წერტილი ნემო: სად არის ხმელეთიდან ყველაზე დაშორებული ადგილი?
სად შეიძლება წახვიდეთ მაშინ, როდესაც ყოველდღიური სტრესი იმდენად გაბეზრებთ თავს, რომ შეიძლება დედამიწის ყველაზე მიყრუებულ და პირდაპირი მნიშვნელობით უშორეს ადგილას მოგინდეთ გაქცევა? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ადგილი რამდენიმეა და არჩევანის წინაშე დადგებით.
თუმცა, თუკი ზღვის დაავადება არ გაწუხებთ, ალბათ ვერაფერი შეედრება ხმელეთიდან ყველაზე დაშორებულ წერტილს, იგივე „მიუწვდომლობის ოკეანურ პოლუსს“.
იმის გამო რომ ოფიციალური სახელწოდება ცოტა რთული წარმოსათქმელია, მას მეტსახელად ჟუილ ვერნის ცნობილი პერსონაჟის, კაპიტანი ნემოს მიხედვით - წერტილი ნემო (Point Nemo) შეარქვეს. Nemo ლათინურად „არავინ“-ს ნიშნავს, რაც ნამდვილად ერგება ადგილს, რომელსაც თითქმის არავინ სტუმრობს.
წერტილი ნემო უახლოესი სამი კუნძულიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით არის დაშორებული. მისგან ჩრდილოეთით კუნძული დუსია (ერთ-ერთი პიტკერნის კუნძულებიდან), ჩრდილო აღმოსავლეთით მოტუ ნუი (აღდგომის კუნძლთა ჯაჭვი), ხოლო სამხრეთით კუნძული მაჰერი „ესაზღვრება“, ანტარქტიდის სანაპიროსთან ახლოს.
მოკლედ, საკმაოდ განსაკუთრებული ადგილია.
სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ ოკეანის ცენტრის გეოგრაფიულ მდებარეობას, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მისი დადგენა ვერ მოხერხდა - მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი, ოფიციალურად, მხოლოდ 1992 წელს აღმოაჩინა გეოდეზისტმა ჰრვოე ლუკატელამ (Hrvoje Lukatela).
ლუკატელა, იმის მაგივრად რომ ამ განსაკუთრებული წერტილის აღმოსაჩენად ქსპედიციაში წასულიყო, ხმელეთზე დარჩა და სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დაიწყო გამოთვლები, რომელიც, მაქსიმალური სიზუსტისთვის, დედამიწის ელიფსოიდური მოდელით ახდენდა კალკულაციას. გამოანგარიშებული ლოკაცია კი ნაკლებსავარაუდოა რომ ოდესმე შეიცვალოს.
„ამ სამი თანაბარი მანძლით დაშორებული წერტილის ადგილმდებარეობა სრულიად უნიკალურია და დედამიწაზე სხვა მსგავსი ადგილი, რომელსაც მისი ჩანაცვლება შეუძლია, არ არსებობს“, ამბობს ლუკატელა. მიუხედავად იმისა რომ უკეთესი აზომვის ან რომელიმე სანაპირო ზოლის ეროზიის შედეგად წერტილი ნემოს დაშორების მანძლი შეიძლება შეიცვალოს, გეოდეზისტის თქმით „ეს სხვაობა მხოლოდ რამდენიმე მეტრი იქნება“ და შესაბამისად მის სტატუსზე ვერ იმოქმედებს.
იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა დედამიწიდან დაახლოებით 416 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ამ უკაცრიელი ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 2700 კილომეტრითაა დაშორებული - გამოდის რომ წერტილ ნემოს, ყველაზე ხშირად, სწორედ ასტრონავტები უახლოვდებიან.
ასევე უნდა ითქვას, რომ ზოგადად, კოსმოსური სააგენტოებს კარგად აქვთ შესწავლილი წერტილი ნემოს რეგიონი და მას „სამხრეთ წყნარი იოკეანის დაუსახლებელ არეალად“ მოიხსენიებენ. რუსული, ევროპული და იაპონური სააგენტოები, უკვე დიდი ხანია, უსაფრთხოების მიზნით თავიანთი კოსმოსური აპარატების სასაფლაოდ ამ რეგიონს იყენებენ, რადგან იგი მოშორებულია დასახლებულ ტერიტორიებსა და საზღვაო სავაჭრო გზებს.
დღეისათვის, უკვე ასამდე ჩამოწერილი სატელიტი თუ სხვა ტიპის კოსმოსური ხომალდი იქნა ჩაძირული ამ „სასაფლაოზე“. მათ შორის ყველაზე ცნობილი საბჭოთა ორბიტული სადგური მირ-ია (Мир).
„კოსმოსური მოგზაურობების ისტორიისისთვის, მხოლოდ რამდენიმე ხომალდია შენარჩუნებული, დანარჩენის ნაწილები კი ოკეანის ფსკერზეა მიმოფანტული“ - ამბობს ადელაიდის ფლინდერსის უნივერსიტეტის კოსმოსური არქოლოგი ალის გორმანი.
„კოსმოსური ხომალდი ატმოსფეროში დაბრუნებისას მთლიანობას ვეღარ ინარჩუნებს, მისი უმეტესი ნაწილი ატმოსფეროსთან კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურის გამო იწვის. განადგურებას, ძირითადად, საწვავის ავზები და კომპრესორები უძლებს, რადგან ტიტანიუმისა უჟანგავი ფოლადისგან შედგება და ხშირად ნახშირბადის ბოჭკოთია დაფარული.“
გორმანის თქმით, მიუხედავად იმისა რომ 143 ტონიანი მირ-ის მცირე ფრაგმენტები ატმოსფეროში შთამბეჭდავი ნათებით მთლიანად განადგურდა, გადარჩენილი ნაწილები დინებამ ფიჯის კუნძლებზე გამორიყა, დანარჩენი კი ოკეანის ფსკერზე ჩაიძირა.
“ჩაძირული გემების მსგავსად, კოსმოსური ხომალდის ნაწილებიც ოკეანის ჰაბიტატის ნაწილი ხდება და ყველაფერი რაც კი ფსკერზე ცოცხლობს, მის კოლონიზირებას ახდენს. რა თქმა უნდა თუკი ამ ფრანგმენტებში საწვავის ნარჩენები არ არის, რომლებიც ჟონავს“ - ამბობს გორმანი.
ხოლო ის თუ რა ცხოვრობდა წერტილი ნემოს მიდამოებში, ხშირად მისტიურ და ანომალიურ ვერსიებს უკავშირდებოდა. მაგალითისთვის კი ლეგენდარული ქთულჰუ გამოდგება, რომლის საცხოვრებლადაც ცნობილმა სამეცნიერო ფანტასტმა, ჰ.ფ. ლავკრაფტმა, წერტილი ნემოს აღმოჩენამდე 66 წლით ადრე, სწორედ მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი აირჩია.
1997 წელს კი, ოკეანოგრაფებმა, წერტილი ნემოდან 2000 კილომეტრში, უცნაური ხმები დააფიქსირეს, რომელიც ლურჯი ვეშაპის ხმაზე უფრო ძლიერი იყო. აღმოჩენა თავიდანვე გახდა სპეკულაციების საგანი და გაჩნდა მოსაზრება რომ ხმა აქამდე უცნობ ზღვის მონსტრს ეკუთვნოდა.
თუმცა მოგვიანებით ა.შ.შ.-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ ამ უცნაურ ხმას ოკეანეში მოდრეიფე აისბერგები დაშლისა და დაბზარვის პროცესში გამოსცემდნენ.
შესაბამისად, აღმოჩნდა რომ წერტილი ნემო ადამიანის მსგავსი რვაფეხა-ურჩხულის საცხოვრებელი არ არის, მაგრამ სხვა რა შეიძლება ცხოვრობდეს დედამიწის ამ ყველაზე შორეულ წერტილში? როდ-აილენდის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფის, სტივენ დ’ონტის თქმით - სავარაუდოდ ბევრი არაფერი - რადგან მიუწვდომლობის ოკეანური პოლუსი, სამხრეთ წყანრი ოკეანის დინებით არის გარშემორტყმული. ეს მასიური ოკეანური დინებაა, რომელსაც აღმოსავლეთით და დასავლეთით სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტები საზღვრავს, ჩრდილოეთთ ეკვატორი, ხოლო სამხრეთით ანტარქტიდის ძლიერი ცირკულაციური დინება.
ნასას სატელიტების მონაცემით, ოკეანის ის ნაწილი რომელსაც დინება წრიულად უვლის, სტაბილურია, ხოლო წერტილი ნემოს ზედაპირის საშუალო ტემპერატურა კი 5.8 გრადუსია ცელსიუსით. მის გარშემო მოძრავი ნაკადი კი ხელს უშლის საკვები ნივთიერებით მდიდარი დინების შეღწევას. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონი იზოლირებულია ხმელეთისგან, რის გამოც ორგანული ნივთიერებების შეღწევა ქარის მეშვეობითაც ვერ ხერხდება.
შედეგად საკვები რესურსი ძალიან მცირეა იმისთვის რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა იარსებონ, თუნდაც ოკეანის ფსკერზე. დ’ონდტ შეფასებითაც ეს „მსოფლიო ოკეანეში, ეს რეგიონი ბიოლოგიურად ყველაზე ნაკლებად აქტიურია.“
თუმცა მაინც არსებობს გამონაკლისი ადგილები, სადაც უნიკალური არსებები ახერხებენ გადარჩენას.
წერტილი ნემო აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს - წყალქვეშა ვულკანური აქტივობის ხაზთან, რომელიც კალიფორნიის ყურემდე გრძელდება. იგი საზღვარია წყნარი ოკეანისა და ნასკას ტექტონიკურ ფილებს შორის, რომლებიც მუდმივად შორდებიან ერთმანეთს. ფილებს შორის გაყოფის ადგილებს, ფილებს შორის მაგმა ავსევს, რომელიც ჰიდროთერმული კრატერებს წარმოქმნის, საიდანაც ცხელი წყალი და მინერალები იფრქვევა.
შედეგად, სიცოცხლისთვის აქ ექსტრემალური გარემო იქმნება, თუმცა ბაქტერიები მაინც ახერხებენ არსებობას - ისინი საციცოცხლო ენერგიას ამოფრქვეული ქიმიური ნივთიერებებიდან იღებენ. ეს ბაქტერიები კი, თავის მხრივ, უკვე უფრო დიდი არსებების საკვებად იქცევიან. ერთ-ერთი მათგანია 2005 წელს აღოჩენილი „კიბორჩხალა იეტი“, რომელსაც სახელი ბეწვიანი გარეგნობის გამო ეწოდა.
ამ რეგიონის სიღრმეებში უამრავი სხვა საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელის, მაგრამ წერტილი ნემოს მიუვალობა და სიშორე კვლევას ართულებს. თუ არ ჩავთვლით იშვიათად გამართულ იახტებით რბოლას მსოფლიოს გარშემო, ამ ადგილებს თითქმის არავინ სტუმრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალურ მედიაში ნაკლებად შეგხვდებათ ფოტო ან ვიდეო მასალა - შესაბამისად, იმისთვის რომ წარმოიდგინოთ თუ როგორია წერტილი ნემო, თქვენი წარმოსახვის გამოყენება დაგჭირდებათ.
„წყნარ ამინდში, წყლის ზედაპირი, რომელსაც გარშემო წყნარი ოკეანის დინება უვლის, ულამაზესია - წმინდა, განსაკუთრებული, ყვავილისფერი ლურჯი, იასამნისფერი ტონებით“ - ამბობს დ’ონდტი.
და მართლაც, ეს ყველაფერი შეუდარებელი იქნებოდა, რომ არა დაბინძურება.
2010 წელს, ვირტუალურმა ბენდმა Gorillaz, გამოაქვეყნა ყველაზე ცნობილი ალბომი Plastic Beach (პლასტმასის ნაპირი/მეჩეჩი), რომლისთვისაც წინაისტორია შექმნეს: თითქოს ჯგუფმა ეს ალბომი წერტილ ნემოსთან ახლოს, ნაგვის კუნძულზე მდებარე სტუდიაში ჩაწერა.
სამწუხაროდ ეს ისტორია მთლიანად გამონაგონი ნამდვილად არ არის. 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა, დაადასტურა რომ სამხრეთ წყნარი ოკეანის წრიული დინების შიგნით, ოკეანეებში გადაყრილი ნაგვის თავმოყრა ხდება, და ეს უზარმაზარი მცურავი ნაგავსაყრელი წერტილი ნემოდან 2500 კილომეტრში მდებარეობს.
ნაგავი ძირითადად სხვადასხვა სახეობის პლასტიკური მასალისგან შედგება, რომელსაც წყალში გემებიდან და სანაპიროებიდან ხვდება, ხოლო მოგვიანებით, ოკეანური დინებები ამ ნარჩენებს მცირე ნაწილებად აქუცმაცებს. ბიოლოგების მტკიცებით, დაბინძურებამ შესაძლოა მთლიანად მოარღვიოს ეკოსისტემის ბალანსი, რადგან თუკი ნარჩენები ერთ სახეობას გამრავლებაში ეხმარება, სხვა სახეობებს საგრძნობლად უმცირებს საარსებო გარემოს.
როგორც ჩანს, კაცობრიობის გაუფრთხილებელ ქცევას, სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველაზე შორეულ ადგილას, წერტილ ნემოზეც კი ვერ გაექცევით.
კომენტარები