ნინო ღუდუშაური — ოპერატორობიდან მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის დირექტორობამდე
ფოტო: თიბისი
ნინო ღუდუშაურის ისტორია იმ ადამიანებზეა, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან. მუშაობა თიბისიში ოპერატორობით დაიწყო და დღეს მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის დირექტორია. მისთვის წარმატება შემთხვევითობა კი არა, ყოველდღიური შრომა, რწმენა და უწყვეტი განვითარებაა.
ინტერვიუ ნინო ღუდუშაურთან
ნინო, როგორ დაიწყო თქვენი ისტორია თიბისიში? შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი სამუშაო დღე?
სანამ პირველ სამუშაო დღეს გავიხსენებ, მინდა გიამბოთ ზოგადად, როგორ მოვხვდი თიბისიში. სამსახურს ვეძებდი და რეზიუმე მქონდა გაგზავნილი თიბისის გარდა კიდევ ერთ ბანკში. ისე მოხდა, რომ ორივე ბანკისგან დადებითი პასუხი მივიღე. ძალიან გამიხარდა და რადგან თიბისი ჩემთვის საოცნებო სამუშაო ადგილი იყო, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება.
არაჩვეულებრივად მახსოვს პირველი დღეც. სწორედ ჩემი მუშაობის პირველ დღეს თიბისიში შემოვიდა იმ ბანკის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სადაც ასევე მქონდა გაგზავნილი CV. ის თიბისის მომხმარებელი იყო და, როდესაც დამინახა, მითხრა, რომ რადგან აქ მუშაობის გადაწყვეტილება მივიღე, ბევრი გამოწვევა უნდა გადამელახა.
ერთი სიტყვით, ეჭვი ეპარებოდა, რომ მე აქ დარჩენას შევძლებდი, რამაც, ვფიქრობ, დადებითად იმოქმედა ჩემს ამბიციებზე.
როგორ ფიქრობთ, რა იყო ის მთავარი თვისება, რომელმაც თქვენი კარიერული წინსვლა განაპირობა?
ზოგადად, ჰუმანიტარული განათლება მაქვს, ამიტომ ასეთი დიდი პროფესიული ცვლილება — სფეროს ძირეულად შეცვლა, ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. დამეხმარა ის, რომ ერთ ადგილზე არასდროს ვჩერდები, თუმცა თიბისიში გაჩერებულიც ვითარდები, იმდენად დინამიკური, პოზიტიური და სიახლეებით სავსე გარემოა აქ.
ამიტომ გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩამებარებინა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და მაგისტრატურა გავიარე ლონდონში, რაც ასევე დიდი გამოწვევა იყო, რადგან სწავლება მიმდინარეობდა ნაწილობრივ ონლაინ და ლონდონში ჩასვლა ხშირად იყო საჭირო. წარმოიდგინეთ, ასეთი დატვირთული სამსახური, სამი შვილი… ერთი სიტყვით, მაგისტრის დიპლომის ასაღებად სწავლამ მთელი ჩემი რუტინა თავდაყირა დააყენა. თუმცა, იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე და პროფესიულად გავიზარდე, რომ ნამდვილად ღირდა.
მაშინ, როცა კარიერას იწყებდით, გჯეროდათ, რომ ერთ დღეს ამ პოზიციამდე მიაღწევდით?
ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ამ პოზიციის დაკავება იყო ჩემი მიზანი, მაგრამ სულ მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და იმისიც, რომ მოძრაობასა და მიზანდასახულობას ყოველთვის აქვს აზრი — მისი არსი განვითარებაა. ვიცოდი, რომ ჩემი მოუსვენრობა კარგ შედეგს გამოიღებდა. რაც შეეხება დღევანდელ პოზიციას, ვფიქრობ, ჩემი კარიერული გზა სწორად წარიმართა, შრომა დამიფასდა და ნამდვილად სწორ ადგილას აღმოვჩნდი.
რა გიქმნიდათ ყველაზე მეტ სირთულეს და როგორ ახერხებდით მათ გადალახვას?
მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს ცვლილებების შიში, უფრო სწორად, ცვლილებებთან დაკავშირებული ნეგატიური იმპულსები. ადვილი არ არის ადაპტაცია და სიახლეებზე გადაწყობა. ეს ჩემთვისაც რთული იყო, მაგრამ იმდენად ბევრი სიახლეა თიბისიში, იმდენად ცვალებადი გარემო გვაქვს, რომ სხვა გზა არ გრჩება, გარდა იმისა, რომ სწრაფად აუღო ალღო სიტუაციას და ადაპტირდე.
ასეთ გარემოში ჩემს თავს არ ვაძლევდი მოდუნების უფლებას და ბოლოს ისე მოხდა, რომ დაბრკოლებები შესაძლებლობებად გადავაქციე.
ვისგან ან რისგან იღებდით შთაგონებას? იყო ადამიანი, ვინც გეხმარებოდათ რწმენის შენარჩუნებაში?
კონკრეტული მამოტივირებელი ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და, რაც მთავარია, თვითონ თიბისის გუნდი. მე ძალიან გამიმართლა: ჩემს ყველა მენეჯერს ჰქონდა ის საუკეთესო უნარები, რომლებიც შემეძლო,ასე ვთქვათ, მეთარგმნა და საქმეში გამომეყენებინა.
გარდა ამისა, ყველანი, მათ შორის — მეც, ვსაზრდოობთ რწმენით, რომ როცა გჯერა, მიუღწეველი არაფერია.
და როგორ განსაზღვრავთ სიტყვას — “გჯერა”?
ეს სიტყვა უკვე ნახევრად გაკეთებული საქმეა. განცდა, რომელიც გაძლევს დამატებით ენერგიას იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანო შენი წამოწყება და მიაღწიო მიზანს. ის აერთიანებს რწმენასა და იმედს, რომლებიც შემდეგ წარმატებად ტრანსფორმირდება.
ოპერატორობიდან დირექტორობამდე: რა შეიცვალა თქვენში, როგორც ლიდერში და როგორც ადამიანში?
ვფიქრობ, ჩემი კარიერა ყველა საფეხურზე დინამიკურად ვითარდებოდა. როგორი წარმოდგენაც მქონდა ოპერატორობის დროს ლიდერებზე, იმავე სულისკვეთებით განვვითარდი მეც და იმავე ღირებულებებზე აგებულ სამუშაო გარემოს შექმნას ვცდილობ.
თიბისის ყოველთვის გამოარჩევდა ისეთი დინამიკური გარემო, რომელიც ადამიანში რჩება და ადაპტირდება. ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა, რაც გადმოვედი, მაგრამ მჯერა, რომ შევძლებ იმავე კულტურის განვითარებას.
დღეს, როდესაც გუნდს ხელმძღვანელობთ, რა პრინციპებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?
ჩემთვის მთავარია, ადამიანმა იგრძნოს, რომ ღირებულია ამ კომპანიისთვის. თითოეულმა ოპერატორმა, მრჩეველმა და სხვა ნებისმიერი პოზიციის პირმა უნდა იცოდეს, რომ მისი ყოველდღიურობა კომპანიისთვის შეუფასებელია, რომ ის ამ დიდი ერთობლივი ჯაჭვის ნაწილია.
როცა ამას ხედავს თანამშრომელი და ერთიანობის ძალას გრძნობს, საქმეს სხვა ენერგიით ეკიდება. ვფიქრობ, ემპათიური მიდგომა მატერიალურ წახალისებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც მსგავს გზას აირჩევს?
პირველ რიგში, უნდა იყოს მიზანდასახული, იცოდეს რა უნდა და კონკრეტულ მიზნამდე მისასვლელად იმუშაოს ეტაპობრივად. უნდა იყოს გამბედავი, არ შეუშინდეს ცვლილებებს და საკუთარი წარმატების სჯეროდეს.
რა არის თქვენი მთავარი მიზანი შემდეგი ეტაპისთვის?
როგორც აღვნიშნე, ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა, რაც თიბისის მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის დირექტორად გადმოვედი. ეს უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის — დამხვდა დიდი გუნდი, სიახლეებითა და ინოვაციებით სავსე სამუშაო.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ახალ სივრცეში შევქმნა ისეთი კულტურა, სადაც ადამიანებს გაუხარდებათ მუშაობა, დაუფასდებათ შრომა, ჩამოვაყალიბო განვითარებული, დინამიკური გუნდი, რომელიც საუკეთესო ბიზნეს შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ჩემი მთავარი მიზანი ამ ცენტრის განვითარება და ძლიერი გუნდის შექმნაა.
ერთი წინადადებით რომ შეგეძლოთ თქვენი ისტორიის ახსნა, რა იქნებოდა ეს წინადადება?
ჩემი ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ როდესაც რაღაცის გჯერა და არ გეშინია დაბრკოლებების, მიუღწეველი არაფერია. ზღაპრულ პერსონაჟად არ აღვიქვამ თავს — ყველაფერს, რასაც მივაღწიე, ძალიან დიდი შრომის ფასად.
კომენტარები