რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ომით დაშინება? — დავით ძიძიშვილის განმარტება
რუსული დეზინფორმაცია — "ძალაუფლების გადაბარება", "რევოლუციის სცენარი" და "ევრომაიდანი"
ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო მესიჯი, რომ საზოგადოებას ომსა და მშვიდობას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, აქტუალობას არ კარგავს. ომით ამომრჩევლის დაშინებაზე დადებულ ფსონს, ადგილობრივ სამთავრობო მედიასთან ერთად, რუსულ საიტებზე გავრცელებული დეზინფორმაციაც კვებავს.
RT-მა ყველა თავის პლატფორმაზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში ძალაუფლების გადაბარებისა და რევოლუციის სცენარი მზადდება, რაც შეთანხმებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე მიუთითებს და რაშიც ჩართული არიან უკრაინელი ბოევიკები და ლტოლვილები, რომლებიც, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნებს უჭერენ მხარს და, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალადობრივი საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.
RT-ის პუბლიკაციაში პარალელები გავლებულია "ევრომაიდანის" პროტესტებთანაც. გამოთქმულია ვარაუდი, რომ პროცესების უკან დასავლური ქვეყნები დგანან, რომელთაც საქართველოში რეჟიმის შეცვლა სურთ.
ხელისუფლების ნარატივი ომსა და მშვიდობაზე:
საქართველოს ომში ჩათრევის ნარატივთან დაკავშირებით, აშშ ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 2022 წელს აცხადებდა, რომ საქართველოში გავრცელებული "მზაკვრული ნარატივი", რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საქართველოს ჩათრევა სურს, "რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა."
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ დეზინფორმაციას იმეორებენ საქართველოს მმართველი ძალის ლიდერებიც.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი — 25.08.2024:
"ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები, ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ ქართული ოცნებისთვის მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი".
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი —10.10.2024:
"სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას — ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო, რა თქმა უნდა, ჩართონ ომში".
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე — 22.05.2024:
"მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" მიმავალი ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს გაამყაროს მოსაზრება, რომ ქართული ოცნების წაგების შემთხვევაში, საქართველოს "უკრაინიზაციაა" მოსალოდნელი.
"გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია".
ექსპერტის განმარტება:
ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე რუსული სპეცსამსახურების მანიპულაციასთან გვაქვს. ძიძიშვილი ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ომის ტრავმები არ მოშუშებულა და ვითარებას უკრაინაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს, ადამიანებში შიშის დათესვა რუსულ სპეცსამსახურებს მარტივად გამოსდით.
"ეს არის კლასიკური მეთოდი რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობისა. განსაკუთრებით აქტიურდება საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ხოლმე ეგეთ ოპერაციებში. როცა ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, კონტექსტს ყოველთვის ითვალისწინებენ. საქართველოსთან მიმართებაში ამ ტიპის განცხადებების გავრცელებას საფუძვლად უდევს ორი მნიშვნელოვანი ამბავი: ის, რომ მმართველი პარტია თვითონვე ტირაჟირებს ამ ნარატივებს და ლოგიკურია, რომ იგივე ნარატივზე "ზის" რუსეთი. როგორც წესი, ისინი ხშირად ტირაჟირებენ ერთმანეთს და მათი საერთო ინტერესი გამოკვეთილია. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაქვს ცუდი მაგალითები უკრაინის სახით, რომელსაც ხშირად გვახსენებს მმართველი პარტია. ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ იგივე მოხდა უკრაინაში", — აცხადებს დავით ძიძიშვილი.
მმართველი გუნდის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია, ჰიბრიდული ომის ექსპერტის, დავით ძიძიშვილის აზრით, ზუსტად ემთხვევა კრემლის ნარატივს — რუსული ძალები ცდილობენ, მოსახლეობაში შექმნან განწყობა, რომ თუ ცვლილებები იქნება, ამ ცვლილებებს ექნება ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ და შედეგი შეიძლება იყოს იმდენად მძიმე, რომ არც კი ღირდეს ამ ფასის გადახდა.
"ამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის რამდენიმე გზა არსებობს. ერთი გზა არის ის, რომ ვინც უნდა გადაიბაროს ძალაუფლება, მათი მხრიდან უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადებები იმის შესახებ, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია და ახსნან ეს. მეორეს მხრივ, თავი დავანებოთ ასეთი განცხადებების ტირაჟირებისგან და უბრალოდ არ ვისაუბროთ ამაზე", — ამბობს დავით ძიძიშვილი.
მთავარი ფაქტი, რასაც, მისი აზრით, მმართველი გუნდი აიგნორებს არის ის, რომ 2014 წელს რუსეთს უკრაინაში იანუკოვიჩის სახით დასაყრდენი ჰყავდა. შესაბამისად, დავით ძიძიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი საქართველოში სწორედ ქართული ოცნებაა და თუ ეს ძალა ხელისუფლებაში აღარ იქნება, პრობლემაც არ იარსებებს.
"მე მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მეტ-ნაკლებად შიშები და მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ რუსეთი ამ წუთას არ არის იმ ვითარებაში, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციები მოაწყოს საქართველოში და მეორე — ნებისმიერი ასეთი ტიპის აქტივობას სჭირდება ქვეყნის შიგნით მყარი დასაყრდენი და თუკი ჩავთვლით, რომ ეს დასაყრდენი მოქმედი მთავრობაა, მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემთხვევაში, რუსეთი თავის გეგმას ვერ განახორციელებს. აი, უკრაინის შემთხვევაში ევრომეიდანი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყვნენ პროპუსული ძალები. თუკი არჩევნების გზით იცვლება პრორუსული ხელისუფლება, მაშინ ამ ტიპის მეიდნის საჭიროება აღარაა."
ჰიბრიდული ომის მკვლევრისთვის გამოსავალი არჩევნებზე ხალხის დიდი რაოდენობა და მათ მიერ მკაფიოდ დაფიქსირებული პროევროპული არჩევანია.
"ამ საფრთხესთან გამკლავების ერთადერთი გზა არის ის, რომ მკაფიოდ ვუთხრათ რუსეთს, რომ ის არის მტერი და ამ მტერთან არ გვაინტერესებს არანაირი ტიპის ურთიერთობა მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული. თუკი ამ პოზიციას არჩევნებზე დავაფიქსირებთ მკაფიოდ, ისინი ვერ განახორციელებენ თავიანთ გეგმას და მათი ეს განცხადებები დარჩება განცხადებებად", — აცხადებს დავით ძიძიშვილი.
კომენტარები