მაცივარში ეს სუპი კვირებია დევს, უკვე გემოც შეეცვალა და ვეღარ შევჭამ, უნდა გადავასხა. ამ რძესაც ვერასოდეს ვამთავრებ ვადის გასვლამდე, მაგრამ მაინც დიდი ბოთლით ვიყიდე. ისიც ვერ გამიგია, ბოსტნეულს რისთვისღა ვყიდულობ; ჯანსაღად უნდა ვიკვებო-მეთქი, ვფიქრობ ხოლმე და ყოველ ჯერზე მაცივარში ლპება...

მსგავსი გამოცდილება ყველასთვის ნაცნობია. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ საკვების დანაკარგი და ნარჩენები (FLW) მასშტაბური პრობლემაა. საერთაშორისო თანამეგობრობები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად თავდაუზოგავად მუშაობენ, 29 სექტემბერს კი საკვების ნარჩენებისადმი ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე უკვე მეექვსედ აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც:

"მივიჩნევთ, რომ საკვების დანაკარგისა და ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ საკვების ნარჩენები, გამოვიყენოთ რესურსები ეფექტიანად და წავახალისოთ ადამიანებში მდგრადი მოხმარებისა და ცხოვრების წესი", — განაცხადა ლიზე ვანვეიმელბეკემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის, კავშირის, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საკითხების გუნდის ხელმძღვანელმა.

"ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოში მუშაობს საკვების დანაკარგისა და ნარჩენების თავიდან აცილებასა და მდგრადი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაზე ადგილობრივ დონეზე. CENN-თან ერთად მიმდინარე პროექტის "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები" ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ ნარჩენების პრევენციასა და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობაზე მთელს საქართველოში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და განათლებაზე, რადგან სწორედ ინფორმირებული და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეები ქმნიან საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის", — დაამატა მან.

საქმე ისაა, რომ ზოგჯერ იმაზე მეტ საკვებს ვყიდულობთ ან ვამზადებთ, ვიდრე მოვიხმართ. ჩვენი კუჭის ნაცვლად ეს ყველაფერი ხშირად ნაგავსაყრელზე მიდის. თუ არ მინდა, ძალით ხომ არ შევჭამო, იფიქრებთ, და ასეც არის: გადამეტებული ჭამით იქნება ეს თუ გადაყრით, საკვების ფლანგვა მაინც საკვების ფლანგვაა. ცხადია, ეს პრობლემა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას სცდება, რადგან საკვები რესურსი ზოგჯერ ჩვენთან მოღწევამდეც, წარმოების პროცესშიც, იკარგება.

დავკარგავთ საკვებს თუ გავფლანგავთ, გარემოსა და ინდივიდებისთვის ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს (წარმოიდგინეთ, ხელფასი რომ სადმე დაკარგოთ ან გამოუსადეგარ რამეში დაგეხარჯოთ...). მოდით, საკვების ნარჩენის კონცეფციაში უკეთ გავერკვეთ და ისიც მიმოვიხილოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ან საერთოდ რატომ უნდა გვადარდებდეს ეს საკითხი.

რა არის საკვები ნარჩენები — როგორ ვკარგავთ ან ვფლანგავთ სურსათს

FLW-ს კონცეფცია ორ პრობლემას, საკვების დანაკარგსა და საკვების ნარჩენებს, აერთიანებს. ეს ორი არსობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან.

დაკარგული საკვები სურსათია, რომელიც მანამ გადაიყარა ("დაიკარგა"), სანამ მომხმარებლამდე მიაღწევდა. ეს შეიძლება მოხდეს როგორც მოპოვების, ასევე დამუშავების პროცესში. მაგალითად, სიმინდი შეიძლება კრეფის პროცესში დაზიანდეს ან არასწორად შეინახონ და დაობდეს, სანამ გასაყიდად გაიტანენ; სიმინდს ყრიან.

საკვების ნარჩენები არის სურსათი, რომელიც მომხმარებლამდე უკვე მივიდა, თუმცა მაინც გადაიყარა ან გაფუჭდა. ეს მოხმარების ეტაპზე ხდება — სახლში, რესტორნებში ან მაღაზიებში. მაგალითად, საკვების ნარჩენად ითვლება დავიწყებული ბოსტნეული მაცივარში ან თეფშებზე შემორჩენილი პური.

ფოტო: ReFED

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი პირად ისტორიებს ცდება. მეტიც, სტატისტიკა დიდ მასშტაბებზე მიუთითებს:

  • 2021 წელს საკვების დაახლოებით 13% (ანუ 1.25 მილიარდი ტონა) დაიკარგა მოპოვების შემდეგ, გასაყიდად განთავსებამდე (FAO);
  • 2022 წელს სურსათის დაახლოებით 19% (ანუ 1.05 მილიარდი ტონა) გაიფლანგა ოჯახებში, საკვებ ობიექტებსა თუ ვაჭრობის პროცესში (UNEP);
  • მსოფლიოში საკვები ნარჩენების 60% ოჯახებზე მოდის (UNEP);
  • მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 28.9%-ს — 2.33 მილიარდ ადამიანს — 2023 წელს საკვები არასათანადოდ მიეწოდებოდა (FAO);
  • მსოფლიოში 11-იდან ერთ ადამიანს გამოუცდია შიმშილი 2023 წელს (FAO);
  • საკვების დანაკარგი და ნარჩენები გლობალურად სათბურის აირების 8-10%-ს წარმოქმნის (IPCC).

ეს რიცხვები ჩვენს პლანეტაზე მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.

რა გავლენა აქვს FLW-ს გარემოსა და ადამიანზე?

საკვების კარგვისა და ფლანგვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნარჩენები დიდი რაოდენობით სათბურის აირებს წარმოქმნის — მათ 8-10%-ს, როგორც უკვე აღვნიშნეთ. ეს აირები გლობალურ დათბობაზეა პასუხისმგებელი. სურსათის წარმოება და ვერ ათვისება არაერთ ეტაპზე იწვევს ემისიებს. გადაყრის შემდეგ, განსაკუთრებით ნაგავსაყრელზე, საჭმელი ლპება და მეთანს წარმოქმნის. გლობალური დათბობის კუთხით ეს აირი იმაზე 28-ჯერ ძლიერმოქმედია, ვიდრე ნახშირორჟანგი (CO2).

FLW-ს გამო უზარმაზარი რაოდენობის ბუნებრივი რესურსი იხარჯება. მაგალითად, საკვების ფლანგვისას უამრავი წყალი და მიწა ფუჭად გამოიყენება. მინდვრები ხმარდება მოყვანას იმ საკვებისა, რომელსაც არავინ შეჭამს. იფლანგება წარმოებისას გამოყენებული სასუქები და ენერგიაც.

მეთანი გლობალური დათბობის ხელშემწყობი ძლიერმოქმედი აირია.

ფოტო: Jonas Gratzer / LightRocket / Getty Images

რაც შეგვეხება ადამიანებს, FLW საკვების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს. ამ რაოდენობის საკვების დაკარგვის ან გაფლანგვის შედეგად ნაკლები რესურსი რჩება, რომ ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილოს — ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრ ნაწილში უამრავი ადამიანია მშიერი. ეკონომიკური ზარალთან ერთად, FLW საზოგადოებრივი ცხოვრების სირთულეებსაც იწვევს, რადგან ნარჩენები გარემოს აზიანებს. წყლის დაბინძურების, დაზიანებული მიწისა და კლიმატური პრობლემების გამო საფრთხე ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო საშუალებებსა და ეკოსისტემებს.

EPA-ს მოხსენებით, აშშ-ში საკვების ფლანგვა ყოველწლიურად იმ რაოდენობის სათბურის აირს წარმოქმნის, რამდენსაც ქვანახშირზე მომუშავე 42 ელექტროსადგური (ეს მაშინ, თუ ნაგავსაყრელებიდან წამოსულ მეთანს არ გავითვალისწინებთ). ასევე EPA-ს მიხედვით, აშშ-ის ნაგავსაყრელებზე ნაგვის 24% საკვების ნარჩენებია. აქედან გაფრქვეული მეთანის 58%-ზე სწორედ სურსათია პასუხისმგებელი.

რატომ და როგორ უნდა შევამციროთ საკვები ნარჩენები?

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ზიანისა, FLW-ს შემცირება პირადი მიზნებითაც მნიშვნელოვანია; ასევე იმიტომ, რა მიზეზებითაც ხელფასის გონივრულად განაწილებაა მნიშვნელოვანი. დედამიწაზე საკვები რესურსები შეზღუდულია და ყველას, ყველა ადამიანის საჭიროებას უნდა ეყოს. ასე დედამიწას ჯანმრთელობას უფრო დიდხანს შევუნარჩუნებთ და მასთან შედარებით ხარისხიან "თანაცხოვრებასაც" შევძლებთ.

საგულისხმოა, რომ საკვების ნარჩენების შემცირება ერთ-ერთი ყველაზე იაფი და განხორციელებადი მიზანია კლიმატის დაცვის კუთხით.

მომხმარებლებს ნარჩენების შესამცირებლად შემდეგი ზომების მიღება შეგვიძლია:

  • დაგეგმეთ საკვების შეძენა და მომზადება, სურსათი გამოყენებადი რაოდენობით შეიძინეთ და შენახვის წესები გაითვალისწინეთ. ჯობია, საყიდლებზე დანაყრებული წახვიდეთ (შიმშილმა შეიძლება უფრო მაღალკალორიული საკვები ან მეტი ნივთი გაყიდვინოთ);
  • შეძენამდე იარლიყებზე ყურადღება მიაქციეთ ვადის გასვლის თარიღებს, განსაკუთრებით მალფუჭებადი (რძე, ხორცეული და ა. შ.) პროდუქტების შემთხვევაში. თუკი სურსათის მაცივარში დაყოვნებას აპირებთ, შეიძლება დრო შეზღუდული გქონდეთ და ეს უნდა იცოდეთ;
  • დაუფიქრებლად ნუ გადაყრით საკვებს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ამ დროის გასვლა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სურსათი აუცილებლად უვარგისია. თუკი ფერი, სუნი, გემო ან ტექსტურა არ შესცვლია, ასეთი საკვების მიღება, როგორც წესი, უსაფრთხოა;
  • სადილის მომზადებისას ინგრედიენტების საჭირო რაოდენობა გაზომეთ, მორჩენილი პროდუქტები კი შეინახეთ ან ვინმეს, მაგალითად მეზობლებს, შესთავაზეთ;
  • სახლის პირობებშივე შეგიძლიათ საკვების კომპოსტირება. ეს ნარჩენების "მოსახელთებლად" ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია და მომდევნო ქვეთავში დეტალურად მიმოვიხილავთ.

ეცადეთ შეიძინოთ იმდენი საკვები, რამდენსაც გამოიყენებთ.

ფოტო: Shutterstock

ცხადია, ეს პრობლემა ინდივიდუალურზე მასშტაბურ ძალისხმევას საჭიროებს, ამიტომ გაერთიანებებისა და სამოქალაქო საზოგადოებების მოქმედებაც მნიშვნელოვანია — როგორც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მხრივ, ასევე შესაბამისი ინიციატივების წამოჭრისა და საკანონმდებლო დონეზე გატარების კუთხითაც.

იმისათვის, რომ FLW-ს ეფექტიანად ვებრძოლოთ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — მაგალითად, საკვების ნარჩენების შეგროვების ორგანიზებით და იმ პროცედურების მოწესრიგებით, რომლებსაც სურსათი ჩვენთან მოსვლამდე გადის.

კომპოსტირება — საუკეთესო გამოსავალი

ორგანული ნარჩენების გადაყრით ატმოსფეროში მეთანი გამოიყოფა, მათი დაწვით კი — ნახშირორჟანგი. ამის ალტერნატივად არსებობს კომპოსტირება, რომელიც მორჩენილი საკვების მოსაშორებლად ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გზაა. ასე ნარჩენებს უსაფრთხო გზით მოვიშორებთ და თან მიწასაც გავაჯანსაღებთ.

ასევე იხილეთ: რატომ არ უნდა დაწვათ ფოთლები შემოდგომით

კომპოსტირება ბიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ორგანული ნარჩენები — საკვები, ფოთლები, ბალახი ან სხვა მცენარეული მასალა — იშლება და ჰუმუსად, იგივე ნეშომპალად, გარდაიქმნება. ეს ნოყიერი ნივთიერებაა, რომელიც მიწას მცენარისთვის საჭირო ნუტრიენტებით ამდიდრებს. კომპოსტირება ტყეებში ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა ამის გაკეთება ხელოვნურად საკუთარ ეზოშიც შეგვიძლია, უფრო სწრაფად და მიზანმიმართულად.

კომპოსტის გროვა

ფოტო: Getty Images

კომპოსტში მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები და ა. შ.) ნარჩენებით იკვებებიან, ამ მასალების დაშლისას კი სითბო გამოიყოფა. პროცესში ორგანული მასალა თანდათან უფრო სტაბილურ, ნოყიერ ნარევად გარდაიქმნება.

როგორ მოვამზადოთ კომპოსტი?

ამისთვის საკომპოსტე ყუთი და ორგანული ნარჩენები დაგჭირდებათ.

კომპოსტის გროვა სიგანეში დაახლოებით 1-1.5 მეტრი უნდა იყოს, სიგრძე კი ნარჩენების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ასეთი მოცულობა საშუალებას მოგცემთ, მასალა მარტივად გადააბრუნოთ, ამასთან ერთად კი ნარჩენებს საკმარისი ჰაერიც მიეწოდება.

ყუთი დაჩრდილულ ადგილას, სასურველია ხის ქვეშ, მოათავსოთ, თუმცა არა წიწვიანი ხეების ქვეშ. ადგილი შემაღლებული უნდა იყოს, რომ წვიმის დროს კომპოსტს წყალი არ შეუდგეს.

კომპოსტირებისთვის ნებისმიერი ორგანული მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის: საკვების ნარჩენები, ძროხისა და ფრინველის ნაკელი, ბუმბული, ხეხილისა და ვაზის ანასხლავი, ჩალა, ქაღალდი, ნაცარი და ყურძნის ჭაჭა და სხვა.

ეს ორგანული მასალები აზოტსა (N) და ნახშირბადს (C) შეიცავს, კომპოსტში კი მათი ოპტიმალური თანაფარდობაა 1:25-30 (N:C). აზოტით მდიდარია "მწვანე", სველი მასალები, მათ შორის: ხილ-ბოსტნეულის ნარჩენები, ახალი ბალახი, მწვანე ფოთლები, ნაკელი და პარკოსნები. მეორე მხრივ, ნახშირბადი ბევრია "ყავისფერ", მყარ მასალებში: გამხმარ ფოთლებში, თივაში, ნამჯაში, ხის ნაფოტებში, ნახერხში, მუყაოსა და სხვა მასალებში.

საგულისხმოა, რომ კომპოსტში ზოგიერთი ნარჩენის ჩამატება არ შეიძლება. ესენია: დასნებოვნებული ან შხამიანი მცენარეები, მაღალი მჟავიანობის მცენარეები (ასეთია ფიჭვის წიწვები), კატისა და ძაღლის ექსკრემენტები (შეიძლება პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს შეიცავდეს), ასევე მასალები: მეტალი, პლასტმასა, შუშა და ორგანული ნარჩენების დიდი ნაჭრები (სასურველია, ყველა ნარჩენი დაქუცმაცებული იყოს).

კომპოსტის გასაკეთებლად მასალები სპეციალური თანმიმდევრობით, ფენებად უნდა დააწყოთ ერთმანეთზე. გროვის ძირი მიწას უნდა ეხებოდეს (ყუთს არ უნდა ჰქონდეს ძირი), რათა მასში მიკროორგანიზმებმა და ჭიაყელებმა მარტივად შეაღწიონ. ორგანიზმების სიმრავლისთვის შეიძლება უკვე მზა კომპოსტის ან ბაღის მიწის ჩამატება დაგჭირდეთ.

გროვის ასაწყობად შეგიძლიათ შემდეგი პრინციპით იხელმძღვანელოთ:

  1. პირველი ფენაა მიწა;
  2. 10-15 სმ. მწვანე ორგანული ნარჩენები + 4 კგ. ნაცარი 1მ3 ნარჩენზე;
  3. 5-10 სმ. სხვადასხვა სახის ნაკელი, ნაცარი;
  4. ზედაფენის სახით: 2 სმ. მიწა და ტორფი;
  5. საფარის სახით: მოთიბული ბალახი და ჭილოფის ტომარა.

სასურველია, კომპოსტი პერიოდულად ჭინჭრის ნაყენით მორწყოთ. ყველა ფენას გარკვეული ოდენობით მიწა უნდა მოაყაროთ, გადაბრუნების დროს კი ჭიაყელები დაამატოთ ხოლმე.

ფოტო: Treehugger / Kate Medley

შავი, ფხვიერი კომპოსტის მისაღებად პროცესის დაწყებიდან 2-3 თვეა საჭირო, ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ, სასუქით მიწა გაამდიდროთ. იმ შემთხვევაში, თუკი სამეურნეო საქმიანობას თავად არ ეწევით, შეგიძლიათ მიღებული ჰუმუსი მეზობელს ან ნებისმიერ ადამიანს მისცეთ, რომელსაც იგი გამოადგება.

თუ გსურთ, რომ ნეშომპალა მუდმივად გქონდეთ, უმჯობესია ნარჩენები ორი განყოფილების მქონე გრძელ ყუთში ანდა ორ ცალკეულ ყუთში დააგროვოთ. ერთის ავსებისას მეორის შევსებაც უნდა დაიწყოთ, ამასობაში კი პირველში კომპოსტი უკვე მზად იქნება.

საკვების ნარჩენებზე საკუთარი ცოდნა შეგიძლიათ ამ ტესტით შეამოწმოთ.

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ოთხწლიანი პროექტი "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის" ხორციელდება CENN-ის მიერ, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნა კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.

ეს სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, "მწვანე დიპლომატიური კვირეულის" ფარგლებში, "ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში" პროგრამის ინიციატივით, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.