საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 2024-ის არჩევნებს ქართველი ხალხი და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ისტორიულად მოიხსენიებს და ერთგვარ რეფერენდუმს უწოდებს, რადგან თვლიან, რომ მის შედეგებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ, ამ დღეს თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც, შესაძლოა, არჩევნებზე მისვლა ბევრმა ამომრჩეველმა ვერ შეძლოს, არჩევნების დღეს იმ ქალაქში ყოფნაა, სადაც იურიდიულად არაა რეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ კანონით მოქალაქეს ხმის მიცემა მხოლოდ იმ ქალაქში შეუძლია, სადაც იურიდიულადაა დარეგისტრირებული.

რა პროცედურები უნდა გაიაროს ამომრჩეველმა, რომ ხმა სხვა ქალაქში მისცეს?

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არჩევნების დღემდე 21 დღით ადრე შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს და თქვენი თავი დაარეგისტრიროთ საქართველოში თქვენს საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების მისამართზე ან დროებითი საცხოვრებელი სახლის მისამართზე.

შემიძლია თუ არა განაცხადის დისტანციურად დაფიქსირება?

ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით.

რა დოკუმენტებია საჭირო:

თუ სხვა ქალაქში არსებული ბინის მესაკუთრე თავად ხართ, მაშინ მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობა დაგჭირდებათ.

ხოლო, თუ დროებით სახლის მისამართზე რეგისტრირდებით, მაშინ თქვენს პირად დოკუმენტებთან ერთად, ბინის მესაკუთრის ნებართვა ან ამ მისამართზე მცხოვრები ორი პირის დასტურია საჭირო.

თუ ბინის მესაკუთრე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას, მაშინ უნდა გქონდეთ:

  • ელექტრონული ფორმით – ე.წ. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა;

ან

  • ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა;

როგორ შევძლებ დისტანციურად განაცხადის წარდგენას?

დისტანციური სერვისით ზემოთ ჩამოთვლილი ორივე გზის არჩევა შეგიძლიათ — მესაკუთრის თანხმობით ან ორი პირის დასტურით.

განაცხადის გასაკეთებლად, უნდა შეხვიდეთ სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge.

  • შემდეგ მოძებნით დისტანციურ სერვისებს და ჩამონათვალში ნახავთ – რეგისტრაციის ადგილის შეცვლას.
  • შემდეგ გრაფაში "ახალი განაცხადი" მიჰყვებით ინსტრუქციას.

გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ თქვენი ფოტოსურათი, თუ მესაკუთრის თანხმობით რეგისტრირდებით – მესაკუთრის, ხოლო ორი პირის დასტურის შემთხვევაში - მათი ფოტოსურათები.

მას შემდეგ, რაც განაცხადს გააკეთებთ, პროცედურისთვის საჭიროა პროგრამა Skype. მასში თქვენთან ერთად უნდა ჩაერთოს ყველა პირი, მესაკუთრე იქნება ეს, თუ მოწმეები.

თუ მოქალაქე ფლობს დევნილის სტატუსს, ამ შემთხვევაში მან:

უნდა მიმართოს დევნილთა სააგენტოს, სპეციალური განცხადებით

ამისთვის მას დასჭირდება:

  • დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა
  • პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი)

პროცედურების გავლის შემდეგ თქვენი განაცხადი დაფიქსირდება. გაითვალისწინეთ, თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ ან ნათესავის ბინაში რეგისტრირდებით, განაცხადის განხილვას 5-7 სამუშაო დღე დასჭირდება. ხოლო თუ სხვა პირის ბინაში რეგისტრირდებით, ერთი თვე.

ცნობისათვის, სხვა მისამართზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა.