფიის, ანუ EEG-ის გამოყენებით 103 მძინარე მონაწილის ტვინის აქტივობა ჩაიწერეს: თავზე განთავსებულმა ელექტროდებმა ნერვული სიგნალები დააფიქსირა, რამაც შესაძლებელი გახადა სიფხიზლის (სწრაფი ალფა ტალღები) გამიჯვნა ზერელე ძილისგან (უფრო ნელი თეტა და სიგმა ტალღები, უეცარი ძალიან ნელი ტალღებითა და ხანმოკლე რიტმული აფეთქებებით, რომლებსაც ძილის თითისტარები ეწოდება).
მონაწილეებს ძილი ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს და მარტივი კითხვა დაუსვეს: "რა გქონდათ გონებაში მაღვიძარას დარეკვამდე?" შემდეგ სთხოვეს, საკუთარი განცდა ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეეფასებინათ:
- რამდენად უცნაური იყო ის;
- რამდენად თანმიმდევრული და უწყვეტი, თუ პირიქით, ფრაგმენტული;
- რამდენად სპონტანური, ნებაყოფლობითი კონტროლის გარეშე;
- და როგორი შთაბეჭდილება ჰქონდათ, ეღვიძათ თუ ეძინათ.
სულ მკვლევრებმა ჩაძინების პერიოდში 375 განცდა შეაგროვეს. იმის ნაცვლად, რომ თავად გადაეწყვიტათ, რა ჩაითვლებოდა სიზმრად და რა ფხიზელ ფიქრად, მათ მანქანური სწავლების ალგორითმი გამოიყენეს, რომელმაც ეს განცდები "მენტალურ მდგომარეობებად" დააჯგუფა ისე, რომ წინასწარ არ განსაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ისინი.
მონაწილეთა შეფასებების საფუძველზე, ოთხივე კრიტერიუმის მიხედვით, ალგორითმმა ერთმანეთის მსგავსი განცდების ჯგუფები მოძებნა, თითქოს ის ოთხკოორდინატიან რუკაზე "ოჯახებს" ეძებდა. ზოგადად გამოიკვეთა ოთხი ჯგუფი:
- მეხსიერების ფრაგმენტები ("მამაჩემის გამოსახულება წარმომიდგა");
- გარემოსთან დაკავშირებული ფიქრები ("ქუჩის ხმებს ვუსმენდი");
- სიზმრისეული გამოსახულებები ("პატარა უცხოპლანეტელებს ვხედავდი");
- და მიზანმიმართული ფიქრები ("ვფიქრობდი, რას გავაკეთებდი ხვალ").
ამის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: სიფხიზლესა და ძილს შორის თითოეული ეს მდგომარეობა რომელ მომენტში ჩნდება?
სიზმარი ღვიძილში, ფიქრი ძილში
მკვლევრები მარტივ სცენარს ელოდნენ: რაციონალურ ფიქრებს სიფხიზლის დროს და უცნაურ გამოსახულებებს ძილში. ზოგიერთი კანონზომიერება მართლაც ამ მიმართულებით გამოვლინდა. რაც უფრო ღრმად იძინებდნენ მონაწილეები, გარემოსთან და მიზანმიმართულ ფიქრებთან დაკავშირებული მდგომარეობა მით უფრო იშვიათდებოდა.
მაგრამ, გაირკვა, რომ კვლევის მთავარი აღმოჩენა სხვა იყო: ოთხივე მდგომარეობა ყველა ეტაპზე გამოვლინდა, სიფხიზლის, ჩაძინების (N1 სტადია) და უფრო ღრმა ძილის (N2 სტადია) დროსაც კი. მკვლევრების თქმით, იმას, თუ რა გაივლის ადამიანის გონებაში, არ განსაზღვრავს, ღვიძავს მას თუ სძინავს.
ზოგიერთი შემთხვევა პარადოქსული აღმოჩნდა. ერთმა მონაწილემ, რომელიც სრულიად ფხიზლად იყო (ალფა ტალღები EEG-ზე, სიფხიზლის ნიშანი), განაცხადა: "ჭიანჭველები მაცოცდებოდნენ, ფონად კროსვორდები იყო". მეორე მონაწილემ კი, რომელსაც N2 სტადიაში ეძინა (უეცარი დიდი ნელი ტალღები EEG-ის ჩანაწერში, ძილის კლასიკური ნიშანი), უბრალოდ თქვა: "სამსახურზე ვფიქრობდი". როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ადამიანები სიზმარს ჩაძინებამდეც კი ხედავენ, ხოლო ფიქრი ძილის დროსაც გრძელდება.
ერთი საკითხი დაზუსტებას საჭიროებდა: ტვინი სიფხიზლისა და ძილის დროს სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს, ძილის დროს ის ნელდება და სინქრონიზდება. მაშ, როგორ შეიძლება სიზმრისეული განცდა გაჩნდეს როგორც სიფხიზლეში, ისე ძილშიც? ამის გასარკვევად მკვლევრები საკითხს უფრო ჩაუღრმავდნენ: ტვინის ტალღების სწრაფი ცვლილებების დასაფიქსირებლად დროის უფრო მოკლე მონაკვეთები გამოიყენეს, ტვინის ქერქის ზუსტად დასაფარად 64 ელექტროდი, ასევე, ტვინის სიგნალების უფრო ზუსტი საზომები, ვიდრე ტრადიციულად გამოიყენება.
მკვლევრებმა მენტალური მდგომარეობების ტვინისეული ნიშნები აღმოაჩინეს. მაგალითად, სიზმრისეულ გამოსახულებებს ტვინის დაშორებულ უბნებს შორის შესუსტებული კომუნიკაცია ახლდა, თითქოს ამ უბნებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა შეეზღუდა. მთავარი ისაა, რომ ეს ნიშნები ერთნაირი იყო როგორც სიფხიზლის, ისე ძილის დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტვინს ერთი და იმავე ტიპის მენტალური განცდის წარმოშობა შეუძლია, მიუხედავად სიფხიზლის ხარისხისა.
"თქვენ რას გრძნობთ ჩაძინებისას? ეს შედეგები არანაკლებ საინტერესო კითხვებს აჩენს: ყველა ადამიანს ერთნაირი მენტალური განცდები აქვს თუ არა? ერთი და იმავე თანმიმდევრობით? და გვეუბნება თუ არა ეს რამეს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ?" — კითხულობენ კვლევის ავტორები.
მკვლევრებმა ონლაინ ხელსაწყოც შეიმუშავეს, რომელსაც Drifting Minds ჰქვია. ეს დაახლოებით ოცწუთიანი კითხვარია, რომელიც ჩაძინების პერიოდში ადამიანების მენტალურ განცდებს იკვლევს. კვლევის მიზანი მოსახლეობაში ჩაძინების პროფილების იდენტიფიცირება და იმის დადგენაა, უკავშირდება თუ არა ის ასაკს, სქესსა და კულტურას, ასევე ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა შემოქმედებითობა, შფოთვა, გონებრივი ვიზუალიზაციის უნარი და ძილის ხარისხი. საბოლოო ჯამში, მკვლევრები ცდილობენ გაიგონ, რას წარმოშობს ტვინი ამ "შუალედურ" ზონაში და რას გვეუბნება ეს ჩვენ შესახებ.
კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
- ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
- ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
კომენტარები