დიდ ბრიტანეთში, საშუალო სტატისტიკური ზრდასრული ყოველდღიურად სოციალურ ქსელებს დაახლოებით ორ საათს უთმობს. უფრო ახალგაზრდებში კი, ხშირად ეს რიცხვი ხუთ საათამდე იზრდება. Instagram-ისა და Tik-Tok-ის მსგავსმა აპლიკაციებმა შეიძლება ისე ჩაგვითრიონ მუდმივად ცვალებად და განახლებად სამყაროში, რომ მათგან მოწყვეტა გაგვიჭირდეს.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ ქსელში ყოფნისას, ჩვენი სხეულიც კი აღიქვამს ეკრანზე მიჯაჭვულობას და უკურეაქციასაც იძლევა.

კვლევაში 54 სრულწლოვან ახალგაზრდას სთხოვეს, ისე გამოეყენებინათ Instagram აპლიკაცია 15 წუთის განმავლობაში, როგორც ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გააკეთებდნენ, თუმცა ერთი განსხვავებით, ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მათ სხეულზე ელექტროდები ჰქონდათ დამაგრებული, რათა გაეზომათ გულისცემისა და კანის გამტარობის (სხეულის ოფლიანობის) მაჩვენებლები.

ეს ფიზიოლოგიური მონაცემები, ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს დაადგინონ ადამიანის ემოციური მდგომარეობა. ექსპერიმენტი ასევე მოიცავდა დამატებით პირობას — მონაწილეებს უნდა წაეკითხათ საინფორმაციო სტატია instagram-ში შესვლამდე.

მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საინფორმაციოს სტატიის კითხვის ფაზასთან შედარებით, Instagram-ის თვალიერების პროცესში გულისცემა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა სხეულის ოფლიანობა — გაიზარდა.

სხვა კვლევის მიხედვით, სხეულის აღნიშნული უკურეაქცია, მიგვანიშნებს, რომ ადამიანი მთლიანადაა ჩაფლული რაიმე მნიშვნელოვან და ემოციურ აქტივობაში. ეს არის ერთდროულად აღგზნებისა და მიზიდულობის მდგომარეობა, რაიმე ისეთში, რაც ინდივიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, დამატებითი პირობის წყალობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხეულის ასეთი უკურეაქცია, მხოლოდ ტელეფონის მოხმარებას ან კითხვის პროცესს არ გამოუწვევია. ასე რომ, სოციალურ მედიას გააჩნია რაღაც განსაკუთრებული უნარი, რომლის წყალობითაც იგი ადვილად იზიდავს ადამიანებს.

კვლევაში ყველაზე საინტერესო შედეგი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ექსპერიმენტის ბოლოს მონაწილეებს სთხოვეს, შეეწყვიტათ Instagram-ის თვალიერება და ისევ სტატიის კითხვას დაბრუნდებოდნენ.

ნაცვლად იმისა, რომ შეწყვეტილიყო აღგზნების ფაზა და მონაწილეები დაბრუნებულიყვნენ ჩვეულ, მშვიდ მდგომარეობაში, მათი სხეულის ოფლიანობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო გულისცემა, რომელიც მანამდე ნელდებოდა, საპირისპიროდ – აჩქარდა.

საქმე ადიქციასთან გვაქვს?

ფოტო: Unsplash

კვლევის შედეგების შეფასებისა და იმის გასაგებად თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს აღეწერათ მათი ემოციური მდგომარეობა როგორც სოციალური მედიის გამოყენებამდე, ისე გამოყენების შემდეგ.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოციალური მედიის გათიშვისას სტრესსა და შფოთვას განიცდიდნენ. ზოგმა აღნიშნა, რომ იმ მომენტში სოციალური მედიის გამოყენების ძლიერი სურვილი გაუჩნდა.

გამოჩნდა, რომ ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც მონაწილეებს სოციალური ქსელიდან გამოსვლისას აღენიშნებოდათ, აღგზნების სხვა ფორმას ასახავდა, მაგრამ ამჯერად ის უფრო ნეგატიური და სტრესთან ასოცირებული იყო.

სხეულის და ფსიქიკის მსგავსი სტრესული უკუკავშირი, ასევე გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებიც დამოკიდებულები არიან ნივთიერებებზე და ამ ნივთიერებისგან თავის დაღწევის პროცესს გადიან, ან დაუყოვნებლივ წყვეტენ მის გამოყენებას.

მაშასადამე, გამოდის რომ სხეულის რეაქცია ინსტაგრამიდან თავის დაღწევის სურვილის მანიშნებელი იყო?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, თუმცა აღნიშნულმა კვლევამ შეიძლება რამდენიმე მინიშნება მოგვცეს. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სთხოვეს, შეევსო კითხვარი, რომელიც „სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების“ სიმპტომებს აფასებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია საკამათოა და ამჟამად ფსიქიკურ აშლილობად არ მიიჩნევა, კითხვარმა აჩვენა, რომ სოციალური მედიის მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგალითად, მუშაობასა და სწავლაში შეფერხება, ან კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა პარტნიორთან ურთიერთობაში.

აღსანიშნავია, რომ, ამ "სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების’" კითხვარში მიღებულ ქულებს არ ჰქონია პირდაპირი კავშირი გულისცემასა და ოფლიანობის ზრდასთან. ეს ნიშნავს, რომ ყველა მონაწილეს სოციალური მედიის გამოყენების დროს აღენიშნებოდა აქტიური მიზიდულობის მდგომარეობა, ხოლო მისი შეწყვეტისას – სტრესთან დაკავშირებული აღგზნება.

თუმცა, კვლევა არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ სოციალურ მედიაზე ყველანი დამოკიდებულები ვართ. უფრო სარწმუნოა, თუ ვიტყვით, რომ სოციალური მედია გვაჯილდოებს გარკვეული სასიამოვნო ემოციებით.

ზოგიერთ ფუნქციას შესაძლოა მართლაც ჰქონდეს დამოკიდებულების გამომწვევი ასპექტი, მაგალითად, პერსონალიზებულ მოკლე ვიდეოებს, რომლებიც მომხმარებლებს უსასრულო გასართობ ციკლში ამყოფებს.

რაც მთავარია, წინა კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური მედიისადმი ასეთი ძლიერი მიზიდულობა ძირითადად მის სოციალურ ასპექტს უკავშირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკებისგან განსხვავებით, სოციალური მედია აკმაყოფილებს ადამიანის ძირითად მოთხოვნილებას: ჩვენ ყველას გვსურს, რომ მოვწონდეთ და ვგრძნობდეთ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ასე რომ, თუ ჩვენ ვაღიარებთ "სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების" არსებობას, გამოდის, რომ უნდა დავფიქრდეთ, "მეგობრობაზე დამოკიდებულების" არსებობის აღიარებაზეც. აუცილებელია ფრთხილად ვიყოთ, როდესაც სოციალური ქსელების ადიქციაზე ვსაუბრობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩვენდა უნებურად, სრულიად ნორმალური ქცევა პათოლოგიად მოვნათლოთ, რამაც თავის მხრივ შეიძლება სტიგმა წარმოქმნას.

როგორც წინა კვლევა მიუთითებს, შესაძლოა სოციალური მედიის მოხმარების შეწყვეტა, ან გამოყენების სიხშირის შემცირება, ჩვენს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვან გავლენას საერთოდაც არ ახდენდეს – არც დადებითს და არც უარყოფითს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნარკოტიკებისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სხვა გზებითაც შეგვიძლია, მაგალითად, ადამიანებთან ინტერაქციის საშუალებით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.