შესაძლებელია, მამონტები ყვავილების მტვერზე ალერგიის გამო გადაშენებულიყვნენ
მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, ბეწვიანი მამონტების გადაშენების მიზეზი ყვავილების მტვერზე ალერგია გამხდარიყო.
საქმე ისაა, რომ უკანასკნელი გამყინვარების ეპოქის მიწურულს, ტემპერატურის კლების პარალელურად, დედამიწაზე განსაკუთრებულად აყვავდა მცენარეული საფარი, რომელიც დიდი რაოდენობით მტვერს გამოყოფდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამან ცხოველებში ალერგიული რეაქციები განაპირობა, რაც ყნოსვის დაქვეითებით გამოვლინდა.
შედეგად, ისინი ერთმანეთთან ნორმალურ კომუნიკაციას ვეღარ ამყარებდნენ, რაც სერიოზულ პრობლემად შეჯვარების პერიოდში იქცა. ფიქრობენ, რომ მეწყვილის ვერპოვნის გამო მამონტების პოპულაცია ნელ-ნელა შემცირდა და, საბოლოოდ, გადაშენდა.
სპილოს მსგავსი ეს ცხოველები პლეისტოცენის ეპოქაში, 2.6 მილიონიდან 11 700 წლის წინა პერიოდამდე, ცხოვრობდნენ. დაახლოებით 10 000 წლის წინ მათი უდიდესი ნაწილი გადაშენდა, მცირე პოპულაცია კი მხოლოდ ვრანგელის იზოლირებულ კუნძულზე შენარჩუნდა. 4 000 წლის წინ ისინიც გაქრნენ.
მამონტების გადაშენების მიზეზებს შორის მეცნიერები ნათესაურ შეწყვილებას, ადამიანთა მიერ მათზე ნადირობასა და საცხოვრებელი არეალის ცვლილებას ასახელებენ. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ საკამათოა ის, თუ აქედან რომელმა ფაქტორმა შეასრულა უდიდესი როლი. ახლა ამ პოტენციურ მიზეზებს ალერგიაც დაემატა, რომელიც მამონტებს არა მხოლოდ შეწყვილებაში, არამედ საკვების პოვნასა და მტაცებლებისგან თავდაცვაშიც შეუშლიდა ხელს.
ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მეტის გასაგებად მამონტების ნამარხებში შემორჩენილი მცენარეების მტვრის შესწავლა დაგვეხმარება. პირველ რიგში, ალერგენების იდენტიფიცირებაა საჭირო, შემდეგ კი იმუნური სისტემის იმ ცილების პოვნა, რომლებიც სხეულში ალერგიული რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ასეთია იმუნოგლობულინი E, რომელიც ნაწლავში წარმოიქმნება და სხეულიდან განავალთან ერთად გამოიდევნება. შესაბამისად, შესაძლებელია, მას მამონტის განამარხებულ ფეკალიებში მივაკვლიოთ.
ასეთი კვლევა ჯერ არაა ჩატარებული. შესაბამისად ამ ეტაპზე, ექსპერიმენტული ტესტირებისა და მტკიცებულებების გარეშე, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Earth History and Biodiversity გამოქვეყნდა.
კომენტარები