ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებების მიხედვით, შეიძლება ვარსკვლავთაშორისი კომეტა 3I/ATLAS იმაზე ძველი ობიექტი იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.

მის სავარაუდო ასაკად დაახლოებით 10-12 მილიარდი წელი განიხილება (შედარებისთვის, სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა), წარმოქმნის ადგილად კი — ჩვენი გალაქტიკის ცივი და შორეული რეგიონი. ამის შესახებ კვლევა არარეფერირებად პლატფორმა Research Square-ზე გამოქვეყნდა და რეცენზირების პროცესშია.

3I/ATLAS რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში მოხვდა. ის 2025 წლის პირველ ივლისს ATLAS-ად წოდებული ასტრონომიული სისტემით აღმოაჩინეს. თავიდანვე გაჟღერდა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა იგი უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი ხომალდი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგალითად, იგივე სპეკულაციები მოჰყვა დანარჩენი ორი ვარსკვლავთაშორისი ობიექტის — ოუმუამუასა და ბორისოვის — გამოჩენასაც. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, 3I/ATLAS "ჩვეულებრივი" კომეტაა და ამას ახალი მონაცემებიც არ ცვლის.

ასევე, იხილეთ: რატომ არ არის კომეტა 3I/ATLAS "უცხოპლანეტური ხომალდი" — კონსპირაციის უარყოფა

3I/ATLAS-ის სიჩქარისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით აქამდეც ვიცოდით, რომ ის ყველაზე ძველი კომეტაა, რომელიც გვინახავს. მის ასაკად 3-11 მილიარდი წელი მიაჩნდათ, მაგრამ ჯეიმს ვების მონაცემებმა ეს დიაპაზონი უფრო დაავიწროვა. მან იზოტოპური ინფორმაცია 2025 წლის დეკემბერში მოიპოვა, როცა კომეტამ დედამიწას ჩაუარა. აღმოჩნდა, რომ ამ სხეულის იზოტოპური შედგენილობა მზის სისტემის კომეტებისგან განსხვავდება და 10-12-მილიარდწლიან ასაკს შეესაბამება.

წითელი ხაზებით ირმის ნახტომის სქელი დისკოს ის რეგიონია მონიშნული, რომელშიც ეს კომეტა უნდა წარმოქმნილიყო; ყვითლად მისი ტრაექტორიაა ნაჩვენები.

ფოტო: M. Hopkins/Ōtautahi-Oxford team

ვარსკვლავთან მიახლოებისას კომეტებში არსებული ყინული სუბლიმაციას განიცდის, ანუ პირდაპირ აირად გარდაიქმნება. ეს მატერია ზედაპირზე შეიძლება ამოიფრქვეს და მათ გარშემო ღრუბელი წარმოქმნას, რომელსაც კომას უწოდებენ. ამ აირების შესწავლით ვიგებთ, როგორია ობიექტის შედგენილობა. მზესთან ჩავლისას 3I/ATLAS-საც სწორედ ასე დაემართა და იზოტოპებზე (ქიმიური ელემენტების ატომთა სახესხვაობები) დაკვირვება გახდა შესაძლებელი.

გაირკვა, რომ აქამდე დაფიქსირებულ კომეტებს შორის ის დეიტერიუმით, ანუ მძიმე წყალბადით, ყველაზე მდიდარია. ასევე, მისი ნახშირბადის იზოტოპების რაოდენობაც ბევრი ამგვარი ობიექტისას აღემატება. ეს ნიშნავს, რომ, თუ 3I/ATLAS მართლაც ასეთი ხნიერია, ირმის ნახტომის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები პრებიოტული ქიმიური ნივთიერებებით განვითარების ადრეულ პერიოდშიც მდიდარი იყო.

რაც შეეხება კომეტის ჩამოყალიბების ადგილს, იქ დაახლოებით 30 კელვინი ტემპერატურა უნდა ყოფილიყო, რაც -243 გრადუსი ცელსიუსის ეკვივალენტურია. საუბარია მკვრივ პროტოპლანეტურ დისკოზე, რომელიც ვარსკვლავის გარშემო წარმოიქმნა. გამოდის, რომ 3I/ATLAS-ის მეშვეობით ამ შორეული (როგორც მანძილით, ისე დროით) არეალის შესახებ მეტის გაგება შეგვიძლია.

ამის მიუხედავად, მისი მშობელი სისტემის იდენტიფიცირება ძალიან ძნელი იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 3I/ATLAS კოსმოსში მილიარდობით წელია, გადაადგილდება, ამიტომ საწყისი წერტილის პოვნა თითქმის შეუძლებელია.

კომეტა ახლა მზის სისტემას ნელ-ნელა ტოვებს. იგი ამჟამად იუპიტერს უახლოვდება, ივლისში სატურნს ჩაუვლის, მომდევნო წლის აპრილში ურანს, 2028 წლის მარტში კი — ნეპტუნს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.