შესაძლოა, 466 მილიონი წლის წინ დედამიწას სატურნის მსგავსი რგოლები ჰქონოდა
ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, დაახლოებით 466 მილიონი წლის წინ დედამიწას რგოლების სისტემა ჰქონოდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გლობალურ კლიმატზეც იქონიებდა გავლენას.
ადრეულ პერიოდში მზის სისტემაში ციური სხეულები და ასტეროიდები შედარებით ქაოსურად მოძრაობდა, ამიტომ ხშირი იყო შეჯახებებიც, მათ შორის დედამიწასთან. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი 66 მილიონი წლის წინ მომხდარი კატასტროფაა, როცა ჩვენს პლანეტას დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
უფრო ადრე, დაახლოებით 466 მილიონი წლის წინ, ორდოვიციული ეპოქის დასაწყისში, დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტების რაოდენობა გაიზარდა და კვალი კრატერების სახით დატოვა. ტექტონიკური ფილების რეკონსტრუქციამ 21 ასეთი წარმონაქმნი გამოავლინა, რომლებიც ეკვატორიდან 30°-ის რადიუსშია. ეს უჩვეულოა, რადგან კონტინენტური ქერქის 70% ამ რეგიონის გარეთაა. უცნაური ისაა, რომ, როგორც წესი, შეჯახების ზონები სრულიად შემთხვევით ადგილებშია და მთელს ზედაპირზეა გაფანტული, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არაა.
სპეციალისტებმა მეტის გასაგებად გამოითვალეს, რა ფართობის კონტინენტური ზედაპირი შეძლებდა მაშინდელი კრატერების შემონახვას. მათ ყურადღება ლითოსფეროს სტაბილურ არეალებზე, კრატონებზე, გაამახვილეს და გამორიცხეს რეგიონები, რომლებიც დანალექის ან ყინულის ქვეშაა, ეროზირებულია და ტექტონიკური აქტიურობის გავლენის ქვეშაა. შემდეგ სპეციალური სისტემის მეშვეობით მთელი პლანეტის მასშტაბით გეოლოგიურად თავსებადი ადგილები შეისწავლეს, მათ შორის დასავლეთ ავსტრალიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ნაწილში.
დადგინდა, რომ ზემოხსენებულ ეპოქაში ეკვატორთან ახლოს მეცნიერთა მიერ იდენტიფიცირებული თავსებადი ხმელეთის მხოლოდ 30% იყო, მაგრამ შეჯახებების აბსოლუტური უმრავლესობა მაინც ამ რეგიონში მოხდა. ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს იმ პერიოდში დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდს უნდა უკავშირდებოდეს, რომელსაც შესაძლოა, ზედმეტად მცირე დისტანციაზე ჩაევლო და გრავიტაციის გავლენით დანაწევრებულიყო.
შედეგად, ფრაგმენტული მატერია პლანეტის ირგვლივ რგოლების სახით განლაგდებოდა და მილიონობით წლის განმავლობაში ზედაპირზე ჩამოცვივდებოდა. სწორედ ამით შეგვიძლია ავხსნათ კონკრეტულ გეოლოგიურ პერიოდში ერთ რეგიონში თავმოყრილი კრატერები და მეტეორიტების ნარჩენი.
რაც შეეხება გლობალურ კლიმატზე გავლენას, მეცნიერები ამბობენ, რომ რგოლების ასეთი სისტემა პლანეტის ზედაპირს ნაწილობრივ დაჩრდილავდა, ანუ მზის სხივებს დაბლოკავდა. შესაძლებელია, სწორედ ამას გამოეწვია გამყინვარების ეფექტი ორდოვიციული ეპოქის მიწურულს, რომელიც ბოლო 500 წელში ყველაზე ცივ პერიოდად მიიჩნევა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები