რატომ ეკეთათ მე-17 საუკუნის ექიმებს ნისკარტის ფორმის წაწვეტებული ნიღბები
ერთ დროს შავი ჭირი მსოფლიოში ყველაზე საშიში დაავადება იყო, რომელიც მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევდა. მე-17 საუკუნეში მცხოვრები ევროპელი ექიმები ამ ინფექციის მქონე პაციენტების მკურნალობას ცდილობდნენ, თუმცა მათთან კონტაქტისას უცნაური კოსტიუმი ეცვათ.
მათი სხეული თავიდან ფეხებამდე დაფარული იყო, სახეზე კი უჩვეულო ნიღაბი ეკეთათ, რომელსაც წაწვეტებული ფორმა ჰქონდა, ფრინველის ნისკარტის მსგავსად. მაგრამ რა იყო ამის მიზეზი? რა დანიშნულება ჰქონდა მსგავს ნიღაბს?
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, გეტყვით, რომ ექიმების უცნაური კოსტიუმის შექმნის იდეა ჩარლზ დე ლორმს ეკუთვნის, რომელიც თავადაც მედიცინას ემსახურებოდა. მას აღწერილი აქვს სპეციალური ჩაცმულობა, რომელიც სურნელოვანი ცვილით დაფარულ მოსასხამს, შარვალზე მიბმულ ყელიან ფეხსაცმელს, შარვალში ჩატანებულ პერანგს, ქუდსა და თხის ტყავისგან დამზადებულ ხელთათმანებს მოიცავდა. ექიმებს ხელში ჯოხიც ეჭირათ, რომლითაც პაციენტების სხეულს ეხებოდნენ.
რაც შეეხება კოსტიუმის ყველაზე უჩვეულო ელემენტს, ეს უპირობოდ ნიღაბი იყო, რომელსაც ნისკარტის მაგვარ შვერილზე მხოლოდ ორი ნახვრეტი ჰქონდა, ნესტოების მიმდებარედ. ამის მიუხედავად, ექიმები თავისუფლად სუნთქავდნენ, რა დროსაც მხოლოდ იმ მცენარეების სუნს გრძნობდნენ, რომლებიც "ნისკარტში" იყო მოთავსებული.
ნიღბის დიზაინი თავად დაავადების შესახებ არასწორ წარმოდგენებს უკავშირდება. კერძოდ, მიიჩნეოდა, რომ ის ექიმს მიაზმებისგან იცავდა. ასე უწოდებდნენ დამასნებოვნებელ ჰაერს, საიდანაც ეგონათ, რომ ჭირი ვრცელდებოდა. სჯეროდათ, რომ თუ ეს "დაბინძურებული" ჰაერი ადამიანის ორგანიზმში მოხვდებოდა, ის სხეულში არსებული სითხეების, ჰუმორების, ბალანსს დაარღვევდა.
იმდროინდელი სპეციალისტების აზრით, ამის თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალება სწორედ მძაფრი სურნელება იყო, მათ შორის ყვავილებისა და გუნდრუკის (საკმეველი). შესაბამისად, ნიღაბში არსებულ ცარიელ სივრცეში 55-ზე მეტი მცენარისა და სხვა მასალისგან დამზადებულ "ანტიდოტს" ათავსებდნენ. მასში იყო, მაგალითად, დარიჩინი, მური (ხის ფისი), თაფლი, გველგესლას ხორცისგან მიღებული ფხვნილი და სხვა.
ნიღაბს წაწვეტებული ფორმა იმიტომ ჰქონდა, რომ იქ შეღწეული ჰაერი ჯერ ამ სურნელებებით გაჯერებულიყო, სანამ ადამიანი ჩაისუნთქავდა.
რეალურად, ეს სრულიად არაეფექტიანი იყო, რადგან შავ ჭირს ბაქტერია Yersinia pestis იწვევს, რომელიც რწყილის ნაკბენით ვრცელდება. ასევე, დაავადებულის ჭრილობასთან შეხებით და დაცემინებისას გამოფრქვეული ნაწილაკებით (პნევმონიული ჭირისას). შესაბამისად, ამგვარ ინფექციას ვერავითარი სურნელება შეაკავებდა.
კომენტარები