ოდესმე ყოფილხართ ისეთ ადგილას, რომელიც მისტიკურად მოგჩვენებიათ? მიუხედავად იმისა, რომ ზებუნებრივი ახსნა შეიძლება უფრო საინტერესო გეგონოთ, შესაძლოა, ამის მიზეზი სრულიად სხვა რამ იყოს.

ამ მიზეზს ინფრაბგერა ეწოდება და ახალი კვლევა ავლენს, თუ როგორ მოქმედებს ეს ფენომენი ადამიანის სტრესის დონესა და გაღიზიანებადობაზე — სულ მცირე, მოკლევადიან პერსპექტივაში.

"წარმოიდგინეთ მიტოვებული შენობის მონახულებას იწყებთ. თქვენი განწყობა იცვლება, თავს აღელვებულად გრძნობთ, მაგრამ უჩვეულოს ვერაფერს ხედავთ ან გესმით. ძველ შენობაში დიდი შანსია, რომ ინფრაბგერა იყოს, განსაკუთრებით სარდაფებში, სადაც დაძველებული მილები და ვენტილაციის სისტემები დაბალი სიხშირის ვიბრაციებს წარმოქმნის", — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, მაკევენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, როდნი შმალცი.

ბგერა, რომელიც იმ ზღურბლზე დაბლაა, რომლის დროსაც ადამიანებს მათი ცნობიერად აღქმა შეუძლიათ — დაახლოებით 20 ჰერცი ან უფრო დაბალი — ინფრაბგერა შეიძლება იყოს. ამ ბგერებს აქვს შესანიშნავი უნარი, გადალახოს დაბრკოლებები (ნაკლები) გაფანტვის გარეშე, ამიტომ მათი გავლენა ფართოა.

ეს ბგერები შეიძლება წარმოიქმნას ძველი მილებისა და დანადგარებისგან, აქედან ჩნდება მოჩვენებებთან კავშირი. მეტიც, ეს შეიძლება წარმოიქმნას ბუნებრივი წყაროებიდან, როგორიცაა შტორმები, მიწისძვრები, ვულკანები და პოლარული ნათება. ზოგიერთი ცხოველი ინფრაბგერას კომუნიკაციასა და ნავიგაციაშიც იყენებს.

ინფრაბგერა გვხვდება ახლად აშენებულ გარემოშიც. მისი წარმოქმნა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებების, სამრეწველო დანადგარებისა და ვენტილაციის სისტემების მიერ — ყველაფერი ეს თანამედროვეობაში ხშირად გვხვდება. მეორე მხრივ, ყველა ინფრაბგერა აუცილებლად პრობლემას არ წარმოადგენს: ეს ფართო კატეგორიაა და მნიშვნელოვანი ნიუანსია.

ინფრაბგერის ასე თავისუფლად გავრცელება მეცნიერებს მის სერიოზულად აღქმას აიძულებს. ჩვენ მას საკმაოდ ხშირად ვეხებით, ამიტომ თუ გარკვეული სიხშირეები ჩვენს სხეულს მაღალი სიფხიზლის მდგომარეობაში აყენებს, ღირს გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგების გამოკვლევა.

შმალცმა და მაკევენის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა 36 სტუდენტი ჩართეს ექსპერიმენტში, რათა შეემოწმებინათ ინფრაბგერის გავლენა ადამიანებში სტრესის დონეზე.

მკვლევრებმა ისინი ოთახში მარტო დასვეს; მათ დამამშვიდებელ და შემაშფოთებელ მუსიკას ასმენინებდნენ. ასევე, მონაწილეთა ნახევარს მოასმენინეს ინფრაბგერები 18 ჰერცის სიხშირით.

შემდეგ, მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებდა მუსიკა მათზე. ასევე, სტუდენტებმა სესიამდე და სესიის შემდეგ ნერწყვის ნიმუშები ჩააბარეს, რასაც მკვლევრები იყენებდნენ კორტიზოლის დონის შესამოწმებლად, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სტრესის ბიომარკერია.

"ჩვენი დასკვნები უთითებს, რომ ხანმოკლე ზემოქმედებამაც კი შეიძლება შეცვალოს განწყობა და გაზარდოს კორტიზოლი, რაც ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, თუ როგორ მოქმედებს ულტრაბგერა ადამიანებზე რეალურ გარემოში", — აღნიშნა შმალმა.

ულტრაბგერითი ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თავს უფრო გაღიზიანებულად და არაკომფორტულად გრძნობდნენ. ისინი მუსიკას უფრო სევდიანად აღიქვამდნენ — მაშინაც კი, თუ დამამშვიდებელ მუსიკას მოუსმენდნენ.

წინა ექსპერიმენტებით უკვე ვიცოდით, რომ ინფრაბგერას შეიძლება ჰქონდეს ასეთი შემაძრწუნებელი ეფექტი, თუმცა ახალი კვლევა კორტიზოლთან კავშირზე უსვამს ხაზს. მის ფონზე, კორტიზოლი მნიშვნელოვნად მატულობდა.

"მომატებული სტრესი და კორტიზოლის მაღალი დონე ბუნებრივად არის დაკავშირებული, რადგან როდესაც ადამიანები თავს უფრო გაღიზიანებულად ან სტრესულად გრძნობენ, კორტიზოლის დონე იზრდება. ეს სტრესული რეაქციის ნაწილია", — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, ალბერტას უნივერსიტეტის ქცევითი ნეირომეცნიერი, კეილ სკატერტი.

საინტერესოა, რომ ინფრაბგერით ზემოქმედებას ორივე შედეგზე ისეთი გავლენა ჰქონდა, რომელიც ამ ბუნებრივ ურთიერთობას სცილდებოდა.

ზოგადად, კორტიზოლის დონის დროდადრო მატება ნორმალურია — სტრესის ჰორმონის სახით, ის პოტენციური საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს, რათა რეაგირება მოვასწროთ.

არსებობს თეორიები, რომ ზოგიერთი ცხოველი რეაგირებს ბუნებრივი მოვლენების, როგორიცაა მიწისძვრები და ცუნამი, ინფრაბგერაზე რეალური კატასტროფის დადგომამდე.

შესაძლოა, არსებობდეს მსგავსი მიზეზი, რის გამოც ადამიანებს ასეთი უარყოფითი რეაქციები აქვთ ინფრაბგერაზე: შესაძლოა, ეს ისეთი რამ იყოს, რისი თავიდან აცილებაც ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გვსურს.

შესაძლოა, ეს დასკვნები დაგვეხმაროს ერთი შეხედვით პარანორმალური აქტივობების "არსებობის" მიზეზების უკეთ გაგებაში. მეორე მხრივ, ამან ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ხმაურის რეგულაციებსა და შენობების დიზაინის სტანდარტებზე.

"ჩვენი კვლევა მრავალი თვალსაზრისით პირველი ნაბიჯია ადამიანებზე ინფრაბგერის ზემოქმედების გასაგებად. ჯერჯერობით, მხოლოდ კონკრეტული სიხშირე გამოვცადეთ. შესაძლოა, არსებობდეს კიდევ ბევრი სიხშირე და მათი კომბინაცია, რომლებსაც საკუთარი დიფერენციალური ეფექტი აქვს", — ამბობს სკატერტი.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Behavioral Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.