NASA-ს ასტრონავტები ბაჩ უილმორი და სანი უილიამსი, რომლებმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ცხრა თვე დაჰყვეს, SpaceX-ის კაფსულით დედამიწაზე ბრუნდებიან. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისია მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა Boeing-ის კოსმოსური ხომალდის გაუმართაობამ ყველაფერი შეცვალა.

უილმორი და უილიამსი NASA-ს გამოცდილი ასტრონავტები არიან, რომლებიც ასევე აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდნენ. ისინი ორ სხვა ასტრონავტთან ერთად Crew Dragon-ის კაფსულით კოსმოსურ სადგურს თბილისის დროით 09:05-ზე ჩამოშორდნენ და დედამიწისკენ დაიძრნენ.

ოთხკაციანი ეკიპაჟი, რომელიც NASA-ს Crew-9-ის ასტრონავტთა მისიაში მონაწილეობს, ფლორიდის სანაპიროზე თბილისის დროით 19 მარტის 01:57 საათზე დაეშვება.

"Crew-9 სახლში ბრუნდება",განაცხადა მისიის მეთაურმა ნიკ ჰეიგმა კაფსულის ბორტიდან, როცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ნელა ჩამოშორდნენ. NASA-ს ასტრონავტმა აღნიშნა, რომ ISS-ისთვის "სახლის" დაძახება მისთვის დიდი პატივი იყო. ჰეიგისთვის სასიხარულოა ისიც, რომ იმ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი გახდა, რომელიც "კაცობრიობის სასარგებლოდ" ხორციელდება.

NASA-ში განაცხადეს, რომ დედამიწაზე დაშვებისთვის ამინდის პირობები იდეალურია. მანამდე ვიხილეთ, როგორ ემშვიდობებოდა 4-კაციანი ეკიპაჟი კოლეგებს, შემდეგ კი მათ ორი საათის განმავლობაში წნევის, კომუნიკაციისა და კაფსულის იზოლაციის შემოწმებები გაიარეს.

ფოტო: MSN

უილმორისა და უილიამსის ამ უჩვეულო, ხანგრძლივი და გაურკვევლობით სავსე მისიიდან დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენაა. Boeing-ის Starliner-ის ტექნიკური ხარვეზები და NASA-ს ასტრონავტების დასაბრუნებელი საგანგებო გეგმა ერთგვარ გლობალურ და პოლიტიკურ სანახაობად იქცა.

ასტრონავტების წყვილი კოსმოსში ივნისში გაემგზავრა, რათა რვადღიანი სატესტო მისია შეესრულებინა. ამის მიუხედავად, Starliner-ის ძრავის სისტემაში გამოვლენილმა პრობლემებმა მათი დაბრუნება რამდენჯერმე შეაფერხა. საბოლოოდ, NASA-მ გასულ წელს გადაწყვიტა, რომ ისინი SpaceX-ის კაფსულით დაებრუნებინა.

მისიამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მან იანვარში NASA-ს უილმორისა და უილიამსის სწრაფი დაბრუნებისკენ მოუწოდა. ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე "პოლიტიკური მიზეზების გამო" აყოვნებდა.

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, რომელიც ტრამპის ახლო მრჩეველია, ასტრონავტების დაბრუნებას მხარი დაუჭირა. SpaceX-ის Crew Dragon ამჟამად ერთადერთი ამერიკული კოსმოსური ხომალდია, რომელსაც ორბიტაზე ეკიპაჟის ტრანსპორტირება შეუძლია. Boeing იმედოვნებდა, რომ Starliner მას კონკურენციას გაუწევდა, თუმცა უილმორისა და უილიამსის მისიამ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დაბრუნების შემდეგ ასტრონავტებს ჰიუსტონში მდებარე ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გადაიყვანენ, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჯანმრთელობას შეუმოწმებენ. ამის შემდეგ ისინი სახლში, თავიანთ ოჯახებთან დაბრუნებას შეძლებენ.

მნიშვნელოვანია, რომ კოსმოსში რამდენიმე თვის გატარება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს — კუნთოვანი ატროფიიდან დაწყებული, მხედველობის გაუარესებით დასრულებული.

უილმორი და უილიამსი კოსმოსში 286 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს გაცილებით მეტი დროა, ვიდრე ISS-ის საშუალო ექვსთვიანი მისია, თუმცა ბევრად ნაკლები აშშ-ის რეკორდზე. რეკორდსმენ ფრენკ რუბიოს 2023 წელს რუსული კოსმოსური ხომალდის გაგრილების სისტემის გაუმართაობის გამო კოსმოსში ყოფნა 371 დღის განმავლობაში დაუგეგმავად მოუწია.

უილიამსს, რომელიც კოსმოსში უკვე სამჯერ იყო, საერთო ჯამში დედამიწის მიღმა 608 დღე აქვს გატარებული. ამ მაჩვენებლით ამერიკელ ასტრონავტთა შორის ის მეორე ადგილზეა ფეგი უიტსონის (675 დღე) შემდეგ. მსოფლიო რეკორდი კი რუს კოსმონავტ ოლეგ კონონენკოს ეკუთვნის — 878 დღე.

შემცვლელი ეკიპაჟი

NASA-ს ასტრონავტთა როტაციის გრაფიკის გამო უილმორსა და უილიამსს დედამიწაზე დაბრუნება იქამდე არ შეეძლოთ, სანამ ISS-ზე მათ შემცვლელ ეკიპაჟს არ გაგზავნიდნენ. ეს იმიტომ, რომ სადგურზე საკმარისი ამერიკელი დარჩენილიყო.

მათი შემცვლელები — NASA-ს Crew-10-ის ოთხი ასტრონავტი — ISS-ზე პარასკევს ღამით ჩავიდნენ, რამაც სადგურის ეკიპაჟის რაოდენობა დროებით 11-მდე გაზარდა.

"ჩვენ დიდი ხნით დარჩენისთვის მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე მისია გვქონდა დაგეგმილი", — თქვა უილმორმა თვის დასაწყისში, როცა კოსმოსიდან ჟურნალისტებთან საუბრობდა. მისი თქმით, NASA-ს გადაწყვეტილება Crew-10-ის ჩასვლამდე ISS-ზე მათი დარჩენის შესახე, პოლიტიკას არ უკავშირდებოდა. "კოსმოსური ფრენების პროგრამის არსი სწორედ ესაა — მზადყოფნა მოულოდნელი გამოწვევებისთვის. ჩვენ ეს შევძელით", — განაცხადა მან.

მისიის განმავლობაში უილმორი და უილიამსი ხუთ სხვა ასტრონავტთან ერთად მეცნიერულ კვლევებს ატარებდნენ და სადგურის ტექნიკურ გამართვას უზრუნველყოფდნენ. უილიამსმა ორი ექვსსაათიანი "კოსმოსური გასეირნება" შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი უილმორთან ერთადაც.

უილიამსმა განაცხადა, რომ სახლში დაბრუნება ყველაზე მეტად თავისი ოჯახისა და ორი ძაღლის ნახვის გამო უხარია. მისი თქმით, ეს მათთვის უფრო ემოციური შეიძლება ყოფილიყო, ვიდრე თავად ასტრონავტებისთვის.

ISS საერთაშორისო კოსმოსური სადგურია, რომელიც დედამიწიდან 409 კმ. სიმაღლეზე, ორბიტაზე მოძრაობს. ის საფეხბურთო სტადიონის ზომის ორბიტალური ლაბორატორიაა და უკვე 25 წელია, რაც საერთაშორისო ასტრონავტების ეკიპაჟს უწყვეტად მასპინძლობს. ის სამეცნიერო დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა, რომელსაც ძირითადად აშშ და რუსეთი მართავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.