ნახეთ: ილონ მასკის კომპანიის რაკეტის მორიგი ფრენა ისევ აფეთქებით დასრულდა

ფოტო: SpaceX
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის რიგით მერვე საცდელი ფრენა კვლავ აფეთქებით დასრულდა.
მისია თბილისის დროით 7 მარტის 03:30 საათზე შედგა. 123-მეტრიანი აპარატი ცაში სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან აიჭრა, 7 წუთის შემდეგ კი მისი პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy ხმელეთზე წარმატებით დაბრუნდა. ის სპეციალურ დამჭერ კოშკში დაეშვა, რაც უკვე მესამე ასეთი შემთხვევაა.
რაც შეეხება რაკეტის მეორე საფეხურს, თავად Ship-ს, ის ამ დროს სამხრეთ-აღმოსავლეთით აგრძელებდა მოძრაობას და ატლანტის ოკეანისკენ მიემართებოდა. მიზანი ის იყო, რომ მას კომპანიის Starlink-ის სატელიტების მაკეტი მოდელები სუბორბიტულ ტრაექტორიაზე განეთავსებინა და შემდეგ ინდოეთის ოკეანის მიმდებარედ კონტროლირებადი დაშვება განეხორციელებინა.
ეს არ მომხდარა, რადგან აპარატის Raptor-ის ტიპის რამდენიმე ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და აფრენიდან დაახლოებით 9 წუთში რაკეტასთან კონტაქტი გაწყდა. მალევე ის ცაში აფეთქდა, როგორც წინა მისიისას.
ცეცხლმოკიდებულმა ფრაგმენტებმა გასაოცარი სანახაობა შექმნა, რომელიც ბაჰამის კუნძულებიდან კარგად ჩანდა. იქ მყოფმა ადამიანებმა მომხდარის კადრებზე აღბეჭდვა შეძლეს. SpaceX-ში კი ამბობენ, რომ მიზეზების გამოძიებას აპირებენ, რათა მომდევნო მისიების შედეგები გააუმჯობესონ.
"ამ აპარატის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი", — ამბობენ ისინი.
მაგალითად, აღმოჩნდა, რომ წინა ფრენისას რაკეტის აფეთქება ძრავების სისტემის ნაწილების გადატვირთვამ გამოიწვია, რაც საწვავის გაჟონვით დასრულდა. ამან ცეცხლის გაჩენას შეუწყო ხელი.
იმისათვის, რომ იგივე არ განმეორებულიყო, SpaceX-მა ძრავების ამუშავებას უფრო დიდი დრო დაუთმო და ამ პროცესს დააკვირდა, რათა სისტემაში საყურადღებო ცვლილებები დაეფიქსირებინა. ასევე, საწვავის უფრო ხელსაყრელი ტემპერატურა განისაზღვრა და ამძრავიც განახლდა. ამის მიუხედავად, აფეთქება მაინც ვერ აიცილეს თავიდან.
მომავლისთვის იგეგმება, რომ რაკეტის ორივე საფეხური დამჭერ კოშკში დაეშვას, რაც მისიებს შორის დროს შეამცირებს. კომპანიას სურს, რომ წელს 25-მდე ფრენა შეასრულოს და რაკეტის მუშაობა გააუმჯობესოს.
კომენტარები