ამერიკულმა ჟურნალმა, Forbes-მა, ტრადიციულად 400 უმდიდრესი ამერიკელის 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში შემავალი ბიზნესმენების ჯამურმა ქონებამ 2,7 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც, თავის მხრივ, რეკორდული მაჩვენებელია.

უმდიდრესი ამერიკელების სიის სათავეში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეიტსია. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მრავალი წლის განმავლობაში ფიგურირებდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუმცა, მისთვის მიმდინარე წელი წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ დონალდ ტრამპი გახდა წლევანდელი სიის ანტირეკორდსმენი, ტრამპის პოზიციები 2017 წელს მნიშვნელოვნად გაუარესდა.

უკვე 24 წელია ამ რეიტინგის სათავეში ბილ გეიტსია. მისი ქონება Forbes-მა 89 მილიარდი დოლარით შეაფასა. გეიტსის ქონება ერთი წლის განმავლობაში 8 მილიარდით გაიზარდა.

სიის მეორე ადგილი ამჯერად Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს ერგო რომლის, ქონებაც 81,5 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული. მისი ქონება 2017 წლის განმავლობაში 14,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბეზოსის მფლობელობაში არსებული კომპანიების ზრდა მართლაც შთამბეჭდავი იყო. შეგახსენებთ, რომ ბეზოსმა სექტემბერში რამოდენიმე საათით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსიც კი მოიპოვა.

სიის მესამე ადგილზე უორენ ბაფეტი აღმოჩნდა. ბაფეტის ქონება წელს 12,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამურად 78 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბაფეტი გულუხვი ფილანტროპია და 2017 წელს მან ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო.

წლის რეკორდსმენი Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი აღმოჩნდა. სიის მონაწილეებიდან სწორედ მისი ქონება გაიზარდა ყველაზე მეტად. წელს ცუკერბერგის ქონება 15,5 მილიარდით გაიზარდა. ჯამურად მარკ ცუკერბერგის ქონებამ 71 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით იგი სიის მეოთხე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის წლევანდელმა რეიტინგმა რამდენიმე, მაჩვენებლით დაამყარა ახალი რეკორდი. კერძოდ კი სიაში მოსახვედრი ქვედა ზღვარი 2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. წინა წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 1,7 მილიარდი დოლარი გახლდათ.

ასევე გაიზარდა სიაში შემავალი ბიზნესმენების ჯამური ქონება და რეკორდული 2,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა. წინა წლის მაჩვენებელი კი 2,4 ტრილიონი იყო.

რაც შეეხება აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მისი ქონება 2017 წლის განმავლობაში 600 მილიონი დოლარით შემცირდა. წინა წელს ტრამპი ამავე სიაში 156-ე ადგილს იკავებდა, წელს კი, იგი სიაში 248-ე ადგილს დასჯერდა. ამ კუთხით ტრამპი რეიტინგის ანტირეკორდსმენია, მისი ქონება 3,1 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.

სიის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე Snapchat-ის დამაარსებელი ევან შპიგელია. შპიგელის ქონებამ 27 წლის ასაკში 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ს ყველაზე მდიდარი ქალი კი წელს Wallmart-ის ერთ-ერთი მფლობელი ელის ვოლტონი გახდა, მისი ქონება 38 მილიარდ დოლარად იქნა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ სიაში 22 ახალი მოთამაშეა. 22 ახალბედა ბიზნესმენიდან 14-მა საფუძველი საკუთარ ბიზნეს სწორედ მიმდინარე წელს ჩაუყარა.

2017 წლის განმავლობაში სიის 289 ბიზნესმენის ქონება გაიზარდა. გასული 12 თვის განმავლობაში ქონება შეუმცირდა რეიტინგში შემავალ 51 ბიზნესმენს.

რეიტინგი შედგენილი იქნა 22 სექტემბერს საფონდო ბირჟებზე არსებული აქციების ფასებით.