ამანდა პიტი: ჩემი დამამშვიდებლის სეზონი
ორივე მშობელი ჰოსპისში მყავდა, კონტინენტის სხვადასხვა სანაპიროზე. მერე კი გავიგე, რომ მკერდის კიბო მქონდა.
ამანდა პიტის მიერ ჟურნალ The New Yorker-ისთვის დაწერილი ესსე, რომელიც აღწერს მსახიობის ბრძოლას მკერდის კიბოსთან და მის მცდელობას, ორივე მშობლის გარდაცვალების პარალელურად, გაუმკლავდეს საკუთარ დიაგნოზს.
დედას ყველაფერს ვუყვებოდი, მაშინაც კი, როცა პირველი ორალური სექსი მქონდა. ის არასდროს გაურბოდა უხერხულ თემებს. ზედაპირული საუბრები მისი ბუნებისთვის წყევლასავით იყო. ოთხმოციანებში ორივე ფსიქოანალიზს გავდიოდით, ის კი, ამავდროულად, ფსიქოანალიტიკოსობას სწავლობდა. განვიხილავდით ჩვენს ფსიქოანალიტიკურ გადატანებს, სიზმრებს, ბავშვობას. როცა ქასთინგზე უმაკიაჟოდ და გაუპარსავი ზედა ტუჩით მივედი, ეს "წარმატების ნევროზი" იყო. როცა მან გადაჭედილ ლიფტში ჯეკ ნიკოლსონს სიგარაზე ნაფაზი სთხოვა, "პენისის შური". არაფერი რჩებოდა გამოუმზეურებელი. ამიტომაც, უცნაური იყო, რომ გასულ შემოდგომაზე არ ვუთხარი, რომ კიბოს დიაგნოზი დამისვეს.
წლების განმავლობაში მეუბნებოდნენ, რომ "მკვრივი" და "რთული" მკერდი მაქვს, ეს კომპლიმენტი კი არა, გაფრთხილება იყო, რომ დამატებითი კონტროლი მჭირდებოდა. ყოველ ექვს თვეში მკერდის ქირურგთან დავდიოდი შემოწმებაზე. შრომის დღის წინა პარასკევს მივედი, მეგონა, ჩვეულებრივ სკანირებაზე. ექიმი კ. გამოკვლევისას ჩვეულებრივ მესაუბრებოდა ხოლმე, მაგრამ ამჯერად გაჩუმდა. მითხრა, რომ ულტრაბგერაზე რაღაც არ მოეწონა და ბიოფსიის გაკეთება სურდა. პროცედურის შემდეგ მითხრა, რომ ნიმუშს თავად მიიტანდა კლინიკაში და პირადად ჩააბარებდა პათოლოგანატომიის განყოფილებას. მაშინ ყველაფერი ნათელი გახდა.
მეორე დილას ექიმი კ.-ს ტექსტური შეტყობინებით გავიღვიძე. მწერდა, რომ წინასწარი პასუხი ჰქონდა. სიმსივნე თითქოს პატარა ჩანდა, მაგრამ დასვენების დღეების შემდეგ MRI დამჭირდებოდა "დაავადების გავრცელების" დასადგენად. სამშაბათს ასევე გავიგებდით რეცეპტორების სტატუსს, რაც მიუთითებს იმაზე, რამდენად აგრესიულია კიბოს ფორმა. "ეს ძაღლებივითაა", — ამიხსნა მან — "ერთ მხარეს პუდელები არიან, მეორე მხარეს კი პიტბულები".
დავურეკე ჩემს ორ უახლოეს მეგობარს, რომლებიც მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ. დავურეკე დას ფილადელფიაში და ჩემს ქმარს, დევიდს, რომელსაც ჩვენი ორი უმცროსი შვილი, თხუთმეტი წლის მოლი და ათი წლის ჰენრი, ფეხბურთის ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. დედაჩემი ჩვენი სამზარეულოდან ოციოდე ნაბიჯში, პატარა კოტეჯში ცხოვრობდა, მაგრამ აზრად არ მომსვლია მისთვის მეთქვა, რადგან ის პარკინსონის დაავადების ფინალურ სტადიაში იყო. ის ისევ მცნობდა და ხანდახან ჩემს კითხვებზე "კი"-ს ან "არა"-ს მპასუხობდა, მაგრამ ყოველთვის სიცარიელეში ყურებას უბრუნდებოდა.
დევიდმა დამაფიცა, ინტერნეტს არ გაეკაროო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მანამდე მოვასწარი "ლობულარული კიბოს" დაგუგვლა და გავიგე, რომ უფრო გავრცელებულ, სადინროვან ფორმასთან შედარებით, ლობულარული "ვერაგი" და "ფარულია", რადგან ძაფისებური ფორმებით იზრდება, რაც შეიძლება ნორმალურ ქსოვილად მოგეჩვენოს. მაშინაც კი, თუ გაგიმართლათ და სკანირებაზე დაინახეთ, მისი ზომა ხშირად სათანადოდ არ ფასდება. და მთავარი დარტყმა: "ათ წელიწადში... გადარჩენის შანსი ორჯერ ნაკლებია".
ყველაფერმა გულისამრევი სიმძაფრე შეიძინა: ჩვენი შაბათის საუზმის ადგილის ხმაურმა, სადაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ მე და ჩემი დაქალები ცნობილი ადამიანების ბოლო პლასტიკურ ოპერაციებს ვათვალიერებდით და ჩვენს ჩამოწელილ ლოყებზე ვწუწუნებდით; სანტა-მონიკას მთებმა, რომლებიც ხანძრის შემდეგ სიცოცხლეს უბრუნდებოდნენ; სამზარეულოს მაგიდაზე ჰენრის ფეხბურთის კბილების დამცავმა, რომელზეც მისი კბილების ანაბეჭდი იყო დარჩენილი; მოლის საძინებლის კარზე მიკრულ ფურცელზე დაწერილმა გაბრაზებულმა მესიჯმა ("პირველი გაკვეთილი არ მაქვს, არ გამაღვიძოთ!!!"); ფრენკიმ, ჩვენმა უფროსმა შვილმა, ლოკაციის აპლიკაციაში, მისი სახე პატარა წრეში დაფრინავდა პირველკურსელთა საერთო საცხოვრებლის თავზე; და მისმა მესიჯმა ცოტა ხნის შემდეგ, რამაც ლამის მომკლა: "დედა, სარეცხისთვის თოკით შესაკრავი ჩანთა მჭირდება".
ბავშვებს ჯერ ვერ ვეტყოდით, გადაწყვეტილად არაფერი ვიცოდით. მოვემზადე, რომ მოლისა და ჰენრის ტურნირიდან დაბრუნებისას მხნედ მოვჩვენებოდი, მაგრამ საბოლოოდ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ჩემმა დამ დარეკა: მამა კვდებოდა. ჩვენი მშობლები, რომლებიც დიდი ხნის წინ გაიყარნენ, ორივე ჰოსპისში იყვნენ, სხვადასხვა სანაპიროზე. დედა ივნისიდან, მამა კი მხოლოდ ერთი კვირა, ამიტომ არ ველოდით, რომ პირველი ის წავიდოდა.
ნიუ-იორკში გადავფრინდი. მამის ბოლო ამოსუნთქვას ვერ მივუსწარი, მაგრამ მისი ცხედარი ვნახე, სანამ ბინიდან წაასვენებდნენ. ჩემმა დამ, რომელიც ექიმია და ჩვეულებრივ სტოიკოსი, იტირა. მე კი უბრალოდ ვიდექი რაღაც ავბედითი ცნობისმოყვარეობით. აქამდე მკვდარი ადამიანი ახლოდან არასდროს მენახა, მით უმეტეს ასეთი ახლობელი. თმა ისევ ისეთი ჰქონდა, სქელი, მეტწილად წაბლისფერი, მე და ჩემმა დამ მადლობა გადავუხადეთ ჩვენივე ხშირი თმისთვის. მისი დამახასიათებელი ფორმის ცერა თითები, რომლებიც ერთადერთი უხეში რამ იყო მასში, უცვლელი დარჩენილიყო. მაგრამ პირი ღია ჰქონდა და ცალ მხარეს უცნაურად ჩამოვარდნოდა, კანი კი ჩონჩხზე ისე მიჰკვროდა, როგორც ვაკუუმის პარკი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ არ ვტიროდი, მაგრამ ამით მაინც დავისვენე იმაზე ფიქრისგან, რამდენი ხანი დამრჩენოდა სიცოცხლისთვის.
ორი საათის გარდაცვლილი იყო, როცა გრინვიჩ-ვილიჯის სარეიტუალო სახლიდან "გადასვენების ჯგუფი" მოვიდა: ორი კაცი შავ კოსტიუმებში, რომლებმაც ძმები ბლუზები გამახსენეს. სხვა ოთახში გასვლა შემოგვთავაზეს, სანამ მამას ნაქირავები საავადმყოფოს საწოლიდან გადაასვენებდნენ. არ ვიცოდი, ამას იმიტომ გვთავაზობდნენ, რომ გვამიდან სითხის გამოჟონვა იყო მოსალოდნელი, თუ იმიტომ, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა, გვენახა, იმ ადამიანს, რომელმაც გაგვზარდა და ვის მხრებზეც ვისხედით, როგორ დებდნენ გვამის ტომარაში, რომელიც რეკვიზიტს ჰგავდა სერიალიდან კანონი და წესრიგი. დედინაცვალთან ერთად დივანზე ვისხედით და არაფრისმთქმელ თემებზე ვსაუბრობდით, ალბათ ნაწილობრივ იმიტომ, რომ საძინებლიდან ძმები ბლუზების მუშაობის ხმა არ გაგვეგონა.
როგორც კი მამას ცხედარი თვალს მიეფარა, ისევ ჩემს კიბოზე პანიკის უფლება მომეცა. რამდენიმე წუთში მას სამუდამოდ გააგორებდნენ. გონება მოგონებებით უნდა მქონოდა სავსე, მაგალითად, როგორ გააჩერა მანქანა, რომ მე და ჩემი დისთვის Bad, Bad Leroy Brown მოესმენინებინა, რასაც მოჰყვა დისკუსია იმაზე, რატომ იყო ჯიმ კროჩე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი ლირიკოსი; ან როგორ მითხრა თერთმეტი წლისას, რომ საკუთარი თავი თავადვე უნდა მერჩინა და ფულის გამო კაცზე არასდროს ვყოფილიყავი დამოკიდებული.
ალბათ არავის უნდა გვამს გადააწყდეს, როცა ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს
ვეცადე, საკუთარ თავზე ფიქრი შემეწყვიტა. ჩემი დედინაცვლის ჰოსპისის ბროშურას გადავხედე "თვალს მიფარებული: სიკვდილის გამოცდილება", სადაც სიკვდილის ექსპერტი ბარბარა კარნესი აღწერს "გადასვლის" პროცესს კვირიდან კვირამდე, ბოლო წუთებამდე. გონებაში ჩამოვწერე, რა ეტაპები ჰქონდა დედაჩემს გასავლელი. კარნესი მოგიწოდებთ, მომაკვდავ საყვარელ ადამიანზე ისე იფიქროთ, როგორც წიწილაზე, რომელიც კვერცხიდან გამოსაჩეკად წვალობს. ბოლო გვერდებზე მისი სხვა ნაშრომები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის "მე ვდგავარ ზღვის პირას: სიკვდილისწინა გასაფერადებელი". მაღიზიანებდა, რომ ეს "ჰოსპის-ინდუსტრიული კომპლექსი" ასეთ უსუსურ ფურცლებს სთავაზობდა მგლოვიარეებს. დედაჩემის ჯგუფმა მაინც უფრო სოლიდური ბროშურა მომცა იასამნების გემოვნებიანი ფოტოებით; ეს კი პირდაპირ სტეპლერით იყო აკინძული, კარიკატურული ნახატებით, როგორიც თვითმფრინავში უსაფრთხოების ბარათებზეა, სადაც ნაჩვენებია, როგორ სასიამოვნოდ ეშვება თქვენი თვითმფრინავი წყალზე.
მამა საკმაოდ მაღალი იყო, მისი ბინა კი — ვიწრო. მორგის თანამშრომლებს გვამის ტომარა ორივე ბოლოდან ეჭირათ, როცა საძინებლიდან გამოდიოდნენ, რომელიც ვიწრო დერეფანში გადიოდა. იმის ყურება, როგორ ცდილობდნენ კუთხეში მოხვევას ისე, რომ კედლებს არ შეხებოდნენ, ფრენკის პარალელურ პარკირებას ჰგავდა: ნერვების მომშლელი პროცესი სანტიმეტრ-სანტიმეტრ. უღირსად მეჩვენებოდა, რომ მამა იმ შენობიდან, სადაც ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა, სატვირთო ლიფტით უნდა გასულიყო, მაგრამ ალბათ არავის უნდა გვამს გადააწყდეს, როცა ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს. არ მახსოვს, მადლობა გადავუხადე თუ არა იმ კაცებს, არც ბინის კარის დაკეტვის მომენტი, მაგრამ რაღაც მომენტში ეს გახდა საბოლოო და უდავო, ის "ჩვენს თვალს მიეფარა". დედინაცვალთან ერთად მისაღებ ოთახში დავბრუნდით და მის გეგმებს განვიხილავდით. ჩემმა დამ უთხრა, რომ ახლახან მკერდის კიბოს დიაგნოზი დამისვეს და სასწრაფოდ ლოს-ანჯელესში უნდა დავბრუნებულიყავით. ცოტა ხანში დავემშვიდობეთ.
როცა შენობიდან გამოვედით, მორგის მანქანა ისევ იქ იდგა ყვითელ ზონაში, Target-სა და Tower Cleaners-ის ქიმწმენდას (სადაც მამას ტანსაცმელი დაჰქონდა) შორის. საბარგულს კეტავდნენ. ტროტუარი ხალხით იყო სავსე, მაგრამ თავის მოსაბრუნებლადაც კი არავინ შეწუხებულა. ეს რაღაცნაირად გულსაკლავად უბადრუკად მომეჩვენა და, შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობის მომენტად. მაგრამ ჩვენ უბრალოდ გზა გავაგრძელეთ, როგორც ბანკის მძარცველები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გარბიან და თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არაფერ შუაში არიან მომხდართან.
ჩემი და ჩემთან ერთად დაბრუნდა ლოს-ანჯელესში. ბოლო ოცი წლის განმავლობაში პირველად, დევიდი აეროპორტში დამხვდა. ჩვენს შორის ახალი რომანტიკა გაჩნდა — ერთმანეთს ვუყურებდით, ხელებს ნაზად ვუჭერდით. ყველა ჩვენი წვრილმანი ოჯახური წყენა გაქრა, მაშინაც კი, როცა ის 405-ე ავტომაგისტრალზე გიჟივით გადავიდა. იმ შაბათ-კვირამ ჩვენი პირველი ექოსკოპია გამახსენა, როცა ფრენკიზე ვიყავი ორსულად. მაშინ ექიმმა გულისცემა ვერ იპოვა და არ იყო დარწმუნებული, ცარიელი სანაყოფე პარკი მქონდა თუ არა. თერთმეტი დღე არ ვიცოდით, იმედი გვქონოდა თუ გლოვა დაგვეწყო. "ლოდინის გარდა არაფერი შეგვიძლია", თქვა მაშინ ჩემმა დამ — "გაიგებ, როცა გაიგებ". საოცარი იყო, რომ მე და დევიდი ვიყავით მხოლოდ ორი ადამიანი მსოფლიოში, ვინც ამ უმცირესი უჯრედების გროვის გამო ასე ვნერვიულობდით.
პიტი ბავშვობაში უფროს დასთან და დედასთან ერთად, 1972 წელი
სანამ სამშაბათს და ნებისმიერ ახალ ამბავს ველოდებოდით, მეზობლად დედაჩემის სიკვდილთან ჭიდილი მძიმედ და აუჩქარებლად მიჰყვებოდა თავის დინებას. მე და ჩემი და ვფიქრობდით, გვეთქვა თუ არა მისთვის მამას გარდაცვალების შესახებ, მაგრამ შეუძლებელი იყო იმის გაგება, საერთოდ რამდენად აღიქვამდა რამეს. მისი გაუარესების ბოლო წლებში ჩვენი საუბრები სულ უფრო მოკლდებოდა, სანამ მხოლოდ ჩემი ცხოვრების პოზიტიურ, "ერთლუკმა" ამბებამდე არ დავიდა. მაგრამ მამის სიკვდილს ვერანაირად ვერ აქცევდი "თერაპიულ ტყუილად".
მთელი ზაფხული გვეგონა, რომ მისი აღსასრული ახლოს იყო. მეგობრებს წერილები დავუგზავნეთ; მისი საყვარელი უმცროსი ძმაც კი ჩამოვიდა ნიუ-ჰემფშირიდან. მაქვს ფოტოები, როგორ ემშვიდობებიან ბავშვები ივნისში, ბანაკში წასვლამდე. დაბრუნებულებს კი ის ისევ ცოცხალი დახვდა. იმდენჯერ ვუთხარი ბავშვებს, "აი, მორჩა-მეთქი", რომ თავი Peanuts-ის კომიქსის პერსონაჟი ლუსი მეგონა, ჩარლი ბრაუნს ბურთით რომ ატყუებს ხოლმე. დედაჩემს პენი ერქვა და დიდი ხნის წინ აკრძალა, "ბებიას" დაძახება; უახლოესი ადამიანებისთვის ის უბრალოდ პენი იყო — ეს სახელი ფრენკისაც ჰქვია მეორე სახელად. სანამ ფრენკი კოლეჯში წავიდოდა, ვუთხარი: "ფრენკი პენ, ეს შეიძლება შენი ბოლო დამშვიდობება იყოს". მაგრამ ჩემი სიტყვა უკვე ჩალის ფასად ღირდა. "პენს ვნახავ, მადლიერების დღეზე რომ დავბრუნდები", — თქვა ფრენკიმ. და მართალიც აღმოჩნდა
მამა გაწონასწორებული და ძალიან პრაქტიკული კაცი იყო. მისი სიკვდილი ზუსტად დაემთხვა იმას, რასაც ჰოსპისის სახელმძღვანელოები აღწერდნენ. დედას უფრო პოეტური ბუნება ჰქონდა. არასდროს გვაყიდვინებდა მზა ჰელოუინის კოსტიუმებს ან დაბადების დღის ბარათებს და ვერ იტანდა ვერაფერ "კონსერვირებულს" — რეცეპტებშიც და ცხოვრებაშიც. როცა ოჯახურ მოგზაურობებში დავდიოდით (გაყრამდე), ის და მამა ყოველთვის ჩხუბობდნენ იმაზე, რომელ სასტუმროში გავჩერებულიყავით. დედა ფიქრობდა, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ექვსზე მეტი ნომერი იყო, ტურისტული ხაფანგი გახლდათ. ის არაფერს აკეთებდა წესების მიხედვით. რატომ უნდა ყოფილიყო მისი სიკვდილი სხვანაირი?
როცა ჰოსპისში გადავიდა, მისი ოცდასამივე წამალი შევწყვიტეთ. ის გამოილია და პარალიზებული გახდა. სახის გამოძრავება და ყლაპვა შეეძლო, მეტი არაფერი. როცა გვერდზე გადავაბრუნებდით, გადაყირავებულ ურიკას ჰგავდა — საფენიდან მისი ფეხები ხის სახელურებივით იყო გამოჩრილი. აწუხებდა ყველანაირი გამონაყარი და წყლული. მისი ხელები იმპერიული ჩინეთის ქალების "ლოტოსის ტერფებს" ჰგავდა, რომელთა თითებიც არასწორი მიმართულებით იყო დეფორმირებული. წლების წინ თავის ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია გაუკეთეს, რათა ეტლს გადარჩენოდა. ისეთი გამჭვირვალე და თხელი კანი ჰქონდა, რომ თითოეული მკერდის ზემოთ საზარლად მოჩანდა იმპლანტირებული ბატარეები (რომლებიც კომპიუტერის მაუსებს ჰგავდა კუდებითურთ). პირველი, რაც რეანიმაციაში გაღვიძებისას თქვა: "ორი ბიუსტჰალტერი დამჭირდება".
მე ვერასდროს გავიცანი დედაჩემის ის ლოგინად ჩავარდნილი ვერსია, რომელიც ანდრე რიეს სტადიონების კონცერტებს ჰიპნოზირებულივით მიშტერებოდა. ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობდი, ვერ იტანდა პომპეზურობას, ცნობილ ადამიანებს და ყველაფერს, რასაც დისნეის ყალბი პრიალა სუნი ასდიოდა. 1999 წელს, სარა მიშელ გელარის ფილმის, უბრალოდ დაუძლეველის პრემიერაზე, რომელშიც მეორეხარისხოვან როლს ვასრულებდი, მას პირღიას ჩაეძინა. ჩემს აგენტს მოუწია მისთვის იდაყვის კვრა, როცა ეკრანზე გამოვჩნდი.
დედაჩემის დიდი ხნის მომვლელი, ჯერომი, გახდა მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი. დედა ისე მოიხიბლა მისით, რომ ჯერომეო შეარქვა და მას მერე ჩვენც ასე ვეძახდით. ჯერომს არასდროს აფრთხობდა მისი ემოციური სიცივე ან მისი გარეგნობა და სუნი. მე ყოველთვის მისი წარსული მე-ს ნაპერწკლებს ვეძებდი, ის კი იღებდა იმ ადამიანს, ვინც გახდა. ხანდახან ძველ დედასაც მოვკრავდი თვალს. ერთ წარბს ოდნავ აწევდა ხოლმე, როცა ვეკითხებოდი, ერთი ჭიქა ღვინო ხომ არ უნდოდა. ბოლოს, როცა ჩემი დის ქმარი მის სანახავად მოვიდა, დევიდმა ჩასჩურჩულა: "შენი საყვარელი სიძე მე ვარ, ხომ?", და მან მოულოდნელად ჩაიხითხითა.
ფიქრი იმაზე, რომ ის ისევ სადღაც იქ იყო, მაგრამ კომუნიკაცია არ შეეძლო, მოსვენებას არ მაძლევდა. ტოლსტოის ივან ილიჩი გამახსენდა, როგორ უნდოდა, მის ოჯახს შეეწყვიტა თავის მოჩვენება, თითქოს განწირული არ იყო. დედასთვის არასდროს მითქვამს, რომ ჰოსპისშია, და ეს სიტყვა მის თანდასწრებით არასდროს გამომიყენებია. როცა ექთნები მოდიოდნენ, ვეუბნებოდი, რომ ისინი ჭრილობების მოვლის სპეციალისტები იყვნენ. არასდროს მიკითხავს, იცოდა თუ არა, რომ კვდებოდა, ან ეშინოდა თუ არა. ილიჩის ცოლივით ვიყავი, რაღაც სისულელეებზე რომ ჭიკჭიკებდა, სანამ ქმარი შიშისგან პარალიზებული იწვა. მის კოტეჯში შევირბენდი და ვცდილობდი გამემხიარულებინა რაიმე დესერტით ან რამდენიმე ყლუპი ღვინით, მაგრამ ჩემი სტუმრობები მხოლოდ "ჩაქროლვა" იყო.
იმ უქმეებზე კი საერთოდ ვერ შევედი მის კოტეჯში. ჩემს ტვინში ერთდროულად მისი და ჩემი დაავადების ადგილი აღარ იყო. დავიჭირე ჩემი თავი იმაზე ფიქრში, რომ ის უკვე ადამიანიც აღარ იყო, ზედმეტად შორს წასული იმისთვის, რომ ჩემი არყოფნა ან საერთოდ რამე ეგრძნო. დანაშაულის გრძნობა მკლავდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს მხოლოდ სამშაბათამდე გაგრძელდებოდა, სანამ დოქტორ კ.-ს დაველაპარაკებოდი. ახლა რომ ვუფიქრდები, მივხვდი, რომ ის მივატოვე "მცირე განსხვავებების ნარცისიზმის" გამო; მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ გარეგნობითაც და ხასიათითაც საოცრად ვგავდით ერთმანეთს. ვერ ავიტანდი მის ნახვას, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ მასთან ერთად მეც არ ვკვდებოდი.
სამშაბათს მე და დევიდი ტელეფონებს მივშტერებოდით, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე თვის წინ, ხანძრის დროს ევაკუაციისას, როცა აპლიკაციებში ვამოწმებდით, რამდენად მოუახლოვდა ცეცხლი ჩვენს სახლს. მთელი დღე ატივანის პატარა ნატეხებს ვწუწნიდი, მაგრამ წნევა ისე მქონდა აწეული, რომ წამალს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მერე, 16:42-ზე, ექიმმა კ.-მ მომწერა: "ყველა პარამეტრი პუდელისაა!"
სამზარეულოში გავვარდი, სადაც დევიდი, ჩემი და და ბავშვები იყვნენ, და ვუთხარი, რომ დიდებს სასწრაფოდ უნდა დაგვეწყო მუშაობა მამას ნეკროლოგზე. სამივე საძინებლის კარადაში შევიკეტეთ და ჩემს ტელეფონს მივაჩერდით. ექიმი სპიკერზე ჩავრთე. მან მითხრა, რომ ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი და HER2-უარყოფითი ვიყავი. ჩემი დის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ცნობილი ონკოლოგი ბოსტონიდან, ხაზზე იყო, რათა აეხსნა, რას ნიშნავდა ეს ჩემი მკურნალობისთვის. ჩემმა დამ ტელეფონი მომიშვირა, რომ მისი მესიჯი მენახა: "უუუუ-ჰუუუუ!"
გეგონებოდათ, ექსტაზი მქონდა მიღებული. იმაზე ბედნიერი ვიყავი, ვიდრე დიაგნოზამდე, როცა უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი კიბოს გარეშე. მაგრამ ათი წუთის შემდეგ გამახსენდა, რომ MRI მაინც მჭირდებოდა და ისევ საწყის შიშს დავუბრუნდი. ექიმმა კ.-მ თქვა, რომ რადიოლოგი ლიმფურ კვანძებს შეამოწმებდა, ასევე "მარცხენა მხარესაც, რაიმე სიურპრიზი რომ არ დაგვხვდეს" და პასუხებს ერთ კვირაში მეტყოდა. ნელ-ნელა ვიაზრებდი, რომ კიბოს დიაგნოზი წვეთ-წვეთობით მოდის.
ერთხელ უძილობისას თერაპევტმა გონივრული რჩევა მომცა: ფიქრი შენი მეგობარი არ არის
აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, ვისაც შეუძლია გაურკვევლობაში ცხოვრება, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. მე ასეთი არ ვარ. ამ "გაცნობიერებულობის" (mindfulness) ამბავში სრული უნიჭო ვარ. სცენარებს ვაწყობ ხოლმე იმ საკითხებზეც კი, რაც ჩემი საქმე არაა, მაგალითად, რომელიმე თავხედი ბიჭი ჩემს ქალიშვილს გულს ხომ არ გაუტეხს. ვიცი, რომ ნერვიულობა დროის ფლანგვაა და ალბათობაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვერევი. ერთხელ უძილობისას თერაპევტმა გონივრული რჩევა მომცა: ფიქრი შენი მეგობარი არ არის.
რადიოლოგმა ლიმფურ კვანძებში ვერაფერი ნახა, მაგრამ იმავე მკერდში მეორე წარმონაქმნი აღმოაჩინა. ოპერაცია გადავდეთ და მან MRI-კონტროლის ქვეშ ბიოფსია დამინიშნა, როცა სიმსივნის ნიმუშს იღებენ, სანამ იმ დიდ თეთრ "ფუნთუშაში" (ტომოგრაფი) წევხარ. საავადმყოფოში ატივანის ბურანში მყოფი მივედი და შევავსე ფორმები, რათა ყველასთვის კიდევ მეათასედ შემეხსენებინა, რომელ მკერდში მქონდა კიბო, როდის დამისვეს დიაგნოზი, მშობლები ცოცხლები მყავდა თუ არა და რა დაავადებებით გარდაიცვალნენ. როცა უფანჯრო საოპერაციოში შევედი, ტექნიკოსს სახელი ვკითხე. "ტომი დამიძახე", — მითხრა მან — "არ მინდა ჩემი ნამდვილი სახელი იცოდე, რადგან არ მოგეწონება ის, რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ". მაშინ მივხვდი, რომ სასაკლაოს რიგში ვიდექი ისე, რომ სათანადოდ გაბრუებულიც არ ვიყავი. ჩემი ატივანის ბოთლი საავადმყოფოს გასახდელში დარჩა, ამიტომ ვცდილობდი ხელოვნური ცის ჭერზე დატანილი ფოთლების გამოსახულებაზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. ამან მხოლოდ ის გამახსენა, რომ კიბოს ბუნკერში ვიყავი.
ტომი დამეხმარა, მუცელზე დავწოლილიყავი და ჩემი მოღალატე ძუძუ ჰორიზონტალურ, სათამაშოსხელა პატარა ხვრელში ჩაეშვა. მან გამაყუჩებელი შეიყვანა, რომელიც ისეთი მტკივნეული იყო, რომ ამაზე უარესი არაფერი იქნებოდა. შემდეგ კონტრასტული ნივთიერება შეუშვეს, საეჭვო მასის გამოსაკვეთად და ბოლოს, ტომმა, სანამ ჩემი ძუძუ ჰაერში იყო გამოკიდებული, ნელა დაიწყო მისი გაბრტყელება ბარბაროსული "ვაფლის საცხობით", რომლის დანომრილი კვადრატები ნემსისთვის სამიზნის მოსაძებნად იყო საჭირო. ტომი და ექიმი კოორდინატებს ერთმანეთს გადასძახოდნენ, თითქოს "გემობანას" რაღაც გაუკუღმართებულ ვერსიას თამაშობდნენ. ტომს უნდა დაეზღვია, რომ კანი ბოლომდე დაჭიმული ყოფილიყო. თუ ხორცს სიმკვრივე აკლია (წარმოიდგინეთ ოდნავ დაჩუტული ბუშტი), ფუტურო ნემსი უბრალოდ უკან ხტება. წამოსვლისას ექიმმა მითხრა, რომ ორმოცდაათი-ორმოცდაათზე იყო კიდევ სხვა სიმსივნის არსებობის შანსი.
ორი დღის შემდეგ გავიგეთ, რომ მეორე მასა კეთილთვისებიანი იყო და მხოლოდ მცირე ოპერაცია და დასხივება მჭირდებოდა, ნაცვლად ორმაგი მასტექტომიისა თუ ქიმიოთერაპიისა. მე და დევიდმა გადავწყვიტეთ, გოგოებისთვის გვეთქვა. ჩემმა თერაპევტმა მითხრა, რომ არ იყო საჭირო ძლიერად ან უდრეკად მოვჩვენებოდი. მითხრა, რომ გაოცებული დავრჩებოდი იმით, როგორ შეუძლიათ ბავშვებს გვერდში დგომა. მოლიმ იტირა, ფრენკიმ კი, რომელიც კოლეჯიდან გვირეკავდა, ხელი პირზე აიფარა და ასე ჰქონდა, სანამ ამბის კარგი ნაწილის გადახარშვა არ შეძლო: რომ პირველი სტადია მქონდა და ქიმია არ მჭირდებოდა. ორივეს ეშინოდა, რომ რაღაცას ვუმალავდით ან პროგნოზს ვალამაზებდით. ამან დამაფიქრა, ძალიან ხომ არ შევეჩვიე "თერაპიულ ტყუილებს"? ჩემი შვილები სრულწლოვნების ზღვარზე იყვნენ. თუ გვინდოდა ახლოს ვყოფილიყავით, ერთმანეთი ღრმად გვცნობოდა, უნდა გვესწავლა რთული საუბრები.
ტომი და ექიმი კოორდინატებს ერთმანეთს გადასძახოდნენ, თითქოს "გემობანას" რაღაც გაუკუღმართებულ ვერსიას თამაშობდნენ
ტომის "ვაფლის საცხობთან" შედარებით, დასხივება არ იყო ცუდი, ბოლო ეტაპამდე, როცა ჩემი დვრილი ისე დანახშირდა და დაიბუშტა, როგორც ზედმეტად შემწვარი ზეფირი. ნოემბერი იყო და იმ წყეული უქმეების მერე დედა მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე. მაგრამ ახლა ამ მტკივნეულმა დვრილმა გამახსენა, თერთმეტი წლისამ როგორ დავუშვი შეცდომა საბერძნეთში დასვენებისას, როცა ტოპის გარეშე გარუჯვა გადავწყვიტე და ორივე დვრილი დავიწვი. დედა მთელი ღამეს ჩემთან ერთად ათენებდა და ცივ წყალში დასველებულ ბამბებს მიცვლიდა. მივხვდი, როგორ ძლიერ მენატრებოდა. ის აღარ იყო იგივე ადამიანი, რაც 1983-ში, მაგრამ მამასგან განსხვავებით, ის ჯერ აქ იყო, სამზარეულოდან ოცი ნაბიჯში. გამახსენდა, რამდენჯერ ყოფილა ბავშვობაში, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვათენებდით ღამეს ჩურჩულში. ჩვეულებრივ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩემს თავში საშინელი სცენარები ტრიალებდა. ყველაფრის გადატანა შემეძლო, სანამ ის იქ იყო და მე ამ ყველაფერს ვუმხელდი.
ეს ბოლოს თითქმის ოცი წლის წინ მოხდა, როცა ფრენკი სამშობიაროდან ახალი მოყვანილი მყავდა. ოცდათექვსმეტი საათის უძილო ვიყავი, მკერდი რძით მქონდა სავსე, მაგრამ ფრენკი ძუძუს არ წოვდა, ჩემი აღგზნებული ტვინი კი უკვე ფიქრობდა, ვვარგოდი თუ არა საერთოდ დედობისთვის. სტუმრების ოთახში ვტიროდი და დედა გვერდით მომიწვა. მან დონალდ ვინიკოტის "საკმარისად კარგი დედა" გამახსენა, რომლის კავშირი შვილთან არც არის და სულაც არ უნდა იყოს უწყვეტი. სიბნელეში თმაზე მეფერებოდა. ვგრძნობდი პარკინსონის სუსტ კანკალს, იმ ქარიშხლის პირველ ნიშანს, რომელიც ჯერ კიდევ შორს იყო, მაგრამ აუცილებლად მოვიდოდა.
როცა დედას კოტეჯში დავბრუნდი, ჯერომეომ ისე გამიღიმა, თითქოს დრო საერთოდ არ გასულიყო. მითხრა, რომ დედა ხანდახან ხილის ნაჭრებს ისევ ჭამდა, მაგრამ დაიწყო "შენახვა" — როცა პარკინსონიანი პაციენტები საჭმელს ლოყაში იჩერებენ, რადგან ღეჭვის და ყლაპვის უნარი დაკარგული აქვთ. არ მიკითხავს, რამდენი ხანი ჰქონდა დარჩენილი. ჯერომმა დაბანა, მე კი ვცადე თმა გამეშრო ფენით, მაგრამ ისე იყო დახრილი, რომ თმა სულ სახეზე ეცემოდა. კბილები თბილი ნაჭრით გავუწმინდე, ტრამადოლი დავალევინეთ, რომ ჯერომს მისი მტევნები ოდნავ გაეშალა და მე ფრჩხილები დამეჭრა. სურნელოვანი ზეთი წავუსვი კანზე და იხვის სუპი (Duck Soup) ჩავურთე, მისი ერთ-ერთი ძველი ფავორიტი, ცოტა ხნით ანდრე რიესგან დასასვენებლად.
პიტი მამასთან ერთად ქორწილის დღეს, 2008 წელი
ფოტო: კრისტიან ოტი
იანვრის შუა რიცხვებში, ჩემი პირველი სუფთა სკანირებიდან ორი კვირის შემდეგ, ჰოსპისის ექთანმა მირჩია, მორგისთვის დამერეკა. მითხრა, რომ დედა რამდენიმე დღეში მოკვდებოდა და უშუალოდ სიკვდილის შემდეგ უმეტესობას უჭირს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. ტელეფონის ნომერი მომცა, ჩემს საძინებელში შევედი, კარი დავკეტე და დავრეკე. სამოცდათხუთმეტი ათასი მენიუსა და პიანინოს მელოდიის მოსმენის შემდეგ, გაყიდვების აგენტს დავუკავშირდი, რომელმაც დედაჩემის ცხედრის ტრანსპორტირების, გაცივებისა და უტილიზაციის ფასიანი პაკეტები გამაცნო. ვიცოდი, რომ სიკვდილი ძვირია, მაგრამ ეს კაცი მპირდებოდა, რომ ფერფლად ქცევის "ლუქს" ვერსიაც არსებობდა. დავეთანხმე: პრემიუმ პაკეტი ავირჩიე და უბრალო პლასტმასის კონტეინერის ნაცვლად — "გასაბნევი ურნა". მკითხა, ჰქონდა თუ არა დედას კარდიოსტიმულატორი, რადგან მისი ამოღება დამატებითი ხარჯი იქნებოდა. ვუთხარი, რომ მკერდში ორი ბატარეა ჰქონდა და ტვინში ორი ელექტროდი. "ღუმელის ექსტრემალურ სიცხეში ნებისმიერი ბატარეა შეიძლება აფეთქდეს", — მითხრა მან. ეტყობა, სენსიტიურობის ტრენინგზე არავის უთქვამს, რომ კლიენტის საყვარელი ადამიანის "აფეთქებაზე" არ უნდა ელაპარაკა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ კრემატორიუმი ანაჰაიმში მდებარეობდა, ორიგინალური დისნეილენდის სამშობლოში. დედაჩემი იფიქრებდა, რომ ჯოჯოხეთში მოხვდა.
სენსიტიურობის ტრენინგზე არავის უთქვამს, რომ კლიენტთან საყვარელი ადამიანის "აფეთქებაზე" არ უნდა ელაპარაკა
სულ ბოლოს, ის ძალიან აფორიაქდა. გაცივდა და ფილტვებიდან ლორწოს ამოღება სჭირდებოდა, მაგრამ ხველის ძალა არ ჰქონდა. ჩემმა დამ მაჩვენა, როგორ დამეკაკუნებინა მისთვის ზურგზე და ამას მორიგეობით ვაკეთებდით. ჯერომმა სუფთა მილით სცადა ამოტუმბვა, მაგრამ ყელიდან მხოლოდ გაუხსნელი ატივანი ამოჰყვა, რომელიც მილზე ნიჟარასავით იყო მიკრული. ის კვნესას არ წყვეტდა. ვცადეთ თხევადი მორფინის მიცემა, მაგრამ შპრიცს კბილებს უჭერდა, ამიტომ ბოლოს ტუჩი ჩამოვუწიე და წამალი იმ ხვრელში ჩავუწვეთე, სადაც კბილი აკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერომი მარწმუნებდა, რომ კბენა უბრალოდ რეფლექსი იყო, მე მეჩვენებოდა, რომ ეს მისი თავდაცვის ბოლო ხაზი იყო და წასვლა არ უნდოდა. აუტანელი იყო ეს აზრი, მაგრამ ჰაერის უკმარისობით მისი გაწვალება — უარესი.
ასამოქმედებლად მორფინს დიდი ხანი დასჭირდა. ის ჭერს უყურებდა და წკავწკავებდა, ამიტომ საავადმყოფოს საწოლზე ავძვერი, რომ მის თვალთახედვის არეში მოვხვედრილიყავი. თვალებში ჩავხედე და ის დაწყნარდა. რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდით ერთმანეთს. ჩემი თინეიჯერობის იმპროვიზაციის გაკვეთილები გამახსენდა, რომლებიც მან მიპოვა, როცა ლონდონიდან ნიუ-იორკში დავბრუნდით. იმპროვიზაციისას, მაშინაც კი, თუ გარემოებები ლოგიკას ეწინააღმდეგება, შენ და შენი პარტნიორი მას ბოლომდე უნდა მიჰყვეთ. არ ვიცოდი, მხედავდა თუ მისთვის უბრალოდ ფორმების გროვა ვიყავი. ვუთხარი "howdy doodle", ის ხშირად ასე მესალმებოდა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ უსიტყვოდ მეკონტაქტებოდა და მეც იგივე გავაკეთე. დრო იწურებოდა. თანაც, მისთვის უკვე ყველაფერი მქონდა ნათქვამი.
საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით მოქმედებს სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება დაავადების განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
კომენტარები