ოლანი ბიწაძე — ახალი ხმა ქართულ ლიტერატურაში
ოლანი ბიწაძის მოთხრობების კრებული მეორედ მოსვლა ავტორის მეორე წიგნს წარმოადგენს. მისი პირველი წიგნი რომანია, რომელიც პალიტრა L-მა 2022 წელს გამოსცა კონკურსის გახდი ბესტსელერის ავტორი ფარგლებში.
წიგნის სახელწოდება — მეორედ მოსვლა შეიძლება ავტორისეულიც იყოს, ვინაიდან, მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში ამ წიგნით ის მეორედ და ვიტყოდი, რომ ძალიან ღირსეულად გამოჩნდა.
მოთხრობების კრებულის კლასიფიკაცია სიმბოლურია, კრებული ორ ნაწილადაა დაყოფილი 2 და 1. ერთი მხრივ, ეს პროტაგონისტთა რიცხობრივ მაჩვენებელს უსვამს ხაზს, მეორე მხრივ, კრებულის პირველ ნაწილში მოთხრობათა სახელწოდებები ამგვარად გამოიყურება: მეორე ჩრდილი, ორი ნაცვალსახელი, მეორადი მეხსიერება, ორმაგი ექო, მეორედ მოსვლა. ამ მოთხრობათა სახელწოდებებში გაჟღერებული რაოდენობითი თუ რიგობითი რიცხვითი ნაცვალსახელები კი ხშირად თავის მეორეულ სახეს კარგავენ და პირველად და უმთავრეს იდეად გვევლინებიან.
კრებულში შესული მოთხრობები არა მხოლოდ პროტაგონისტთა რაოდენობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ თემატურადაც. ავტორის ხმა მე-2-დან 1-ზე გადასვლისას სრულიად იცვლება. ავტორისეული წერითი ტექნიკა კი საკმაოდ მიმზიდველია, მკითხველს ფართო სივრცე აქვს საკუთარ ფანტაზიასთან საასპარეზოდ, რადგან ავტორი სიუჟეტურ მდინარებაში კარს ბოლომდე არასდროს გიხსნის, მინიშნებები უხვადაა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგცადოს.
ეს მოთხრობები გამოცანებია, სანამ პასუხამდე მიხვალ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს უნდა დააკვირდე, რაღაც შეიძლება არაბუნებრივი მოგეჩვენოს, კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ ავტორი მკითხველს ბოლომდე მოგყვება, ხელს არ გიშვებს, ჯერ გამოგცდის შეგიძლია თუ არა დასვა შეკითხვები, შეგიძლია თუ არა ამ შეკითხვებს პასუხი მოუძებნო და თუ შენში საკმარისი ძალა ვერ აღმოაჩინე, მაშინ ავტორი მოთხრობის დასასრულს თავადვე გეტყვის პასუხს, ზოგჯერ კი რიტორიკულ შეკითხვას დაგიტოვებს: " — ანო ვინაა?"
დაბადების 46-ე თავში ვკითხულობთ: "მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით". რაც გულისხმობდა, რომ სიკვდილის შემდეგ იაკობს იოსები დაუხუჭავდა თვალებს და პირმშობიის უფლებასაც სწორედ იოსები მიიღებდა. "პირმშოობის კანონის" ცნებას ადამ სმითის ნაშრომში ვხვდებით, ამ კანონის მიხედვით, მამამ უნდა აირჩიოს შვილი, რომელსაც თავის ქონებას დაუტოვებს. ოლანი ბიწაძე კრებულის პირველივე მოთხრობაში ამ კანონის გადააზრებას გვთავაზობს. მატერიალური ქონება უარყოფილია, ადამიანის უმთავრესსა და უპირატეს საკუთრებას კი სული წარმოადგენს.
" — ჰოდა, წადით, მეც იქ დაგხვდებით, — ამბობს მხიარულად, — ოღონდ იცოდე, თვალები შენ უნდა დამიხუჭო!"
გარდაცვლილებსაც შეუძლიათ საკუთარი სული, ანუ მისი ცოცხალი ნაწილი ვიღაც სხვას, მეორე ადამიანს ანდონ. მას ჩააბარონ ის როგორც საზრუნავი, როგორც ქონება და თავისი ჩრდილი მის მეორე ჩრდილად აქციონ, რომელიც სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებს არსებობას ვიღაცის ფიქრად, ვიღაცის დარდად ან მოგონებად.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში ბევრი არ დაწერილა სამშობიარო ფსიქოზზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ ვითარდება და მისი კლინიკური მახასიათებლები უმეტესად გუნება-განწყობის აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა და შიზოაფექტური აშლილობაა. როგორც ამბობენ, პაციენტთა უმრავლესობა სამშობიარო ფსიქოზის მდგომარეობიდან შედარებით სწრაფად გამოდის, მაგრამ ისინი, ვისაც შიზოფრენიული აშლილობა აღენიშნებოდა, ქრონიკულ ავადმყოფებად რჩებიან. სამშობიარო ფსიქოზსა და შიზოფრენიული აშლილობის მქონე ორსული ქალების შესახებ გვიამბობს ოლანი ბიწაძე, ვიტყოდი, რომ კრებულის ყველაზე მთავარ მოთხრობაში — მეორედ მოსვლა.
თუკი ორიანა ფალაჩი თავის რომანში წერილი ვერდაბადებულ ბავშვს მთავარ კითხვებს პირველივე გვერდებზე სვამს — რა სჯობს, დაიბადო თუ არა? რისთვის უნდა მოავლინო ბავშვი ამ ქვეყნად? ვისი სიცოცხლეა უპირატესი დედის თუ შვილის? ოლანი ბიწაძე აღნიშნულ მოთხრობაში ამ კითხვებს ღიად არსად სვამს, მაგრამ ყოველთვის გულისხმობს.
უპირატესი ამ მოთხრობაში ნამდვილად შვილის სიცოცხლეა და არა დედისა. შიზოფრენია მემკვიდრეობითი ხაზით არ გადადის, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაიბადება, რომელსაც "საყოველთაო კეთილდღეობისთვის" სიცოცხლისა და დაბადების უფლება უნდა მიენიჭოს, მაგრამ არა დედისგან, რომელიც მის არსებობას ვერც კი იაზრებს, არამედ იმ დაწესებულების ექიმებისა თუ დამხმარე ქალებისგან, რომელშიც ორსული ქალი იმყოფება. დამხმარე ქალები მზრუნველობით აქტს გამოხატავენ არა უშუალოდ პაციენტების მიმართ, არამედ პოტენციურად ჯანსაღი ადამიანის მიმართ, რომელიც დაიბადება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ორსული ვერ ხვდება საკუთარ მდგომარეობას და მუცელში ხელებს იშენს, აღიქმება როგორც დამნაშავე, როგორც მკვლელი.
აქვე, სიმბოლურია ერთ-ერთი პერსონაჟის სახელი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს. ეს არის წითური, ორსული ქალი, რომელსაც მედეა ჰქვია, რომელზეც ამბობენ, რომ საშინელი სახელი აქვს, რომელიც საწოლიდან რამდენჯერმე გადმოხტა, პირდაპირ მუცლით, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა, ანუ მედეა, ბერძნული მითოლოგიიდან, აიეტის უმცროსი ასული, მედეა - შვილების მკვლელი დედა.
შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში შიზოფრენიით დაავადებული ორსულები ქრონიკულ ავადმყოფებად რჩებიან, მაგრამ ლიტერატურას რეალობაზე გაცილებით დიდი ძალა აქვს და მოთხრობის დასასრულს ვკითხულობთ:
"ახლა ჩვენი გულები ერთად ფეთქავს, თითქოს საერთო გული გვაქვს, დედა".
დაბოლოს, ყველა ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ოლანი ბიწაძე ნამდვილად ახალი ხმაა ქართულ ლიტერატურაში, ახალი ხმა, რომელსაც მრავალი ადამიანის ხმით საუბარი შეუძლია.
კომენტარები