5 სიახლე, რომლებსაც წიგნის დღეებზე ყველაზე მეტად ველოდებით
ფოტო: On.ge
თბილისის წიგნის დღეები დაიწყო! ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც, როგორც წესი, შემოდგომის ბოლო თვეს ტარდება და ათასობით მკითხველს აერთიანებს, წელს 15 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. მისამართი უცვლელია: ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე (წერეთლის 118).
რა დაგვხვდება წიგნის დღეებზე? განსაკუთრებული ფასდაკლებები, საინტერესო ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, ამაღელვებელი სიახლეები. ფესტივალზე, ასევე ტრადიციულად, უამრავი ახალი გამოცემა იყრის ხოლმე თავს. ჩვენ კი, მნიშვნელოვანი სიახლეები რომ არ გამოგრჩეს, რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით.
დონა ტარტის ჩიტბატონა
სულაკაურის გამომცემლობა / მთარგმნელი: ანა აბულაშვილი / წიგნის საფესტივალო ფასი: 39,9₾
წლევანდელი საშემოდგომო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიახლე დონა ტარტის გახმაურებული რომანის, ჩიტბატონას, ქართული თარგმანია, რომელსაც უკვე დიდი ხანია, ველოდებით და წიგნის დღეებზე მისი გამოჩენით ეს ღონისძიება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.
ტარტი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული თანამედროვე ამერიკელი ავტორია, რომლის სამწერლო კარიერაც სამ ათწლეულს, მაგრამ მხოლოდ სამ რომანს მოიცავს. ჩიტბატონა მათგან ყველაზე ბოლოა — ის, მკითხველების დიდი მოლოდინის ფონზე, 2013 წელს გამოიცა, უმალ ბესტსელერი გახდა და პრემიებით დაიხუნძლა (მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც პულიცერია).
რომანის მთავარი გმირი 13 წლის თეოდორ დეკერია, რომელიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტის მუზეუმში ტერორისტულ აქტს გადაურჩება. თავდასხმა თეოს დედას იმსხვერპლებს, მოზარდი კი ამ ქაოსში უცნაურად დაეპატრონება კარელ ფაბრიციუსის ტილოს, ჩიტბატონას, რომელიც ბიჭისთვის იმედისა და დანაკარგის სიმბოლო ხდება.
2019 წელს გამოვიდა ჩიტბატონას მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმიც, თუმცა, როგორც ცნობილია, თავად ავტორი ეკრანიზაციით დიდად მოხიბლული არ დარჩენილა და პირობაც კი დაუდია, რომ თავისი წიგნების კინოადაპტაციის უფლებებს აღარ გაყიდდა.
ჯოან დიდიონის თამაში გრძელდება
გამომცემლობა პოლინომიალი / მთარგმნელი: ლაშა გველესიანი / წიგნის საფესტივალო ფასი: 16,7₾
ტარტისგან განსხვავებით, ჯოან დიდიონის სახელი ქართველი მკითხველისათვის უკვე ნაცნობია. გამომცემლობა პოლინომიალმა გასულ წელს თარგმნა ამერიკელი მწერლის ავტობიოგრაფიული წიგნი ჯადოსნური ფიქრის წელიწადი. აი, რაც შეეხება მის მორიგ თარგმანს, თამაში გრძელდება, ეს მხატვრული ნაწარმოები და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან რომანად მიჩნეული ტექსტია.
1970 წელს გამოცემული რომანის მთავარი გმირი ლოს-ანჯელესში მცხოვრები 31 წლის მსახიობი ქალი, მერაია უაიეთია. 60-იანების ახალგაზრდობის მსგავსად, მერაიაც აპათიით და ნიჰილიზმითაა შეპყრობილი. ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრის შემდეგ კი, ახალგაზრდა ქალის პირად ცხოვრებაში კიდევ უფრო დრამატული მოვლენები ხდება, რაც მერაიას თავის წარსულზე, უდაბნოს პატარა ქალაქში გატარებულ ბავშვობასა და წარუმატებელ სამსახიობო კარიერაზეც აფიქრებს.
ჯოან დიდიონს, რომელიც თანამედროვე ამერიკულ კულტურაში ერთ-ერთ გარდამტეხ ფიგურად მიიჩნევა, ხშირად უქებდნენ წერის უჩვეულოდ მინიმალისტურ, მოქნილ სტილს და თამაში გრძელდებას რეცენზიებშიც ამ ასპექტზე ამახვილებდნენ ყურადღებას. რომანის მოკლე, მახვილი თავები ერთბაშად ფეთქდება და ფეიერვერკივით სწრაფად იწვებაო, წერდნენ კრიტიკოსები.
სიმონ დე ბოვუარის მეორე სქესი
სულაკაურის გამომცემლობა / მთარგმნელები: გოჩა ჯავახიშვილი, თამარ ბერიკაშვილი, მზია ბაქრაძე / წიგნის საფესტივალო ფასი: 23,9₾
საუბარი მე-20 საუკუნის კიდევ ერთი უდიდესი კულტურული ფიგურის, სიმონ დე ბოვუარის, ახალი თარგმანით გავაგრძელოთ. ეს ამბავი კი მით უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ მეორე სქესს, ბოვუარის ყველაზე ცნობილ და გავლენიან ნაშრომს, ქართველი მკითხველი ასევე წლებია, ელოდა.
იმის მიუხედავად, რომ ბოვუარი თავს ფილოსოფოსად არ მიიჩნევდა, ავტორი ეგზისტენციალური ფილოსოფიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოაზროვნედ და ახალი ტალღის ფემინისტური ფილოსოფიის ფუძემდებლადაც მიიჩნევა. სწორედ ფემინისტური ფილოსოფიის საეტაპო ტექსტი გახლავთ მეორე სქესი, რომელიც პირველად 1949 წელს დაიბეჭდა და აღფრთოვანებულ გამოხმაურებასთან ერთად, მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა.
მეორე სქესი ორი ნაწილისგან შედგება. წიგნის დღეებზე ნაშრომის პირველი ტომი, სინამდვილე და მითები, იქნება წარმოდგენილი. ამ ნაწილში ბოვუარი ქალების აღქმისა და მდგომარეობის ისტორიულ ასპექტებზე ჰყვება; ხსნის, როგორ განისაზღვრა ქალი "მეორე სქესად" კაცთან მიმართებით და როგორ მოექცა ის დაქვემდებარებულ პოზიციაში. ამ ყველაფერს, ასევე ქალებთან დაკავშირებულ მითებსა და სტერეოტიპებს, ბოვუარი სხვადასხვა დარგის პერსპექტივიდან აანალიზებს.
პატრიარქალური წესრიგის ნორმებთან დაპირისპირებული ბოვუარის ეს ტექსტი რატომ გახდა კრიტიკის საგანი, ალბათ ისედაც ცხადია. ეგ კი არა, ქორწინების ტრადიციული გაგების კრიტიკისა და ქალის სხეულის მნიშვნელობის გადააზრების გამო, ვატიკანმა მეორე სქესი აკრძალული წიგნების სიაშიც შეიტანა. თუმცა, აკრძალვას მკითხველები არ დაუბრკოლებია: ბოვუარის ნაშრომმა მეორე ტალღის ფემინიზმს დაუდო საფუძველი და, ზოგადად, ფემინისტური აზროვნების ქვაკუთხედი გახდა.
ართურ კლარკის შეხვედრა რამასთან
გამომცემლობა მედუზა / მთარგმნელი: ამირან რამიშვილი / წიგნის საფესტივალო ფასი: 20₾
წიგნის დღეებზე ჟანრული ლიტერატურის მოყვარულებიც არ დარჩებიან გაწბილებულები. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი სიახლე სამეცნიერო ფანტასტიკის ბრიტანელი კლასიკოსის, ართურ კლარკის, პოპულარული რომანის თარგმანია. რობერტ ჰაინლაინთან და აიზეკ აზიმოვთან ერთად, კლარკი ამ ჟანრის "დიდ სამეულში" შედის. საქართველოში კი მწერალს ყველაზე მეტად ალბათ რომანით კოსმოსური ოდისეა 2001 იცნობენ.
თუმცა, კლარკს არაერთი სხვა საინტერესო ნაწარმოები აქვს შექმნილი და ერთ-ერთი მათგანი სწორედ შეხვედრა რამასთანაა. ამ წიგნში მოქმედება 22-ე საუკუნეში ვითარდება, როცა მზის სისტემაში უზარმაზარი, 10-ტრილიონტონიანი კოსმოსური ხომალდი შემოიჭრება. და მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება ეჭვი, რომ "რამად" წოდებული ობიექტი ბუნებრივად წარმოქმნილი არაა, დედამიწელები უცხო ცივილიზაციასთან პირველად შეხვედრისთვის დაიწყებენ მზადებას...
დღეს უკვე სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკად ქცეული შეხვედრა რამასთან თავის დროზე ჟანრის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიის, ჰიუგოსა და ნებულას, გამარჯვებული გახდა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები რომანის ეკრანიზაციისთვის და ამ პროექტთან ისეთი კინოვარსკვლავები იყვნენ დაკავშირებულები, როგორებიც მორგან ფრიმენი და დევიდ ფინჩერი არიან. 2021 წელს კი ცნობილი გახდა, რომ კლარკის წიგნის კინოადაპტაციას დიუნის რეჟისორი დენი ვილნევი გადაიღებს.
მარგარეტ ეტვუდის ბრმა მკვლელი
გამომცემლობა დიოგენე / მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე / წიგნის საფესტივალო ფასი: 28₾
ბრმა მკვლელი ახალი თარგმანი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ წიგნის პირველი გამოცემის ტირაჟი უკვე იმდენი ხანია, ამოიწურა, რომ მის "რეპრინტს" უამრავი მკითხველი ელოდა. მართალია, ბუქმეიკერების პროგნოზი ვერ გამართლდა და კანადელმა მწერალმა, მარგარეტ ეტვუდმა, წელსაც არ აიღო ნობელის პრემია, თუმცა, ავტორის ათწლეულების წინ გამოქვეყნებული ნაწარმოებები დღემდე არ კარგავს პოპულარობას და ერთ-ერთი მათგანი ბრმა მკვლელია.
2000 წელს გამოცემული ეს მოზრდილი, მრავალშრიანი რომანი რამდენიმე ჟანრის ნაზავია, მათ შორის, ისტორიული ფიქციის, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივისა. ორი სიუჟეტური ხაზისგან შემდგარი ამბის მთავარი გმირი ხანშესული ქალი, აირის ჩეიზია, რომელიც თავისი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებს იხსენებს, მათ შორის, დის, ლორას, თვითმკვლელობას, რასაც წინ უძღოდა დისტოპიური რომანის, ბრმა მკვლელის, გამოქვეყნება.
ბრმა მკვლელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის, ბუკერის პრემია. ჟურნალმა Time-მა კი ნაწარმოები 2000 წლის საუკეთესო რომანად და 1923 წლის შემდეგ გამოცემულ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორისაც დაასახელა. მხევლის წიგნის შემდეგ, ბრმა მკვლელი ეტვუდის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

დისკუსია: კომენტარებში გაგვიზიარე, შენ რის ყიდვას აპირებ თბილისის წიგნის დღეებზე