ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სექტორია, თუ არა ყველაზე განვითარებული. ჩვენს ქვეყანას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, ეს კი, შეიძლება ითქვას, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) დამსახურებაა.

ასოციაცია თავის წევრ ორგანიზაციებთან ერთად თითქმის 20 წელია ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესსექტორი განავითაროს. ამ ძალისხმევამ, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტ EU4Digital-თან პარტნიორობით, GTA-ს უკვე მეორედ მოუტანა საერთაშორისო აღიარება.

GTA — პირველი ნაბიჯები

საქართველოს ტურიზმის ასოციაცია 2006 წელს შეიქმნა. დაარსების დროს იგი 6 ორგანიზაციას აერთიანებდა, თუმცა დღეს უკვე GTA-ში 256 კომპანიაა თავმოყრილი. აქედან უმეტესობა სტუმარ-მასპინძლობის ორგანიზაციები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროებია, თუმცა გვხვდება ავია-სატრანსპორტო და პროფესიული კოლეჯებიც.

ასოციაციამ 18 წლის განმავლობაში განვითარების არაერთი ეტაპი განვლო. მთავარი მიზანი თავდაპირველად ბაზარზე თავის დამკვიდრება იყო რესურსების მოსაზიდად, შემდეგ კი გაფართოება გახდა პრიორიტეტული.

"თავიდან ძირითად აქცენტს ვაკეთებდით საზოგადოებასთან და დონორ ორგანიზაციებთან გაცნობაზე. სახელმწიფოსთან და განსაკუთრებით საელჩოებთან გვქონდა ინტენსიური შეხვედრები, რომ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და ჩვენი მიზნები გაგვეცნო მათთვის. ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ წევრების მოზიდვა, რამაც ცნობადობა თანდათან გაგვიზარდა", — On.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა ნატალი კვაჭანტირაძემ, GTA-ს თავმჯდომარემ.

ნატალი კვაჭანტირაძე, GTA-ს თავმჯდომარე

ნატალი კვაჭანტირაძე, GTA-ს თავმჯდომარე

ფოტო: On.ge

დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ასოციაციამ არაერთი მიზნობრივი პროექტი განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ეკოლოგიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და განათლების კუთხით. ამის პარალელურად ასოციაცია წევრების მხარდაჭერაზეც ზრუნავდა:

"პირველ რიგში, ეს იყო ის საჭიროებები, რომლებიც ასოციაციის წევრებს ჰქონდათ. ჩატარდა რამდენიმე კვლევა, ამ კვლევების საფუძველზე კი გაჩნდა პროექტის იდეები, რომლებიც დონორების მხარდაჭერით განვახორციელეთ".

ასოციაციის გამოწვევები და საქმიანობა

ასოციაციას გზად არაერთი დაბრკოლება შეხვდა, მათ შორის სახელმწიფოებრივი პრობლემები: 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება ეს თუ პოლიტიკური ცვლილებები. ნატალი იხსენებს, რომ განსაკუთრებით კრიზისული პერიოდი 2020 წლიდან დაიწყო, როცა მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი გავრცელდა.

"გაჩნდა ძალიან ბევრი რეგულაცია, რომლებიც საჭიროებდა ადვოკატირებას, ანუ წევრებისთვის ხელშეწყობას" — გაიხსენა GTA-ს თავმჯდომარემ — "შევძელით და სახელმწიფოსთან ერთად გავიარეთ ყველა რეგულაცია დეტალურად, თუ როგორ უნდა მორგებულიყო ტურისტული კომპანიები ამ ცვლილებებს".

კრიზისის დაძლევის მიზნით ტურისტული ორგანიზაციებისთვის გაერთიანება განსაკუთრებით მოსახერხებელი აღმოჩნდა, რათა თავიანთი ხმა სახელმწიფომდე მიეტანათ. პანდემიის პერიოდიდან ორგანიზაციების კლასტერს დაახლოებით 50 წევრი შეუერთდა.

"პანდემიის დროს გაცილებით მეტი წევრი შემოვიდა ასოციაციაში, ვიდრე მთელი 15 წლის მანძილზე იმიტომ, რომ ადვოკატირების საჭიროება დაინახეს", — გვითხრა ნატალიმ — "ამან გამოიწვია ის, რომ ბიზნესები შეიკრა".

კორონავირუსის გავრცელების გამო ტურისტულ სფეროში კადრების დეფიციტიც გაჩნდა, ეს პრობლემა კი პანდემიის დასრულებას არ გადაუჭრია. ასოციაციამ კოლეჯებთან ერთად სცადა ამის მოგვარება.

"მომართვიანობა გაიზარდა და ასოციაციას გაუჩნდა შესაძლებლობა, ჩართულიყო პროფესიული განათლების განვითარებაში".

ნატალის თქმით, ქვეყანაში დუალური პროფესიული განათლების პროგრამები გაჩნდა, რომლებიც სტუდენტებს სწავლისა და იმავე სფეროში მუშაობის საშუალებას აძლევს, იქნება ეს სასტუმროს მომსახურების სფერო თუ კულინარია. ცნობისთვის, ეს მოდელი ტურიზმის მიმართულებით 2017 წლიდან არსებობდა.

"შიდა სამზარეულო": როგორ ეხმარება GTA თავის წევრებს

ასოციაციის წევრებს, როგორც კლასტერს, თავიანთი საჭიროებები სახელმწიფოსა და დონორებამდე ერთობლივი ძალისხმევით უფრო ეფექტიანად მიაქვთ. გარდა ამისა, GTA წევრი ორგანიზაციების განვითარებას სხვადასხვა ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის ჩატარებითაც უწყობს ხელს.

ნატალის თქმით, ნებისმიერი იდეა წევრების სურვილისა და საჭიროებების მიხედვით ხორციელდება. ასოციაციამ 2019 წელს 5-წლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. პროცესში კერძო სექტორისთვის არაერთი საჭიროება გამოიკვეთა: გაძლიერებული კომუნიკაციის, მეტი მხარდამჭერი მექანიზმის ქონისა და საგანმანათლებლო აქტივობების — ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების.

GTA-ს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ასოციაცია კომიტეტებად არის დაყოფილი და მათი ერთობლივი ძალისხმევით ფუნქციონირებს. ესენია, მათ შორის, ტურიზმის განვითარების, გაციფრულების, საგანმანათლებლო და განვითარების კომიტეტები. ამ დანაყოფებს შორის საქმიანობა თანაბრად არის განაწილებული:

"ასოციაციის შიგნით დაახლოებით 12 კომიტეტი გვყავს, რომლებიც მიზნობრივად მუშაობს. ამ კომიტეტების ხელმძღვანელები გავხადეთ ამბასადორები, ანუ ელჩები ასოციაციისა", — გვითხრა ნატალიმ.

თითოეული ეს დანაყოფი თავისი მიმართულებით მუშაობს, რაც, GTA-ს თავმჯდომარის აზრით, ასოციაციის აქტიურობასა და გამართულ ფუნქციონირებას განაპირობებს — საქმე ბევრია, ყველა კი აკეთებს იმას, რაშიც კომპეტენტურია.

როგორია ასოციაციის როლი სექტორის გაციფრულებაში

ციფრული ტრანსფორმაციის კომიტეტი GTA-ში 2024 წლის გაზაფხულიდან ამუშავდა. ამ მიმართულებით ასოციაცია ევროკავშირის სასწავლო სესიებში მონაწილეობდა.

"ესტონეთში ბოლო ორი წელი ვიღებდით მონაწილეობას და ვესწრებოდით პროექტს Latitude, რომელიც არის ციფრული პლატფორმა ნებისმიერი ბიზნესისთვის. მონაწილეობის მთავარი იდეა ის იყო, რომ გაგვეგო, რა არის ტრანსფორმაცია, ციფრული განვითარება და რატომ უნდა დაეყრდნოს ეკონომიკა ციფრულ ტრანსფორმაციას", — გაიხსენა ნატალიმ.

გაციფრულების მაგალითად ნატალიმ ონლაინ პლატფორმები (მაგალითად Booking.com) მოიყვანა, რომლებიც ვიზიტორებს უფრო მოქნილად გადაადგილებაში ეხმარება.

ნატალი კვაჭანტირაძე

ნატალი კვაჭანტირაძე

ფოტო: On.ge

"გლობალური ინდუსტრია ფიქრობს, როგორ გააციფრულონ ტრანსფორმაციულად ტურიზმი, როგორც სექტორი იმისთვის, რომ იყოს უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის და თვითონ ბიზნესსაც გაუადვილდეს საქმიანობა".

GTA ახლო მომავალში 3-დღიანი ტრენინგების ჩატარებას გეგმავს, რომელშიც ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქალები მიიღებენ. მოდულებს ციფრული მიმართულების ქართველი ექსპერტები გაუძღვებიან.

"ბევრს არ აქვს ის უნარები და ცოდნა, თუ როგორ მოამზადონ თუნდაც ვებგვერდი Booking.com-ისთვის", — განმარტა ნატალიმ — "აქ ჩაშლილია უამრავი მოდული, რომლებიც გულისხმობს სოციალური მედიის განვითარებასა და იმ უნარების შეძენას, თუ როგორ მოიზიდო მსმენელი, მაყურებელი ბიზნესში".

როგორ გაიყვანა GTA-მ საქართველო ევროპულ და საერთაშორისო ასპარეზზე

კლასტერის მართვის გამორჩეული სტანდარტების დამსახურებით GTA-მ ბრინჯაოს პრემია მიიღო. ეს 2024 წლის 9 ოქტომბერს მოხდა მოლდოვაში გამართულ ICT ფორუმზე, რომელიც EU4Digital-ის ინიციატივაა. გარდა აღიარებისა, ეს GTA-სა და ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულ სარგებელსაც მოუტანს.

ევროკავშირის ასპარეზზე ეს წარმატება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ 2017 ბრინჯაოს პირველი პრემია მიიღო და ამავე წელს ევროპული კლასტერების გაერთიანების წევრი გახდა. ჩვენი ქვეყანა პირველად განთავსდა ევროპის ინოვაციური კლასტერების რუკაზე. ხილვადობის გაზრდის კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"თუკი რაიმე ინიციატივა ჩნდება, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან უნდათ მოძებნონ პარტნიორი; შედიან ამ ვებგვერდზე და აღმოაჩენენ, რომ საქართველოში არის ერთი უკვე აღიარებული კლასტერი", — ახსნა ნატალიმ —"2017-იდან 2019 წლამდე მემორანდუმები გავაფორმეთ პოლონეთის, ჩეხეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის კლასტერებთან და ამ კლასტერების მეშვეობით განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა".

ბრინჯაოს პირველ პრემიას ვადა 2019 წლამდე ჰქონდა, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა აღნიშნული რუკიდან ამოვარდა. მას შემდეგ, რაც პანდემიის რთულმა პერიოდმა გაიარა, EU4Digital-ის პროგრამა GTA-ს წელს კიდევ დაუკავშირდა შეფასებაში მონაწილეობისთვის.

წინა გამოცდილების შთაგონებით GTA-მ თვითშეფასების დოკუმენტი შეავსო და გაგზავნა. ამის შემდეგ კლასტერი სამუშაო შეხვედრებზე მიიწვიეს, სადაც შეფასების ობიექტურობა დაადასტურეს. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ ასოციაციამ მოლდოვაში ICT ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს ესწრებოდნენ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ასევე სამხრეთ ევროპის ქვეყნები.

"მიგვიწვიეს სპიკერად იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხმამაღლა გვესაუბრა ჩვენს შესაძლებლობებზე", — თქვა ნატალიმ — "როცა საქართველო ჟღერდება ზოგადად, ყველა ინტერესდება, თუ რა პროცესი გვაქვს, როგორ ვვითარდებით ეკონომიკურად, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები — იმიტომ, რომ, როგორც ქვეყანა, მათთვის ძალიან სტრატეგიული პარტნიორი ვართ — როგორც ეკონომიკურ ჭრილში, ასევე შავი ზღვის რეგიონის ჭრილში".

ნატალის თქმით, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა GTA-ს ხილვადობის გაზრდასა და პოტენციური პარტნიორების მოძიებაში დაეხმარა:

"მეილები მივიღეთ მომავალი თანამშრომლების საკითხებზე, იქვე გვთავაზობდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რადგან ევროკავშირს აქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომლებიც პირდაპირი წესით გულისხმობს კონსორციუმების შექმნას. თუ ეს ტურიზმს უკავშირდება, ეს შეიძლება იყოს ქვეყნების ერთობლივი პროექტები, რომლებიც არამხოლოდ შავი ზღვის ნაწილში იგულისხმება".

ღონისძიებაზე საქართველოდან არაერთი სხვა ორგანიზაცია იყო წარდგენილი, თუმცა გამარჯვებულად სწორედ GTA შეირჩა. ასოციაციას ICT ინოვაციების ფორუმზე უკვე ბრინჯაოს მეორე პრემია გადაეცა, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციის სახელით კლასტერების რუკაზე დაბრუნდა.

ფოტო: On.ge

ამ პრემიას ვადა 2026 წლამდე აქვს, ამ დრომდე კი ასოციაციას საკუთარი მიღწევების გაუმჯობესება ევალება. ამ შემთხვევაში GTA-ს საშუალება ექნება, ვადის გასვლის შემდეგ თავი ვერცხლის ჯილდოზეც წარადგინოს. ნატალის თქმით, ამისათვის მხოლოდ ასოციაციის ძალისხმევა არ კმარა:

"ვმუშაობთ წევრებთან ერთად იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, ოღონდ ამაზე მუშაობა მხოლოდ კერძო სექტორის თემა არ არის. აქ თუ სახელმწიფო სექტორი არ გიდგას გვერდში, ან განათლების ნაწილში, ან ტურიზმის ადმინისტრაციის ნაწილში, წარმოუდგენელია მარტო, შენით, აკეთო რაღაც იმიტომ, რომ ამას ექნება ძალიან მოკლეხნიანი ეფექტი".

სტატია მომზადებულია პროექტ EU4Digital-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ მისი ავტორის პოზიციას.