მეცნიერებმა საწოლის ბაღლინჯოს მოსასპობად უმარტივესი მეთოდი აღმოაჩინეს
ფოტო: Dong Hwan Choe/UCR
კალიფორნიის რივერსაიდის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრებმა საწოლის ბაღლინჯოების საწინააღმდეგო ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. Cimex lectularius გავრცელებული საწოლის ბაღლინჯოა. ეს სისხლისმწოველი მწერია, რომელიც სახლებში ხშირად ჩნდება, მისი მოშორება კი ძალიან რთულია.
უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საწოლის ბაღლინჯოები განსაკუთრებით მომრავლდნენ. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მათ ქიმიური პესტიციდების მიმართ რეზისტენტობა განუვითარდათ.
ახალი ნაშრომის თანახმად, საწოლის ბაღლინჯოები წყალსა და სველ ზედაპირებს ერიდებიან. ეს აქამდე უცნობი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები განმარტავენ, გასაკვირი არც არის: ამ მწერს ბრტყელი სხეული და პატარა სასუნთქი გზები აქვს. აღმოჩნდა, რომ თუ საწოლის ბაღლინჯო წყალს შეეხება, ზედაპირს მიეწებება და სასუნთქი გზები დაეხშობა.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა ეს შემთხვევით, რუტინული ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებისას აღმოაჩინეს. მკვლევრებმა საწოლის ბაღლინჯოების კოლონიები პატარა სინჯარებში ჩასვეს, რომელთა თავზეც სისხლით სავსე ხელოვნური მკვებავი მოწყობილობა დაამაგრეს.
მწერები მაღლა აცოცდნენ და პირი თხელ მემბრანას მიაბჯინეს, რათა სისხლით გამოკვებილიყვნენ. სინჯარის მემბრანა ოდნავ დაზიანებული იყო, ამიტომ სისხლი სინჯარაში ჩაფენილმა ქაღალდმა შეიწოვა. მეცნიერები ელოდნენ, რომ ეს ბაღლინჯოებს საქმეს გაუმარტივებდა: სისხლს პირდაპირ ქაღალდიდან დალევდნენ, თუმცა პირიქით მოხდა. მწერები ცდილობდნენ, დასველებულ ადგილებს მაქსიმალურად გარიდებოდნენ.
ამის შემდეგ მეცნიერებმა სინჯარებში წყალში ჩალბობილი ქაღალდი მოათავსეს. ამით იმის დადგენა უნდოდათ, მწერების ქცევა სისხლის ბრალი იყო თუ ზოგადად სითხის. ბაღლინჯოები ამ ადგილებსაც მოერიდნენ.
ამის შემდეგ კიდევ ჩაატარეს ექსპერიმენტები. აღმოჩნდა, რომ სველ ზედაპირებს ყველა საწოლის ბაღლინჯო გაურბოდა, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მიგნება შეგვიძლია სახლებში გაჩენილი საწოლის ბაღლინჯოების მოსასპობად გამოვიყენოთ. ნაშრომი გამოცემაში Journal of Ethology გამოქვეყნდა.
კომენტარები