კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების პანდემიაა — მიზეზი უცნობია
ფოტო: Brent Durand / Getty Images
ზღვის ზღარბი უხერხემლო ცხოველია, რომელიც ქვებიდან წყალმცენარეებს ფხეკს და ამრიგად, რიფებზე მათ ზრდას აკონტროლებს. ამიტომაც, ზღვის ზღარბები მარჯნებისა და სხვა ნელა მზარდი სახეობების დაცვის საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ამისდა მიუხედავად, როცა მათი პოპულაციები ზედმეტად სწრაფად და მასშტაბურად იზრდება (განსაკუთრებით, თუ მათი მტაცებელი სახეობები მცირდება), რიფები საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი ისაა, რომ ზღვის ზღარბები ფსკერიდან ზედმეტად ბევრ მცენარეს აქრობენ, წყალქვეშა ლანდშაფტები კი თანდათან უსიცოცხლო ხდება.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კანარის კუნძულებზე ზღვის ზღარბების რაოდენობამ უეცრად და მასშტაბურად იკლო. ახალი კვლევის თანახმად, აქამდე უცნობი პანდემიით არქიპელაგზე ზღვის ზღარბების პოპულაციები ქრება. მეცნიერები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ეკოლოგიური ეფექტები შეიძლება მწვავე და ხანგრძლივი იყოს.
კვლევაში "მასობრივი სიკვდილიანობის მოვლენაა" აღწერილი, რომელმაც 2022-2023 წლებში, კანარის კუნძულებსა და მადეირაზე, Diadema africanum (ზღვის ზღარბების ქვესახეობა) მძიმედ დააზიანა. დაახლოებით იმავე დროს შენიშნეს, რომ D. africanum კარიბის კუნძულებზე, ხმელთაშუაზღვაში, წითელ ზღვაში, ომანის ზღვასა და დასავლეთ ინდოეთის ოკეანეშიც ქრება.
D. africanum ატლანტის ოკეანის თბილ წყლებში ბინადრობს, როგორც წესი, 5-20 მეტრის სიღრმეზე. კანარის კუნძულებზე მათი რაოდენობა 1960-იანი წლების შუა რიცხვებიდან საგრძნობლად გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც, სავარაუდოდ, მტაცებლების მიერ თევზჭერა და ზღვის წყლის დათბობა უნდა იყოს. ამ ყველაფერმა საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანა, რომ ზღვის ზღარბებმა ოკეანის ფსკერი თითქმის გააუდაბურეს. 2015-2019 წლებში სცადეს, რომ ეს სახეობა სხვადასხვა ბიოლოგიური მეთოდით შეემცირებინათ, თუმცა უშედეგოდ.
2022 წლის თებერვალში მკვლევრებმა რაღაც განსხვავებული შენიშნეს. ლა პალმასა და გომერასთან ახლოს ბევრი D. africanum მკვდარი იპოვეს. ინფიცირებული ზღვის ზღარბები უცნაურად მოძრაობდნენ და სტიმულზე თითქმის არ რეაგირებდნენ, სიკვდილამდე კი ეკლები და ხორცი სძვრებოდათ.
ეს სიმპტომები ადრინდელ მოვლენებს შეესაბამებოდა. მსგავსი რამ 2008 და 2018 წლებშიც დააფიქსირეს — ამ დროს ადგილობრივი პოპულაციების 90% ამოწყდა, 2023 წელს კი მასობრივი სიკვდილიანობის ახალი ტალღა დაიწყო.
ზუსტი ზიანის დასადგენად მეცნიერებმა 7 კუნძულზე არსებული 76 სხვადასხვა ადგილი გამოიკვლიეს. 2022-2025 წლების მონაცემები უფრო ძველ ჩანაწერებს შეადარეს. გარდა ამისა, გუნდმა პროფესიონალი მყვინთავების მოხსენებებიც შეაგროვა. ამასთანავე, ისინი 2023 წლის ქვირითის დაყრის სეზონზე აღმოსავლეთ ტენერიფესთან ლარვულ გამრავლებასაც დააკვირდნენ.
აღმოჩნდა, რომ დღესდღეობით D. africanum-ის რაოდენობა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, ზოგი პოპულაცია კი ადგილობრივად თითქმის გადაშენებულია. ასევე, ლარვული მახეებით ზღვის ზღარბების შთამომავლობის მხოლოდ მცირე რიცხვი დაიჭირეს, შედარებით კლდოვან ჰაბიტატებში კი ნაშიერები საერთოდ ვერ იპოვეს.
მეცნიერებმა დღემდე არ იციან, თუ რამ ამოწყვიტა ზღვის ზღარბები ასე მასშტაბურად. საინტერესოა, რომ მსოფლიოს სხვა წერტილებში მსგავსი მოვლენები პარაზიტების ერთ-ერთმა სახეობამ გამოიწვია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე დაზუსტებით ვერავინ საუბრობს. არც ის არაა ცნობილი, თუ რამ ჩამოიყვანა "დამნაშავე" კანარის კუნძულებზე: ტალღებმა, ნაოსნობამ თუ კლიმატის ცვლილებამ.
ამ დროისთვის, დაავადება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ავსტრალიის პოპულაციებზე არ გავრცელებულა. მკვლევრები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ინფექცია შეიძლება მომავალში კიდევ უფრო გავრცელდეს. კვლევა გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.
კომენტარები