პარტია გახარია — საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი ცესკოს, პროკურატურას და სასამართლოს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების ორგანიზებულ განადგურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"პროკურატურამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით, რომ არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - ვერიფიკაცია გავლილი ამომრჩევლების სია და ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია მძევლად ჰყავს აყვანილი.
ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას. სხვა სახელი ვერ დაერქმევა 17 დღის განმავლობაში მტკიცებულებების დამალვას და შემდგომ ცესკოს კარნახით იმ პროკურატურის მიერ მათ გატაცებას, რომელსაც არც ერთი მძიმე საარჩევნო დანაშაული ამ დრომდე არ გამოუძიებია" — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის განცხადებით, ამ მტკიცებულებებს უმოკლეს ვადაში შეეძლო არჩევნების გაყალბების დადასტურება, ან უარყოფა და პოლიტიკური კრიზისის დასრულება, თუმცა, მისივე მტკიცებით, პროკურატურამ ცესკოში არსებული მტკიცებულებები დააყადაღა, სასამართლომ კი უარი უთხრათ სარჩელის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები პროკურატურამ წაიღო.

"პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალიფიკაცია და მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას დასმული კითხვები ცალსახად ადასტურებს, რომ პროკურატურას არჩევნების სისტემური გაყალბების ობიექტური გამოძიების ინტერესი არ აქვს. ოცნების მიზანია მისი მორჩილი ინსტიტუტების - ცესკოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით დაადგინოს, რომ თითქოს არჩევნები არ გაყალბებულა და ამ გზით შეეცადოს ყალბი ლეგიტიმაციის მოპოვებას.
გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ მტკიცებულებების განადგურების მცდელობა გაყალბებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის საკმარისი საფუძველი გახდეს" — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.