ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ასობით სასამართლო დოკუმენტმა გამოააშკარავა ილონ მასკის, სემ ალტმანის, OpenAI-ს სხვა დამფუძნებლებისა და სხვა საჯარო პირების უხერხული ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული წერილები თუ პირადი დღიურის ჩანაწერები.

კონფლიქტის დეტალები და სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები

The Washington Post-ის სტატია.

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი და ChatGPT-ის მწარმოებელი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, მასკის მიერ აღძრული საქმის გამო მომავალ კვირას ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან. მასკი ამტკიცებს, რომ ალტმანმა და სხვებმა საკუთარი თავი გაიმდიდრეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიის დამფუძნებელი მისიის სავარაუდო ღალატის ხარჯზე.

მწვავე სამართლებრივი დაპირისპირება ორ ტექნოლოგიურ ტიტანს შორის სილიკონ ველის VIP პირების პირადი ამბების გამოაშკარავებით ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან წრეებს აშიშვლებს.

ასობით სასამართლო დოკუმენტმა გამოავლინა მასკის, ალტმანის, OpenAI-ს სხვა დამფუძნებლებისა და სხვა საჯარო პირების უხერხული ტექსტები, იმეილები თუ პირადი დღიურის ჩანაწერები. მათ შორისაა Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ზაკერბერგის პირადი შეთავაზება, გამოეყენებინა თავისი სოციალური პლატფორმები მასკის ინტერესების დასახმარებლად; მასკის მიერ Amazon-ის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჯეფ ბეზოსის შეურაცხყოფა (ორჯერ) და დღიური, რომელშიც MAGA-ს მსხვილი დონორი მილიარდერობაზე ოცნებობს.

"ოკლენდის (კალიფორნია) ფედერალურ სასამართლო დარბაზში ფეიერვერკები იქნება", — იწინასწარმეტყველა ენდრიუ სტოლტმანმა, კორპორატიულმა იურისტმა, რომელიც არ არის ჩართული საქმეში, მაგრამ ყურადღებით ადევნებს თვალს — "ჩვენ გავხდებით მომსწრენი ტიტანიკის გემბანზე 'ჰინდენბურგის' დაშვებისა; ვიცით, რომ ეს იქნება გიჟური და ბინძური პროცესი".

მასკმა და ალტმანმა OpenAI 2015 წელს ერთად დააფუძნეს, თუმცა მასკმა კომპანია 2018 წელს მწვავე კონფლიქტით დატოვა. მისი სარჩელი, რომელიც თავდაპირველად 2024 წელს შეიტანა, ამტკიცებს, რომ OpenAI-მ დაარღვია დამფუძნებელი პირობა, რომ, როგორც არამომგებიანი ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია, ტექნოლოგიას ღიად გაუზიარებდა მსოფლიოს. მასკი ამტკიცებს, რომ ალტმანმა და გრეგ ბროკმანმა (OpenAI-ს კიდევ ერთი დამფუძნებელი) შეთქმულება მოაწყვეს მასკის ხარჯზე გასამდიდრებლად. ის სასამართლოს სთხოვს ხელმძღვანელი პოზიციებიდან მათ გადაყენებას და OpenAI-ს სრულ არამომგებიან სტატუსზე დაბრუნებას.

ილონ მასკი და სემ ალტმანი ერთად საუბრობენ Vanity Fair-ის ღონისძიებაზე, 2015 წელი.

ფოტო: მაიკ ვინდლი/Getty Images

OpenAI ამბობს, რომ მასკი უბრალოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს თავისივე AI კომპანიის, xAI-ის კონკურენტს. OpenAI-ს წარმომადგენელმა მიუთითა ვებგვერდზე, სადაც კომპანია აქვეყნებს კომენტარებს დავის შესახებ. "OpenAI-დან წასვლის გამო სინანულით, კონკურენტი AI კომპანიის ჩამოშლის სურვილით და შურით მოტივირებული ილონი წლებია ავიწროებს OpenAI-ს უსაფუძვლო სარჩელებითა და საჯარო თავდასხმებით", — ნათქვამია საიტზე.

მასკმა და მისმა ადვოკატმა კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხეს. OpenAI-მ უარი თქვა ალტმანისა თუ ბროკმანის ინტერვიუზე.

აქ არის ხუთი აღმოჩენა თუ კითხვა, რომელიც Post-ის მიერ სასამართლო მასალების განხილვისას გამოიკვეთა:

რა მოხდა 2017 წლის Burning Man-ზე?

ნევადის უდაბნოში ყოველწლიური ფესტივალი პილიგრიმობაა როგორც კონტრკულტურის წარმომადგენლებისთვის, ისე სილიკონის ველის ელიტისთვის. OpenAI-ის იურისტებმა მასკს დაუსვეს კითხვები მისი საქმიანობის შესახებ 2017 წლის Burning Man-ზე, რაც, მათი თქმით, დაემთხვა მასკს, ალტმანს, ბროკმანსა და სხვებს შორის მოლაპარაკებების აქტიურ ფაზას OpenAI-ს არამომგებიანი სტატუსის შეცვლის თაობაზე.

მასკი ესწრება გალას მარ-ა-ლაგოში, პალმ-ბიჩი, ფლორიდა, 2024 წლის ნოემბერი.

ფოტო: საულ მარტინესი/FTWP

OpenAI-მ განაცხადა, რომ მასკს შესაძლოა ზუსტად არ ახსოვდეს ეს დისკუსიები. სექტემბრის გამოკითხვაში მასკს არაერთხელ ჰკითხეს "მარტორქის კეტამინის" (rhino ketamine) შესახებ, ნარევის, რომელიც ჩვეულებრივ შედგება ჰალუცინოგენური და საანესთეზიო წამლის, კეტამინისა და ამფეტამინის სტიმულატორებისგან.

მასკმა ჩვენებაში განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რა იყო "მარტორქის კეტამინი" და არ ახსოვდა მისი მოხმარება ღონისძიებაზე. მას მანამდე აღიარებული აქვს კეტამინის მოხმარება, რომელიც, მისი თქმით, დეპრესიის სამკურნალოდ ჰქონდა გამოწერილი.

ამონარიდი ილონ მასკის ჩვენებიდან, 2025 წლის 26 სექტემბერი.

მასკის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ Burning Man-ისა და ნარკოტიკების შესახებ კითხვების დასმა სასამართლოზე იქნებოდა "პროვოკაციული" და "შეუსაბამო" და მოითხოვეს ამ თემების გამორიცხვა. ფედერალურმა მოსამართლემ, ივონ გონსალეს როჯერსმა, გასულ თვეში დაადგინა, რომ OpenAI-ს არ შეუძლია კეტამინის ხსენება სასამართლოში, თუმცა Burning Man-ის თემა დასაშვებია.

"მასკის დასწრება Burning Man-ზე 2017 წელს რელევანტურია იმასთან დაკავშირებით, რა ყურადღებას აქცევდა ის მოლაპარაკებებს OpenAI-სთან, რომელიც სავარაუდოდ იმავე პერიოდში ხდებოდა", — დაწერა მან და ასევე აღნიშნა, რომ კეტამინის მოხმარებით გამოწვეული "მეხსიერების სავარაუდო ხარვეზი" შესაძლოა რელევანტური ყოფილიყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ OpenAI-ის იურისტებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მასკის მიერ ნარკოტიკის მოხმარებას.

მასკის სავარაუდო საიდუმლო აგენტი OpenAI-ში ასევე იყო მისი ოთხი შვილის დედა

შივონ ზილისი მასკის დიდი ხნის მოკავშირეა და მის რამდენიმე კომპანიაში მუშაობდა. ის მოქმედებდა როგორც "ილონის მომთვინიერებელი" OpenAI-სთვის, განაცხადა ალტმანმა ჩვენებაში. კომპანია ამბობს, რომ ის დირექტორთა საბჭოში 2020-დან 2023 წლამდე მუშაობდა. საქმის მასალებში შედის ტექსტური შეტყობინებები, სადაც წყვილი თითქოს განიხილავს, როგორ შეუძლია ზილისს მასკისთვის ინფორმაციის მიწოდება OpenAI-ს შიგნიდან.

OpenAI ამტკიცებს, რომ ზილისი ფარულად აწვდიდა ინფორმაციას მასკს OpenAI-ს საზიანოდ და რომ ის მხარს უჭერს მის პრეტენზიას, თითქოს ალტმანმა და სხვებმა სტრუქტურა მასკის სურვილის საწინააღმდეგოდ შეცვალეს.

2022 წელს საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ზილისს და მასკს წინა წელს ტყუპები შეეძინათ. წყვილს ხანმოკლე რომანი 2016 წლისთვის ჰქონდა, თქვა ზილისმა ჩვენებაში. ახლა მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ და რომანტიკულ ურთიერთობაში არიან. OpenAI ამტკიცებს, რომ ზილისის სანდოობა შელახულია იმით, რაც კომპანიის თქმით იყო "ფარული" რომანტიკული ურთიერთობა მასკთან.

ზილისს კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხია. დოკუმენტებს შორის, რომლებსაც OpenAI მოიხმობს, არის მიმოწერის ფრაგმენტი მასკსა და ზილისს შორის, რომელიც შედგა 2018 წელს, მასკის მიერ OpenAI-ის საბჭოს დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე. ზილისი მასკს ეკითხებოდა, უნდა დარჩენილიყო თუ არა "ახლოს და მეგობრულად" OpenAI-სთან, რათა "ინფორმაციის დინება" გაეგრძელებინა. (2023 წლის მიმოწერის ერთ-ერთმა ჯაჭვმა, რომელიც სასამართლო მასალებში მოხვდა, ასევე აჩვენა, რომ მასკი ზილისის ტელეფონში შენახული იყო სახელით "შრედინგერის კატა". როგორც ჩანს, მასკს სიამოვნებს ამ სამეცნიერო ექსპერიმენტზე მითითებები).

გონსალეს როჯერსმა გასულ თვეში დაადგინა, რომ მასკის ურთიერთობა ზილისთან "მაღალი რელევანტურობისაა ზილისის სანდოობისა და მისი, როგორც მასკსა და OpenAI-ს შორის ინფორმაციის გამტარის როლის შესაფასებლად".

მარკ ზაკერბერგი პირადად სთავაზობდა მასკს დახმარებას და ინფორმაციას

ზაკერბერგი და მასკი წლებია სიტყვიერად უპირისპირდებიან ერთმანეთს და 2023 წელს ფიზიკურ ჩხუბზეც კი შეთანხმდნენ (რაც არ მოხდა). თუმცა, სასამართლო მასალებში არსებული შეტყობინებები აჩვენებს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც ზაკერბერგმა თავად მიმართა მასკს დახმარების ან ინფორმაციის შეთავაზებით.

ფოტო: Getty Images

მას შემდეგ, რაც 2025 წლის თებერვალში გამოქვეყნდა სტატიები მასკის სამთავრობო პროექტის, DOGE-ს შესახებ, რამაც მისი რამდენიმე თანამშრომლის ვინაობა გაამჟღავნა, მასკმა საჯაროდ დაიჩივლა, რომ ეს გამჟღავნება შესაძლოა კრიმინალური აქტი ყოფილიყო.

ზაკერბერგმა მასკს მისწერა, რომ Meta-ს გუნდები "სრულ მზადყოფნაში" იყვნენ, რათა წაეშალათ პოსტები, რომლებიც შეიცავდა პირადი მონაცემების გასაჯაროებას (დოქსინგს) ან მუქარას. ზაკერბერგმა აღნიშნა, რომ მასკს შეეძლო მისთვის ეცნობებინა "კიდევ რამით თუ შეეძლო დახმარება".

მარტში ამ მიმოწერის გამჟღავნების შემდეგ ზაკერბერგი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მას დადებული ჰქონდა პირობა, რომ Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს კონტენტის მოდერაციისგან მეტ თავისუფლებას მისცემდა, ხოლო სკეპტიკოსები გასულ წელს ამბობდნენ, რომ მასკი ჩიოდა იმ ონლაინ აქტივობაზე, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით იყო დაცული. Meta-ს წარმომადგენელმა უარი თქვა კომპანიის ან ზაკერბერგის სახელით კომენტარის გაკეთებაზე.

აღმასრულებელთა დაპირისპირების პარალელურად, ალტმანიც პირფერობდა მასკის მიმართ.

2023 წლის მიმოწერაში, მას შემდეგ რაც მასკმა OpenAI-ში იმედგაცრუების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, ალტმანმა მასკს მისწერა, რომ ის მისი "გმირი" იყო და მიანიშნა, რომ Tesla-ს თანამშრომლების გადაბირებით ზიანს არ მიაყენებდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, ალტმანმა ზილისს ჰკითხა, ხომ არ ჯობდა "რაიმე კარგი დაეწერა ილონზე Twitter-ში", რადგან, ალტმანის თქმით, მასკი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა OpenAI-ს დაფუძნების ამსახველი ფოტოდან მისი ამოჭრის გამო.

მასკი ფიქრობს, რომ ჯეფ ბეზოსი "ინსტრუმენტია"

OpenAI ყოველთვის საჭიროებდა დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეებს თავისი AI ამბიციებისთვის. საქმის მასალები აჩვენებს, რომ მასკი ან ალტმანი არაერთხელ სთხოვდნენ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს უფასო ან ფასდაკლებულ კომპიუტერულ რესურსებს.

მარკ ზაკერბერგი, ლორენ სანჩეს ბეზოსი, ჯეფ ბეზოსი, სუნდარ პიჩაი და ილონ მასკი 2025 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე.

ფოტო: ჯულია დემარი ნიკინსონი/AFP/Getty Images

2016 წლის იმეილში მასკმა ალტმანს მისწერა, რომ ურჩევნია Microsoft-ის სიმძლავრეებს დაეყრდნოს და არა Amazon-ისას, რადგან თვლიდა, რომ ბეზოსი "ცოტა არ იყოს, ხელსაწყოა" (a bit of a tool), Microsoft-ის დირექტორი სატია ნადელა კი არა.

OpenAI საბოლოოდ Microsoft-თან წავიდა, რომელიც ასევე OpenAI-ს მსხვილი ინვესტორი და მასკის სარჩელის ერთ-ერთი მოპასუხეა. მასკს ძველი უთანხმოება აქვს ბეზოსთან მათი კონკურენტი კოსმოსური პროექტების გამო. სექტემბრის ჩვენებაში მასკმა კვლავ დაადასტურა ბეზოსის მისამართით ნათქვამი ეპითეტი. "ის შეიძლება იყოს ასეთი, იცით", — უპასუხა მასკმა და დასძინა — "ჩვენ ყველას გვაქვს გამოსწორების შანსი".

ამონარიდი ილონ მასკის ჩვენებიდან, 2025 წლის 26 სექტემბერი.

ბეზოსის წარმომადგენელმა კომენტარისგან თავი შეიკავა. Microsoft-ის პრესსპიკერმა მიუთითა სასამართლო დოკუმენტზე, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის ინვესტიციები OpenAI-ში "დაეხმარა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი არამომგებიანი ორგანიზაციის დაფინანსებას" და "აუცილებელი იყო OpenAI-სთვის საკუთარი მისიის განსახორციელებლად". პრესსპიკერმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა მასკის ელექტრონულ წერილზე.

ტრამპის მხარდამჭერი აღმასრულებელი დირექტორის საიდუმლო დღიური, რომელიც საქმის ცენტრშია

გრეგ ბროკმანი, რომელმაც მუშაობა OpenAI-ის მთავარ ტექნოლოგიურ დირექტორად დაიწყო, ახლა კი მისი პრეზიდენტია, საკუთარი თავისთვის გაკეთებულ ჩანაწერებში აღწერა ის მძიმე არჩევანი ვის მხარეს უნდა დამდგარიყო კომპანიაზე კონტროლის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მასკის თუ ალტმანის.

ბროკმანის პირადი ჩანაწერები მასკის საქმის საკვანძო ნაწილია. მასკი ამტკიცებს, რომ ბროკმანმა 2017 წელს გამოავლინა პირადი გამდიდრების სურვილი, როდესაც ჩანაწერებში საკუთარ თავს ჰკითხა: "ფინანსურად რა მიმიყვანს 1 მილიარდ დოლარამდე?"

ამონარიდი გრეგ ბროკმანის დღიურიდან:

"რამხელა პერსპექტივაა. ეს ჩვენი ერთადერთი შანსია, რომ ილონისგან თავი დავიხსნათ. არის ის ისეთი "დიდებული ლიდერი", როგორსაც მე ავირჩევდი? ჩვენ ნამდვილად გვაქვს შანსი, რომ ეს განვახორციელოთ. ფინანსურად რა მიმიყვანს 1 მილიარდ დოლარამდე?"

გასული წლის ჩვენებაში ბროკმანმა თქვა, რომ ეს დაწერა მაშინ, როდესაც ფიქრობდა, რა იქნებოდა მისი ფინანსური მოტივაცია, თუ OpenAI მომგებიან ბიზნესად გადაიქცეოდა. თქვა, რომ მისი მთავარი მოტივაცია მაინც OpenAI-ს მისიის გაგრძელება იყო. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში დაწერა: "დიდ პატივს ვცემ ილონს, მაგრამ ის, როგორ ამოგლიჯა ფრაზები ჩემი პირადი დღიურიდან, ყოველგვარ პატიოსნებას სცილდება".

ბროკმანი და მისი მეუღლე საკმარისად გამდიდრდნენ იმისთვის, რომ გამხდარიყვნენ MAGA Inc.-ის (დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ფონდი) ერთ-ერთი უმსხვილესი დონორები.

დღიურის სხვა ნაწილში ბროკმანი წერს, რომ არასწორი იქნებოდა კომპანიის მომგებიანად გადაქცევა მასკის გარეშე: "არასწორი იქნებოდა მისთვის არამომგებიანი ორგანიზაციის მოპარვა... ეს მორალურად გაკოტრებული საქციელი იქნებოდა. ის ნამდვილად არ არის იდიოტი".

ილონ მასკის მიერ OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის არსებითი განხილვა 2026 წლის 27 აპრილს, ორშაბათს არის ჩანიშნული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით (რთული ვერსია)
  2. ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს მდინარეებს?
  3. ქვიზი: რამდენად მზად ხარ სამხრეთ კორეისთვის?
  4. ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
  5. Tbilisi Open Air 2026-ის შემსრულებელთა სია ცნობილია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს, დანაშაული 8 წლამდე ვადით…