მეცნიერები მამონტების დაბრუნებას ცდილობენ და ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ
მამონტების მოყვარულებისთვის კარგი ამბავი გვაქვს. გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა მამონტების დაბრუნების მხრივ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
ჩვენ ადრეც ვიტყობინებოდით, რომ Colossal Biosciences გადაშენებული მამონტების "გაცოცხლებას" გეგმავს. კომპანიის მიზნების მიხედვით, 2028 წელს ტეხასში ცოცხალი მამონტი უნდა არსებობდეს.
რამდენიმე თვის წინ კომპანიაში განაცხადეს, რომ სურთ ზუსტად გამოავლინონ თუ რომელი გენები ასოცირდება ცხოველის ფიზიკურ მონაცემებთან.
და აი ახლა, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თუ როგორ უნდა "გადააპროგრამონ" სპილო ღეროვანი უჯრედების მსგავსი უჯრედების მისაღებად. შედეგად, ამ უჯრედებს სამ ჩანასახოვან ფენებად დიფერენცირება შეეძლება. ეს ორგანიზმში ყველა ტიპის უჯრედის შესაქმნელადაა საჭირო.
საუბარია იმ გენების მიღებაზე, რომელიც მამონტებს არსებულ გარემო პირობებში გადარჩენის საშუალებას მისცემს. საბოლოოდ, ეს გენები თანამედროვე ცხოველებში გადაინერგება და შედეგად, არსებას მამონტისთვის დამახასიათებელი თვისებები განუვითარდება. მაგალითად, ეს არის სიცივისადმი მდგრადობა, მოხრილი ეშვები და თავის განსხვავებული ფორმა.
გასათვალისწინებელია გენეტიკური თანხვედრა. ანუ, მეცნიერებმა ამისთვის ისეთი ცხოველი უნდა შეარჩიონ, რომელიც მამონტთან გენეტიკურად ყველაზე ახლოსაა. ალბათ არ გაგიკვირდებათ და ასეთი აზიური სპილოა, რომელიც მამონტთან გენეტიკურ თანხვედრაში 99.6%-ით მოდის.
ეს ნიშნავს, რომ გადაშენებული სახეობის "გაცოცხლება", კონკრეტულ შემთხვევაში, აზიური სპილოს კვერცხუჯრედიდან ბირთვის ამოღებას და მასში მამონტის მახასიათებლების მოთავსებას გულისხმობს.
როგორც ჩანს, Colossal Biosciences თავის გეგმას სერიოზულად მიჰყვება და 2028 წელს შეიძლება ცოცხალი მამონტი ვიხილოთ.
კომენტარები