მარსი განსაკუთრებული წითელი შეფერილობითაა ცნობილი, რაც მას მზის სისტემის დანარჩენი პლანეტებისგან აშკარად გამოარჩევს. ახალი კვლევა მიუთითებს, რომ შესაძლოა, აქამდე მცდარი წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძინა ამ პლანეტამ თავისი უნიკალური ფერი.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მარსის წითელი ფერი ჰემატიტის, რკინის ოქსიდის, მშრალ პირობებში დაჟანგვის შედეგად ჩამოყალიბდა. ამის მიუხედავად, უკანასკნელი კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ზედაპირზე რკინის დაჟანგვის მთავარი მიზეზი შესაძლოა, წყლის არსებობა ყოფილიყო.

ამ დასკვნამდე მისასვლელად მეცნიერებმა მარსის მსგავსი პირობები ლაბორატორიაში შექმნეს, კერძოდ — მტვრის ანალოგი სხვადასხვა ტიპის რკინის ოქსიდის გამოყენებით. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ფერიჰიდრიტისა და ბაზალტის (ვულკანური ქანი) ნაზავი ყველაზე მეტად ემთხვევა იმ მინერალებს, რომლებიც მარსზეა დაფიქსირებული.

მეცნიერებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მარსი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და წითელი შეფერილობა სწორედ მილიარდობით წლის წინანდელ დაჟანგვის პროცესებს უკავშირდება. დროთა განმავლობაში რკინით მდიდარი ქვები დაიშალა, ხოლო პლანეტის ზედაპირი წითელი მტვრით დაიფარა. ეს მტვერი იმდენად მკვეთრი ფერისაა, რომ მარსი ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც კი წითლად მოჩანს.

ფოტო: NASA/ESA /The Hubble Heritage Team STScI/AURA

ქვების დაჟანგვის რამდენიმე გზა არსებობს, რაც მარსის გეოლოგიური ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ოდესღაც მის ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობდა. მავალებითა და კოსმოსური ზონდებით მრავალი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რომლებიც ადასტურებს, რომ წარსულში მარსი ტენიანი იყო. ერთი შეხედვით, ეს მარსის მტვრის ანალიზის შედეგებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, რადგან მათში წყლის არსებობის პირდაპირი კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ამ წინააღმდეგობის გამო მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წითელი ფერი, სავარაუდოდ, ჰემატიტს უკავშირდებოდა. ის მშრალ პირობებში ფორმირდება და შეიძლება წითელი შეფერილობა ჰქონდეს. შესაბამისად, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მარსზე ეს მინერალი წყლის გაქრობის შემდეგ გაჩნდა.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მარსის წითელი ფერი არა ჰემატიტს, არამედ ფერიჰიდრიტს შეიძლება უკავშირდებოდეს, რომელიც ცივი წყლის გარემოში სწრაფად წარმოიქმნება. მკვლევრებმა თავიანთი ჰიპოთეზა მარსული წარმომავლობის მეტეორიტის შედგენილობაზე გამოცადეს. აღმოჩნდა, რომ მარსზე რკინის დაჟანგვის ასახსნელად ფერიჰიდრიტი საკმაოდ დამაჯერებელი კანდიდატია.

ლაბორატორიაში შექმნილი ფერიჰიდრიტის მტვერი.

ფოტო: A. Valantinas

ამის დასტურად, მკვლევრებმა ლაბორატორიაში რკინის სხვადასხვა დაჟანგული მინერალი "დაფქვეს" ისე, რომ მათი მარცვლები მარსის მტვრის ნაწილაკების ზომის შესაბამისი ყოფილიყო. შემდეგ ეს ნიმუშები გააანალიზეს იმავე მეთოდებით, რომლებითაც ადრე მარსის მტვერი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მარსის დაკვირვებებს ყველაზე მეტად არა ჰემატიტი, არამედ ფერიჰიდრიტი ემთხვეოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მინერალები მარსზე მაშინ წარმოიქმნა, როდესაც პლანეტაზე თხევადი წყალი ჯერ კიდევ არსებობდა.

გამოდის, რომ პლანეტა უფრო ადრე დაჟანგდა, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. საინტერესოა ისიც, რომ ფერიჰიდრიტი მარსის დღევანდელ პირობებშიც სტაბილურად ნარჩუნდება. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის შესახებ მეტის გაგებაში მავალ Perseverance-ის მიერ მოპოვებული ნიმუშები დაეხმარებათ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.