1974 წელს ფილოსოფოსმა თომას ნაგელმა ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა დასვა: "როგორია იყო ღამურა?" თავისთავად, აქ ცალსახად ღამურებზე არაა საუბარი. ამ შეკითხვით ნაგელმა ის იგულისხმა, რომ სხვა ინდივიდების გონების გაგება ძალიან რთულია: როგორც არ უნდა ვეცადოთ, ზუსტად ის პირველპირისეული გამოცდილება ვერ გვექნება, როგორიც სხვა ადამიანს ან ზოგადად ცხოველს აქვს.

ეს შეიძლება აბსტრაქტულ ფილოსოფიურ გამოცანად მოგეჩვენოთ, თუმცა ამ პრობლემას ყოველდღიურობაში გამუდმებით ვაწყდებით, მაგალითად, როცა ცხოველების მოვლას ეხება საქმე. ხშირად მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ: როგორ გარემოში ურჩევნიათ ცხოვრება, სურთ თუ არა სხვა ცხოველებისგან განცალკევება ან, საერთოდ, როდის გრძნობენ ტკივილს.

ახალ ნაშრომში მეცნიერებმა სპეციალური ჩარჩო წარმოადგინეს, რომელსაც "ტელეონომი" უწოდეს. ცხადია, მათ ნაგელის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ამბიცია არ აქვთ, თუმცა სხვადასხვა სახეობის სავარაუდო განცდების გაგება მათ ევოლუციურ თავისებურებებზე დაყრდნობით სცადეს.

მეცნიერები ცხოველების ცნობიერი მდგომარეობების გაგებას სხვადასხვა გზით ცდილობენ ხოლმე, მაგალითად, ფიზიოლოგები სტრესის ჰორმონებს ზომავენ, ბიჰევიორისტები ცხოველების მოძრაობებსა და მათ მიერ გამოცემულ ხმებს სწავლობენ, ვეტერინარები დაავადებებს ამოწმებენ.

ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ამ გამოცდილებებს თავად ცხოველების პერსპექტივიდან მაინც ვერ აღვიქვამთ. მაგალითად, ცხენს შეიძლება კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) ნორმალური დონე ჰქონდეს, უჩვეულოდ არ იქცეოდეს და ფიზიკურადაც ჯანმრთელი ჩანდეს, თუმცა მაინც სტრესის ქვეშ იყოს.

ტელეონომი ცხოველის ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც აღქმით, ქცევით, ემოციურ და ფიზიოლოგიურ უნარებს მოიაზრებს. ამ სისტემას ევოლუცია აყალიბებს, რათა ადაპტაციას, გადარჩენასა და გამრავლებას შეუწყოს ხელი.

მოდი, მაგალითად ღამურა ავიღოთ. ამ სახეობის დნმ-ში ექოლოკაციის უნარი "შაბლონივით" არაა ჩაწერილი. ამის ნაცვლად გვხვდება ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ღამურას სმენასთან, ტვინთან, ორგანიზმთან და ქცევებთანაა დაკავშირებული. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როცა გენეტიკას ხელს შესაბამისი გარემო პირობებიც უწყობს.

სწორედ ესაა ღამურას ტელეონომი: არა უბრალოდ გენეტიკური პოტენციალი, არამედ ფუნქციონირებადი გადარჩენის სისტემა.

ტელეონომი ოთხსაფეხურიანი უწყვეტი პროცესით მოქმედებს: აფიქსირებს ცვლილებას; განსაზღვრავს იმას, ეს ცვლილება საფრთხეა თუ პირიქით, შესაძლებლობა; აყალიბებს რეაქციის საუკეთესო შესაძლო ვარიანტს; მოქმედებს. თავისთავად, ეს არა ვინმეს ცნობიერი განზრახვა, არამედ უბრალოდ სისტემის მოქმედების მექანიზმია.

ტელეონომში ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შიში, იმედგაცრუება, სიხარული ან ცნობისმოყვარეობა ევოლუციური მექანიზმებია, რომლებიც ცხოველს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ცხადია, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ერთი სახეობის ყოველი ინდივიდი ერთნაირად იქცევა. ვარიაციები "ტელეონომიური ექსპრესიით" იხსნება: გენეტიკა ბიოლოგიურ პოტენციალს გვაძლევს, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებები, სტრესის დონე და კონტექსტი სხვადასხვანაირ ქცევას აყალიბებს.

იდეა ერთი მარტივი შეკითხვითაც გამოიხატება: შესაბამისობაშია თუ არა ეს ქცევა ცხოველის ფუნქციონირების ევოლუციურად ჩამოყალიბებულ სტილთან და ხელს უწყობს თუ არა მას გარემო?

ამას პრაქტიკული გამოყენებები აქვს. მაგალითად, ძაღლებში განშორების შფოთვის შემთხვევაში შეგვიძლია სტრესის გამომწვევი ფაქტორები ამოვიცნოთ და განვსაზღვროთ, თუ რა როლი მიუძღვის თითოეულს. ამის შემდეგ შეგვიძლია დახმარების ისეთი გზები მოვიფიქროთ, რომლებიც ევოლუციურ ქცევებთან თავსებადია.

ეს ნიშნავს, რომ ტელეონომი საშუალებას გვაძლევს, ცხოველებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას სიტუაციას თავად ამ კონკრეტული სახეობის პერსპექტივიდან შევხედოთ.

გარდა ამისა, შეიძლება ტელეონომი ეთიკურ დებატებშიც გამოიყენონ არგუმენტად.

შესაძლოა, ნაგელის ფილოსოფიურ შეკითხვას ზუსტი პასუხი ვერასდროს გავცეთ, თუმცა ტელეონომი ცხოველთა გონების გაგების მხრივ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Animal Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.