დედამიწაზე რამდენიმე მასობრივი გადაშენება მოხდა, მათ შორის უკანასკნელმა კი 66 მილიონი წლის წინ ხმელეთზე მცხოვრები დინოზავრები შეიწირა. ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ, შესაძლოა, პირველი ასეთი მოვლენა იმაზე ადრე ყოფილიყო, ვიდრე გვეგონა.

ნამარხების მიხედვით, 550 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ბიომრავალფეროვნება მკვეთრად შემცირდა. მანამდე წყლებში რბილი სხეულის მქონე რთული ორგანიზმები იყვნენ გავრცელებულნი, რომლებიც მცენარეებს უფრო ჰგავდნენ. მათ კრებსით ედიაკარულ ბიოტას უწოდებენ. ისინი შედარებით მარტივმა სიცოცხლის ფორმებმა ჩაანაცვლეს, რა პროცესსაც კოტლინის კრიზისის სახელით ვიცნობთ.

ამ დროს, რა თქმა უნდა, ბიომრავალფეროვნების დონემაც საგრძნობლად იკლო. ამის მიუხედავად, ცხოველთა დაკარგული ტაქსონომიური ჯგუფების რაოდენობა არასაკმარისად მიიჩნეოდა იმისთვის, რომ მასობრივ გადაშენებად განესაზღვრათ. ცნობისთვის, ასეთად იწოდება მოვლენა, რომლის დროსაც დედამიწაზე არსებული სახეობების სულ მცირე 75% ხანმოკლე პერიოდში ნადგურდება.

აღნიშნულ კრიტერიუმში სულ ხუთი მასობრივი გადაშენება ჯდება, ყველაზე ადრეული კი 445 მილიონი წლის წინანდელია. ზოგი მეცნიერის აზრით, ახლა მეექვსე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომლის მიზეზიც კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის დაკარგვა და გარემოს დაბინძურებაა.

ახალი კვლევის თანახმად, პირველი ასეთი მოვლენა შეიძლება სწორედ 550 მილიონი წლის წინ მომხდარიყო, რადგან მაშინ ფაუნის დაახლოებით 80% განადგურდა. ეს კანადაში ახლახან მიკვლეული ნამარხების მიხედვით დაასკვნეს, რომლებიც ვულკანურმა მატერიამ კარგად შემოინახა. ეს ნამარხები გვიჩვენებს, რომ ედიაკარული ბიოტა იმაზე ბევრად რთული იყო, ვიდრე წარმოგვედგინა.

ედიაკარულ პერიოდში მეცნიერები აქამდე სამ განცალკევებულ ფაზას გამოყოფდნენ:

  • ავალონის ასამბლაჟი 575-560 მილიონი წლის წინ, როცა ოკეანის ბნელ წყლებში რანგეომორფები გამოჩნდნენ;
  • თეთრი ზღვის ასამბლაჟი 560-550 მილიონი წლის წინ, როცა წყალმარჩხ ზღვებში ედიაკარული სიცოცხლის "ოქროს ხანა" იყო (მათ შორის ცხოველთა ადრეული წინაპრების, მაგალითად: Dickinsonia და Kimberella);
  • ნამას ასამბლაჟი 550-538 მილიონი წლის წინ, როცა ბიომრავალფეროვნება შემცირდა, შემდეგ კი დედამიწის ისტორიაში ევოლუციის ყველაზე აქტიური პერიოდი დადგა — კაბრული აფეთქება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანადაში აღმოჩენილ ნამარხებში ავალონის ტიპის ნიმუშები სხვებთან შედარებით 13 მილიონი წლით ახალგაზრდაა. ეს ზემოთ ჩამოთვლილ პირველ ორ ფაზას შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდის და იმის შესაძლო დასტურია, რომ ავალონის ასამბლაჟისდროინდელი სიცოცხლე 10 მილიონი წლით დიდხანს არსებობდა. შესაბამისად, ისინი მცირე მასშტაბის გადაშენებას არ ემსხვერპლნენ, არამედ — კოტლინის კრიზისს.

თუ ეს ვარაუდი მართალია, 550 მილიონი წლის წინ მომხდარი გადაშენების ტალღა იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, ანუ ის მეტ სახეობას მოიცავდა. საინტერესოა ისიც, რომ ედიაკარულ ფაუნას "ფონური გადაშენებები" თითქმის არ ახასიათებდა, ამიტომ კოტლინის კრიზისის უკან მსგავსი არაფერი იდგა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

ნაშრომი გამოცემაში Geology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.