არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სახეობათა გადაშენების პრობლემასთან ბრძოლა განიზრახა. 3 თებერვალს მათმა მთავრობამ Colossal Biosciences-თან თანამშრომლობა დააანონსა, რომელშიც მილიონებია ჩადებული. Colossal Biosciences ამერიკული კომპანიაა, რომელიც ძირითადად ბეწვიანი მამონტების დაბრუნებაზე მუშაობს.

ასევე იხილეთ: მეცნიერები მამონტების დაბრუნებას ცდილობენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ

თანამშრომლობის მიზანი ძალიან ამბიციურია: მათ დუბაის მომავლის მუზეუმში მსოფლიოს პირველი ბიოსაცავის შექმნა სურთ. ეს მაღალტექნოლოგიური ნაგებობა იქნება, რომელშიც 10 000-ზე მეტი სახეობის გენეტიკურ შაბლონს შეინახავენ. თავდაპირველად მუზეუმში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი 100 სახეობის გენეტიკურ მონაცემებს განათავსებენ.

"არაბთა გაერთიანებული საამიროების შორსმჭვრეტელობის წყალობით, Colossal მსოფლიოში პირველ ბიოსაცავს შექმნის: ეს უპრეცედენტო გლობალური რესურსი იქნება, შეიძლება ითქვას, თანამედროვე ნოეს კიდობანი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს დაიცავს და აღადგენს", — განაცხადა ბენ ლამმა, Colossal Biosciences-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

გადაშენების პრობლემასთან საბრძოლველად აღნიშნული ინიციატივა მართლაც პერსპექტიულია. პროექტზე სინთეზური ბიოლოგიის სპეციალისტები იმუშავებენ. პირველი წელი ინტენსიურ საველე სამუშაოებსა და დნმ-ის კვლევას დაეთმობა.

ბიოსაცავის ერთ-ერთი მიზანი ბიობანკინგთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორებაცაა. როგორც წესი, ეს დარგი საკმარის დაფინანსებას ვერ იღებს, თანაც შესაბამისი კვლევითი ცენტრები და ბიობანკები მრავალი სხვადასხვა ინსტიტუციის სახითაა მიმოფანტული. ხოლო ახალი პროექტი ერთი ცენტრალიზებული დაწესებულების შექმნას მოიაზრებს.

ინიციატივა რობოტიკას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და კრიოპრეზერვაციის მოწინავე საშუალებებს აერთიანებს. 10 000 სახეობიდან უპირატესობა იმათ პოვნასა და შენახვას მიენიჭება, რომლებიც გადაშენების ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე არიან.

შენახვის გარდა, ბიოსაცავში მაღალი ხარისხის გენომურ მონაცემებსაც შექმნიან. ასევე, იგეგმება სარეზერვო საიტების გლობალური ქსელის შექმნა, რომელშიც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაცია უსაფრთხოდ იქნება შენახული და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფი მკვლევრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

საინტერესოა ისიც, რომ ლაბორატორია ერთგვარი ცოცხალი გამოფენაც იქნება, სადაც მნახველებს შეეძლებათ სამეცნიერო პროცესებს თვალი პირდაპირ მიადევნონ, მაგალითად, დნმ-ის სეკვენირებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.