კასინი უპილოტო კოსმოსური ხომალდია, რომელიც ნასას, ევროპის კოსმოსური სააგენტოს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. იგი 20 წლის წინ, სატურნისკენ გაუშვეს და დღეს, მისი მისია ოფიციალურად სრულდება — იგი სატურნთან შეჯახებით დაასრულებს არსებობას.

სად ვუყურო კასინის სატურთან შეჯახებას?

ნასაში უკვე დაგეგმეს პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია, რომელიც შეგიძლიათ ან YouTube-ზე უყუროთ, ან - Facebook-ზე. თბილისის დროით, პირდაპირი ეთერი 15:00-ზე დაიწყება.

მისიის შესახებ

„როდესაც კასინის პროექტზე დავიწყე მუშაობა, ჩემი შვილი ჯენიფერი ახალი შესული იყო ბაღში. ახლა კი, ის დაქორწინებულია და შვილებიც ჰყავს. კასინის პროექტზე თითქმის 30 წელია, ვმუშაობ.“ - ამბობს ლინდა სპილკერი, კასინის პროექტის ერთ-ერთი მეცნიერი. მე კი, იმ ზონდის სიკვდილზე გაწვდით ინფორმაციას, რომელიც მაშინ გაუშვეს, როდესაც სულ რაღაც 8 თვის ვიყავი.

კასინი 1997 წლის 15 ოქტომბერს გაუშვეს. 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ, 2004 წლის 30 ივნისს ის სატურნის ორბიტაზე გავიდა და თან გაიყვანა ევროპული ჰუიგენსის ზონდი. კასინის ძირითადი მისია ოთხ წელზე იყო გათვლილი, თუმცა, ამ ოთხი წლის შემდეგ მან ორჯერ გაზარდა მისიის პერიოდი. მის უმთავრეს აღმოჩენებში შედის ენცელადის გლობალური ოკეანე, ჰიდროთერმული აქტივობებით და თხევადი მეთანის ზღვები ტიტანზე.

კასინიმ 2010 წელს 7-წლიანი მისია დაიწყო. მისიის მიზანი სატურნის მთვარეებთან ახლოს ჩაფრენები, ასევე, სეზონური ცვლილებების დაკვირვება იყო სატურნსა და მის უდიდეს მთვარე - ტიტანზე. მისიის ამ ფაზის გეგმით, სატურნის გამოკვლევისას, ზონდს თავისი საწვავი ბოლომდე უნდა ამოეწურა და სატურნის ატმოსფეროში უნდა ჩაძირულიყო. 2017 წლის აპრილში, კასინიმ შეჯახების კურსი აიღო. 5 თვის განმავლობაში ის საოცარ მანევრებს აკეთებდა - ორბიტალური შემოფრენის 22 სერია, რომლებიც პლანეტასა და მის რგოლებს შორის გადიოდა.

გრანდიოზული აღსასრული?

ასე ეწოდება ფაზას, რომელიც 2017 წლის აპრილიდან დაიწყო. ნასას კასინის კოსმოსური ხომალდი საბოლოო ამაღელვებელ თავს წერს თავისი კვლევის 20 წლიანი ამბავში. ამ პერიოდში, კასინიმ სატურნისა და მისი რგოლების შესახებ უპრეცედენტო მონაცემები გადმოგვცა. ადამიანის არსებობის მანძილზე, სატურნი ასე ახლოდან არასოდეს შეგვისწავლია.

ყოველ კვირას, კასინი დაახლოებით 2000 კილომეტრი სიგანის ნაპრალში ყვინთავს, რომელიც სატურნსა და მის რგოლებს შორისაა. არც ერთ სხვა კოსმოსურ ხომალდს არ გამოუკვლევია ეს უნიკალური რეგიონი.

სატურნის მთვარის, ტიტანის საბოლოო შემოფრენისას, ზონდმა მთვარის გრავიტაცია თავისი ტრაექტორიის შესასწორებლად გამოიყენა, რათა ის სატურნსა და მის რგოლებს შორის გამძვრალიყო. 22 ასეთი ჩავლისას, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ხომალდის სიმაღლე სატურნის ღრუბლებიდან 1600-დან 4000 კილომეტრამდე მერყეობდა. ამ დროს კასინი რგოლების ყველაზე შიდა ნაწილებში დაძრომიალობდა, სხვა დროს კი - ატმოსფეროს გარე ნაწილებს აკვირდებოდა. მისი საბოლოო ხუთი ორბიტალური შემოფრენისას, მისი ორბიტა სატურნის ყველაზე ზედა ატმოსფეროში გადის, სანამ საბოლოოდ ჩაეშვება პლანეტაში 15 სექტემბერს.

2017 წლის 15 სექტემბერს, კოსმოსური ხომალდი საბოლოოდ მიუახლოვდება გაზის გიგანტ პლანეტა სატურნს. მაგრამ ეს შეჯახება არც ერთის მსგავსი არ იქნება. ამ დროს, კასინი ჩაყვინთავს პლანეტის ატმოსფეროში და გადმოგვიგზავნის მეცნიერულ მონაცემებს იქამდე, სანამ მისი პატარა ძრავები ზონდის ანტენას დედამიწისკენ მომართულს დატოვებენ. მალევე, კასინი დაიწვება და დაქუცმაცდება ატმოსფეროში, ზუსტად ისე, როგორც მეტეორი იწვება დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას. სატურნელ უცხოპლანეტელებს რიგითი „ვარსკვლავის ჩამოვარდნა“ ეგონებათ, რას იფიქრებენ, თუ ასეთი ტრაგიკული მოვლენის მომსწრენი გახდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საოცარი კოსმოსური ზონდი სამუდამოდ განადგურდება, მის მიერ შეგროვებული მონაცემები სატურნზე - თვითონ პლანეტაზე, მის მაგნეტოსფეროზე, რგოლებსა და მთვარეებზე - ათწლეულების განმავლობაში ახალი აღმოჩენების საცავი იქნება.

კასინის დამსახურებაა:

  • 2.5 მილიონი შესრულებული ბრძანება
  • 635 GB შეგროვებული მონაცემი
  • 293 შესრულებული ორბიტა
  • 453 048 გადაღებული ფოტო
  • 3 948 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი

თავზეხელაღებული კვლევა

კასინის გრანდიოზული აღსასრული ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ზონდის საბოლოოდ ჩაყვინთვა სატურნში. ეს დრამატული მოვლენა 6 თვიანი თავზეხელაღებული კვლევებისა და სამეცნიერო აღმოჩენების კულმინაციაა. უკანასკნელი 6 თვე კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20 წლიანი ისტორიული მოგზაურობის მოთხრობის საბოლოო, ამაღელვებელი თავია. მართალია, მისიის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ რისკები კარგად აწონილ-დაწონილია, თუმცა, სიურპრიზები შეიძლება მაინც იყოს.

როგორც კი კასინი სატურნში ჩაეშვება, ის ძალიან მდიდარ და ღირებულ ინფორმაციას მოაგროვებს, რომელთა მიღება მისიის ადრეულ პერიოდში საკმაოდ რისკიანი იყო:

  • კოსმოსური ხომალდი სატურნის გრავიტაციისა და მაგნიტური ველების დეტალურ რუკას შეადგენს, რაც დაგვეხმარება, რომ გავიგოთ, როგორაა პლანეტის შიგნეულობა განლაგებული, რაც, თავის მხრივ, შეიძლება პასუხი იყოს კითხვაზე, თუ რატომ ბრუნავს სატურნი ასე სწრაფად.
  • საბოლოო ჩაყვინთვები საგრძნობლად გაამყარებს ჩვენს ცოდნას იმაზე, თუ რამდენი მატერიაა მის რგოლებში. ეს კი მიგვაახლოვებს ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნისაკენ: საიდან წარმოიქმნა მისი რგოლები?
  • კასინის ნაწილაკების დეტექტორები ყინულოვანი რგოლების ნაწილაკების სინჯებს აიღებს, რომლებიც სატურნის მაგნიტურ ველში მოძრაობენ.
  • მისი კამერები სატურნის რგოლებისა და ღრუბლების საოცარ, ზეახლო ფოტოებს გადაიღებენ.

აღმოჩენები

საბოლოო აღმოჩენები

კასინის ბოლო სურათები დედამიწაზე გრანდიოზული აღსასრულიდან რამდენიმე საათში გადმოიგზავნება, მაგრამ როგორც კი ზონდი მის საბედისწერო ჩაშვებას გააკეთებს სატურნის ატმოსფეროში, ახალ მონაცემებს რეალურ დროში გადმოაგზავნის. მთავარ მონაცემებს მისი მასის სპექტრომეტრი გადმოგზავნის, რომელიც სატურნის ატმოსფეროს სინჯებს აიღებს და მის შედგენილობაზე „გვიამბობს“ მანამ, სანამ კონტაქტი არ დაიკარგება.

მართალია, როდესაც მისია დასასრულს უახლოვდება, ძალიან სევდიანია, მაგრამ კასინის გრანდიოზული აღსასრული საოცარი დასასრული იქნება მზის სისტემაში მეცნიერულად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ვოიაჟისა. 1997 წლის გაშვებიდან 2017 წლის გრანდიოზულ აღსასრულამდე, კასინი-ჰუიგენსის მისიამ მიღწევების საოცარი სია დააგროვა.

მისიის მიღწევები

ნასას კასინის მისიამ მრავალი აღმოჩენა გააკეთა სატურნსა თუ მის მთვარეებზე. გთავაზობთ მნიშვნელოვანი აღმოჩენების ძალიან მოკლე შეჯამებას:

  • ნასას კასინის ხომალდმა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ჰუიგენსის ზონდმა ჩვენი ცოდნა გააღრმავა იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის ობიექტებზე უნდა ვეძებოთ სიცოცხლე.
  • სატურნის უდიდეს მთვარეზე, ტიტანზე, კასინიმ და ჰუიგენსმა დედამიწის ყველაზე მეტად მიმსგავსებული გარემო დაინახეს: ამინდით, კლიმატითა და გეოლოგიით, რომელიც ჩვენი საცხოვრებელი პლანეტის შესწავლის ახალ გზებს უზრუნველყოფს.
  • კასინის მისიის ხანგრძლივობამ საშუალება მოგვცა, ამინდსა და სეზონურ ცვლილებებს დავკვირდებოდით, რითაც გაამყარა ჩვენი ცოდნა დედამიწაზე მიმდინარე მსგავსი პროცესების შესახებ და პოტენციურად იმ პლანეტებზე, რომელიც მზის სისტემის გარეთ, სხვა ვარსკვლავების გარშემო ბრუნავენ.
  • კასინიმ დაგვანახა სატურნის რგოლების კომპლექსურობა და ის დრამატული პროცესები, რომლებიც იქ მიმდინარეობს.
  • ზონდის ზოგიერთი საუკეთესო აღმოჩენა შემთხვევითი იყო. იმან, რაც კასინიმ აღმოაჩინა სატურნზე, მეცნიერები მზის სისტემის ცოდნაზე ხელახლა დააფიქრა.
  • კასინი წარმოადგენს ადამიანისა ტექნიკური კომპლექსურობის უდიდეს მიღწევას. ამ მისიით ჩვენ კოსმოსური ზონდისა და მისი ინსტრუმენტების გამოყენების ინოვაციური გზები ვიპოვეთ, ასევე მზის სისტემის სამომავლო კვლევისთვის გზა გავიკვალეთ.
  • კასინიმ სატურნის, მისი რგოლებისა და მთვარეების სილამაზე უფრო თვალნათლივ დაგვანახა, რითაც დაგვიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა და უკეთ გვაგრძნობინა ჩვენი ადგილი კოსმოსში

რატომ უნდა დასრულდეს ეს მისია?

2017 წლისთვის, კასინიმ 13 წელი გაატარა სატურნის ორბიტაზე, 7 წელი კი მხოლოდ სატურნამდე მისაღწევად დასჭირდა. ზონდს კურსის მარეგულირებელი საწვავი ეწურება. მეცნიერები თუ არ შეამოწმებდნენ მას, სიტუაცია იმდენად ცუდი იქნებოდა, რომ მათ საშუალება არ ექნებოდათ, ზონდის კურსი ეკონტროლებინათ.

გასული 10 წლის განმავლობაში სამეცნიერო საინფორაციო სააგენტოები ყურადღებას ამახვილებდნენ სატურნის ორ მთვარეზე, ენცელადზე და ტიტანზე მას შემდეგ, რაც კასინის გადმოგზავნილმა მონაცემებმა დაადგინა, რომ მათ, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო აქვთ, ან, სულ ცოტა, მათზე სიცოცხლის წინაპირობა არსებობს.

იყო იმის შესაძლებლობაც, რომ ერთ დღეს კასინი ერთ-ერთ ამ მთვარეს შეჯახებოდა. ამიტომ, ამის თავიდან ასაცილებლად, ნასამ ზონდის უსაფრთხოდ განადგურება გადაწყვიტა სატურნის ატმოსფეროში. ამის შემდეგ კი, დარწმუნებულები ვიქნებით, რომ კასინიმ არ დააბინძურა რომელიმე მთვარის ის პოტენციურად სასიცოცხლო გარემო, რომელიც სამომავლო კვლევებმა უნდა შეისწავლონ.