დიდებული, უავტორო ტილო ბახუსის ტრიუმფი საუკუნეების განმავლობაში შეუმჩნეველი, იგნორირებული და სხვისთვის მიწერილი რჩებოდა. თუმცა დღეს მის ავტორს, მიხელინა ვოტიეს, ლონდონის სამეფო აკადემიაში მასშტაბური გამოფენით ზეიმობენ. წარმოგიდგენთ მის შედევრს და კიდევ იმ ოთხი ქალის გარდამტეხ ნამუშევარს, რომლებიც ხელოვნების ისტორიაში საკუთარ ადგილს საბოლოოდ იბრუნებენ.

1993 წელს, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის საცავში მუშაობისას, ხელოვნების ისტორიკოსი კატლინ ვან დერ სტიგელენი წააწყდა ეპიკურ ტილოს სახელწოდებით ბახუსის ტრიუმფი (1655–59). ის გაოგნებული დარჩა: როგორ შეიძლებოდა ეს დიდებული ნამუშევარი ასე დიდხანს მტვერში ყოფილიყო მივიწყებული? პასუხი მარტივი იყო — ის ქალის, მიხელინა ვოტიეს მიერ იყო დახატული.

ვინაიდან ქალებს, როგორც წესი, ნატურის ხატვის გაკვეთილებზე არ უშვებდნენ, მიიჩნეოდა, რომ ნახატი მიხელინას ძმას, შარლს ეკუთვნოდა. "როდესაც საქმე ქალი ხელოვანების ნამუშევრებს ეხება, ავტორობის საკითხი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", — ეუბნება ვან დერ სტიგელენი BBC-ის. მისი განმარტებით, ქალების ნამუშევრები ხშირად უავტოროა, უგულებელყოფილი და იშვიათად რესტავრირებული, რაც "დამალული ხელმოწერების" აღმოჩენის შანსს კიდევ უფრო ამცირებს. ქალთა ხელოვნება დიდხანს რჩებოდა ყურადღების მიღმა; მაგალითად, ლონდონის ეროვნული გალერეის კოლექციის მხოლოდ 1% მოდის ქალებზე.

დაახლოებით 150 წლის შემდეგ, გამოფენა მიხელინა ვოტიე, რომელიც ლონდონის სამეფო აკადემიაში გაიხსნა, იმის შეხსენებაა, რამდენად უსამართლოა ეს რეალობა. ეს ფლამანდიელი ხელოვანის პირველი გამოფენაა დიდ ბრიტანეთში და მისი შემოქმედების ყველაზე ფართო მიმოხილვა. ნაწილი უფრო ფართო ფენომენისა, სადაც ქალი ხელოვანები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ გალერეებში და ხელოვნების ისტორიაში საკუთარ ადგილს იბრუნებენ. პირველი ნაბიჯი კი იმის აღიარებაა, რომ ნამუშევარი მათია.

აი, ხუთი შედევრი, რომლებიც შეცდომით კაცებს მიეწერებოდათ:

1. ბახუსის ტრიუმფი (1655–59) — მიხელინა ვოტიე

ბახუსის ტრიუმფი

ფოტო: Kunsthistorisches Museum, Vienna

ბახუსის ტრიუმფი, რომელიც ოდესღაც ავსტრიის ერჰერცოგ ლეოპოლდ ვილჰელმს ეკუთვნოდა, არის იმდენად მასშტაბური და ამბიციური ნახატი, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში გუსტავ გლიუკმა, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის ფლამანდიური ფერწერის კურატორმა, განაცხადა, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა ქალის ნამუშევარი. თითქოს წინასწარ გრძნობდა ამ სკეპტიციზმსო, ვოტიემ ნახატის მარჯვენა მხარეს საკუთარი თავი გამოსახა: მებრძოლივით წელს ზემოთ შიშველი, რომელიც პირდაპირ ჩვენ გვიყურებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის ძმას შეცდომით მიეწერა ეს ნამუშევარი, სხვა ნახატები, რომელთაგან ზოგიერთი მას მხოლოდ 2020 წელს მიეკუთვნა, მიეწერებოდა ფლამანდიელ ოსტატებს, როგორიცაა ანტონის ვან დეიკი, რომლის ნამუშევრებსაც ვან დერ სტიგელენი ეძებდა, როდესაც თავისი მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთა.

მას შემდეგ ვოტიე აღწერილია, როგორც "საუკუნის უდიდესი მხატვრული ხელახალი აღმოჩენა". ვან დერ სტიგელენისთვის ის არის განსაკუთრებული, მრავალმხრივი ხელოვანი, რომლის მხატვრულ დიაპაზონს (პორტრეტების, ისტორიული სცენების, ნატურმორტების და ჟანრული სცენების ჩათვლით) მხოლოდ ფლამანდიელი ოსტატი პიტერ პაულ რუბენსი თუ უტოლდებოდა. ბახუსის ტრიუმფი, როგორც გამოფენის კატალოგი აცხადებს, "ახლა ფასდება, როგორც ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის ფერწერის კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა".

2. ავტოპორტრეტი წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის სახით (დაახლ. 1615–17) — არტემიზია ჯენტილესკი

ფოტო: National Gallery, London

არტემიზია ჯენტილესკი, რომლის ისტორიამაც შთააგონა ელიზაბეტ ფრიმანტლის 2023 წლის რომანი დაუმორჩილებელი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ძლიერი ქალების ხატვა დაიწყო თავის ემოციურად დატვირთულ ისტორიულ ნახატებში. მის სიცოცხლეში მასზე დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა მოგვიანებით, როდესაც 1700-იან წლებში ბაროკოს მიმართ ინტერესი შემცირდა, მისი ნამუშევრები დავიწყებას მიეცა. მაშინ ჩაითვალა, რომ ნამუშევარი ეკუთვნოდა მამამისს, ორაციოს, ან მის ახლო მეგობარ კარავაჯოს, რომელიც ცნობილია შუქ-ჩრდილების დრამატული გამოყენებით.

მე ვაჩვენებ თქვენს ბრწყინვალებას, რისი გაკეთება შეუძლია ქალს

ეს კონკრეტული ავტოპორტრეტი არტემიზიას მხოლოდ 2017 წელს მიეკუთვნა. მასზე მხატვარი გამოსახულია როგორც მეოთხე საუკუნის მოწამე წმინდა ეკატერინე იმ კბილებიანი ბორბლის გვერდით, რომლითაც მას აწამებდნენ, რაც თავად არტემიზიას ტრავმული გამოცდილების (გაუპატიურების მსხვერპლი) ერთგვარი გამოძახილია, რომელიც სასამართლოში მასზე მოძალადესთან დაპირისპირებით აწამეს. "ჯენტილესკის ნახატებმა გააძლიერა გმირი ქალი პერსონაჟების როლები", — წერს ქეთი ჰესელი წიგნში ხელოვნების ისტორია კაცების გარეშე (2022) და "შურისმაძიებელი ქალები" განმეორებად თემად აქცია.

არტემიზიას ცნობილი ნამუშევრების სია მუდმივად იზრდება. 2020 წელს, დავითი და გოლიათის გაწმენდამ დავითის მახვილზე მისი ხელმოწერა გამოავლინა, ხოლო 2023 წელს არტემიზიას სუსანა და უხუცესები ხელახლა აღმოაჩინეს სამეფო კოლექციაში. "ქალის სახელი ეჭვებს ბადებს მანამ, სანამ მისი ნამუშევარი არ იქნება ნანახი", — წერდა იგი კოლექციონერ დონ ანტონიო რუფოს 1649 წელს და მოგვიანებით დაამატა: "მე ვაჩვენებ თქვენს ბრწყინვალებას, რისი გაკეთება შეუძლია ქალს".

3. მოქეიფე წყვილი (1630) — იუდით ლეისტერი

ფოტო: Alamy

ჰოლანდიელი მხატვარი იუდით ლეისტერი სიცოცხლეში ძალიან დაფასებული იყო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მისი რეპუტაცია დაჩრდილეს კოლეგა კაცებმა და მისი ნამუშევრები ხშირად არასწორად მიეწერებოდა ქმარს, იან მინსე მოლენარს, ან ფრანს ჰალსს, რომელიც, როგორც მიიჩნევდნენ, მისი მასწავლებელი იყო.

მხიარული ჟანრული ნახატი მოქეიფე წყვილი, თავისი მუსიკითა და უხვად მომდინარე სასმლით, ატარებდა ფრანს ჰალსის ყველა ნიშან-თვისებას მანამ, სანამ 1892 წელს ხელოვნების დილერმა არ შენიშნა, რომ ჰალსის ხელმოწერის ქვეშ იმალებოდა ინიციალები JL და ვარსკვლავი (მინიშნება ლეისტერის გვარზე, რაც ჰოლანდიურად "გზამკვლევ ვარსკვლავს" ნიშნავს). მიუხედავად იმისა, რომ ლეისტერის ნამუშევრები ხარისხით ჰალსისას უტოლდებოდა, ის ხელოვნების ისტორიიდან "ამოშალეს", რადგან ცნობილი კაცი ოსტატის სახელი აუქციონზე უფრო ძვირად იყიდებოდა.

ლეისტერის კარიერა, ისევე როგორც ბევრი სხვა ქალისა ხელოვნების ისტორიაში, ბევრად უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე მისი კაცი კოლეგებისა, რადგან ხუთი შვილის აღზრდისა და ქმრის მუშაობის ხელშეწყობის გამო მალევე შეწყდა. სავარაუდოდ, ის ქმართან ერთად მოგვიანებითაც აგრძელებდა მუშაობას ზოგიერთ ტილოზე, თუმცა ნახატებს ხელს ყოველთვის ქმარი აწერდა.

4. ღმერთი (1917) — ბარონესა ელზა ფონ ფრეიტაგ-ლორინგჰოვენი

ფოტო: Alamy

მე-19 და მე-20 საუკუნეებში ქალ ხელოვანებს კვლავ ჩვეულებრივ უარყოფდნენ, როგორც მოყვარულებს. თავის გადამწყვეტ 1971 წლის ესსეში რატომ არ ყოფილან დიდი ქალი ხელოვანები?, ამერიკელი ხელოვნების ისტორიკოსი ლინდა ნოხლინი ამტკიცებს, რომ ხელოვნების კანონი დიდი ხანია განსაზღვრულია "თეთრი დასავლელი მამაკაცის თვალთახედვით", რომელიც სარგებლობს "უკრიტიკო მიღებით".

ადრეული 1900-იანების ავანგარდულმა დადაისტურმა მოძრაობამაც კი (რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ბურჟუაზიულ კონვენციებს იმის შესახებ, თუ რა ქმნის ხელოვნებას) ვერ შეძლო სტერეოტიპის მსხვრევა. პოლ ბ. ფრანკლინმა წიგნში ქალები დადაში (1999) ის აღწერა, როგორც "ექსკლუზიურად ბიჭების კლუბი", რომელიც ქალებს ხედავდა, როგორც "მხატვრულ მუზებს და არა აქტიურ მონაწილეებს". დადას ერთ-ერთი უგულებელყოფილი პიონერი იყო ექსცენტრიული გერმანელი ფერმწერი, მოქანდაკე, პოეტი და პერფორმანსის არტისტი ბარონესა ელზა ფონ ფრეიტაგ-ლორინგჰოვენი, რომელმაც თავი გადაიპარსა, წითლად შეიღება და ძონძებისგან შექმნილ ანდროგენულ სამოსში გამოეწყო.

მისი ნამუშევარი ღმერთი, ფალოსისებრი თუჯის სანტექნიკური მილი, რომელიც ამოტრიალებული და დამაგრებული იყო ხის ყუთზე, აღიარებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული "ready-made" (ხელოვნებად გადააზრებული ყოველდღიური საგნები). 2000-იანი წლების დასაწყისამდე ნამუშევარი ამერიკელ ხელოვან მორტონ შამბერგს მიეწერებოდა, სანამ ავტორებში ოფიციალურად ბარონესას სახელსაც დაამატებდნენ — ერთი საუკუნით გვიან იმისათვის, რომ მას სიღარიბისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა.

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსელ დიუშანის ამოტრიალებული პისუარი, სახელწოდებით შადრევანი და ხელმოწერილი როგორც R Mutt, ასევე მისი ნამუშევარი იყო. ირინე გამელი წიგნში ბარონესა ელზა (2002) ციტირებს 1917 წლის წერილს, რომელიც დიუშანმა გაუგზავნა თავის დას სიუზანს, სადაც ის წერს: "ჩემმა ერთ-ერთმა ქალმა მეგობარმა მამაკაცის ფსევდონიმით 'რიჩარდ მუტი', გამოგზავნა ფაიფურის პისუარი, როგორც სკულპტურა". გამელი ამტკიცებს: "თუნდ ბარონესას მონაწილეობის საბოლოო მტკიცებულება შეიძლება არ არსებობდეს, უამრავი ირიბი გარემოება მაინც მის მხატვრულ ხელწერაზე მიგვითითებს".

5. ხვალ სამუდამოდ (1963) — მარგარეტ კინი

ფოტო: Margaret KEANE

2014 წლის ბიოგრაფიული ფილმი დიდი თვალები, რომლის რეჟისორია ტიმ ბარტონი და მთავარ როლებს ემი ადამსი და კრისტოფ ვალცი ასრულებენ, მოგვითხრობს ამერიკელი ხელოვანის, მარგარეტ კინის ისტორიას, რომლის კიჩური დიდთვალება ბავშვები საოცრად დიდი რაოდენობით იყიდებოდა ადრეულ 1960-იანებში, როგორც ნახატები, პრინტები და ღია ბარათები. მაგრამ მიიჩნეოდა, რომ ისინი კაცის ნამუშევარი იყო. ჰელენ გორილის მიერ 5000 ნახატის ანალიზმა, რომელიც მითითებულია მის წიგნში რატომ ვერ ხატავენ ქალები (2020), აჩვენა, რომ "როდესაც კაცების ნამუშევარი ხელმოწერილია, მისი ღირებულება იზრდება", ხოლო ქალებისთვის პირიქით ხდება.

ექსპონატი 224 — სასამართლოზე შექმნილი ნახატი, 1986 წლის მაისი

ფოტო: Margaret KEANE

სანამ მარგარეტი მორცხვი იყო, მისი ენაჭარტალა ქმარი უოლტერი შესანიშნავი გამყიდველი აღმოჩნდა. მან აიძულა ცოლი, ნება დაერთო, რომ მისი ხელოვნების ბიზნესის სახე გამხდარიყო და სრული აღიარება მიეღო მისი ნახატებისთვის, რომლებსაც მარგარეტი უბრალოდ ხელს აწერდა როგორც KEANE. მას შემდეგ, რაც მარგარეტი უოლტერს გაშორდა, მისმა დაჟინებულმა მტკიცებამ, რომ ნახატები მან შექმნა, გამოიწვია არაჩვეულებრივი დაპირისპირება სასამართლოში, სადაც ორივე მხარე მოლბერტის წინ დასვეს და მოსამართლის წინაშე ხატვა სთხოვეს. უოლტერმა მხრის ტკივილი მოიმიზეზა და თავისი ტილო ცარიელი დატოვა, ხოლო მარგარეტმა მყისიერად ამოსაცნობი დიდთვალება ბავშვი, ცნობილი როგორც ექსპონატი 224, ერთ საათზე ნაკლებ დროში დაასრულა.