გამოავლინეს სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკა "ეფარება"
ფოტო: Getty Images
2016 წელს ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 800 მილიონი სინათლის წლის მანძილზე იალქნების ზეგროვა დააფიქსირეს, რომელიც გიგანტური გალაქტიკური შეჯგუფებაა. დედამიწის პერსპექტივიდან მას ირმის ნახტომი თითქმის მთლიანად "ეფარება", რაც ამ ობიექტის შესწავლას ართულებს. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა მისი სტრუქტურა გამოავლინეს, რის შესახებაც არარეფერირებად პლატფორმა arXiv-ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
იალქნების ზეგროვა სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურაა — იგი იმაზე უზარმაზარი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ესაა სულ მცირე 20 გალაქტიკური შეჯგუფების ერთობლიობა, რომელთაგანაც თითოეული ასობით ათას ცალკეულ გალაქტიკას მოიცავს. ისინი გრავიტაციულადაა შეკავშირებული.
ეს ზეგროვა იმ რეგიონში მდებარეობს, რომელსაც აცილების ზონას უწოდებენ. ღამის ცის ამ არეალს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები და მტვრის ღრუბლები იკავებს. სწორედ მათ მიღმაა სტრუქტურა, რომელსაც თავდაპირველად Terra incognita-ს სახელით მოიხსენიებდნენ, რაც ლათინურად "უცნობ მიწას" ნიშნავს.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა მის გარშემო და კიდეში არსებული ვარსკვლავების მოძრაობა შეისწავლეს. შედეგად დაადგინეს, რომ იალქნების ზეგროვა დაახლოებით 300 მილიონი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, ანუ ირმის ნახტომზე 3000-ჯერ განიერია. იქ არსებული მატერიის მასა 30-ამდე კვადრილიონი მზის ეკვივალენტურია და ძირითადად კონცენტრირებულია ორ ბირთვში, რომლებიც ერთმანეთისკენ მიიწევს.
როგორც სურათზე ჩანს, ეს სტრუქტურა ლანიაკეაზე მასიურია — ზეგროვაზე, რომელშიც ჩვენი გალაქტიკა ერთიანდება. ასევე, იგი მასით მცირედით ჩამორჩება შეპლის ზეგროვას. მასშტაბების გამო მეცნიერებმა იალქნების ზეგროვას Vela-Banzi-ც შეარქვეს, რაც სამხრეთ აფრიკის აბორიგენთა კოსას ენაზე "ფართოდ გამომვლენს" ნიშნავს (კვლევაში გამოყენებული ტელესკოპების უმეტესობა სწორედ სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს).
რაც შეეხება ე.წ. აცილების ზონას, ის ღამის ცის ხილული რეგიონების დაახლოებით 20%-ს ფარავს. იქ ირმის ნახტომის მილიონობით ვარსკვლავი და მტვერი საკმაოდ სქელ დისკოს აჩენს, რომლის მიღმაც რაიმეს დანახვა ძალიან რთულია. ამისთვის მეცნიერებმა გალაქტიკური დისტანციების 65 000 მაჩვენებელი და 8000-ამდე ახალი დაკვირვების შედეგები გააერთიანეს. მათ ყურადღება ობიექტების სინათლის წითელ სპექტრში წანაცვლებაზე გაამახვილეს, რითაც იზომება, რამდენად სწრაფად გვშორდება ისინი. ამის შედეგად იალქნების ზეგროვაში გალაქტიკათა მოძრაობებს მიადევნეს თვალი.
ავტორები ფიქრობენ, რომ უფრო მძლავრი რადიოტელესკოპებით ამ სტრუქტურის ბევრად ზუსტი რუკების შექმნაა შესაძლებელი. ასეთი ობსერვატორიები წყალბადის მიერ წარმოქმნილი ტალღების მიმართაა მგრძნობიარე, თუმცა ზოგი გალაქტიკა ამგვარ აირს დიდი ოდენობით არ შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ ზეგროვის ზოგი რეგიონი ჩვენთვის მუდამ უხილავი შეიძლება დარჩეს.

კომენტარები