კამიკაძე ტერმიტების "ფეთქებადი" ზურგის საიდუმლო ამოხსნილია — რა ვიცით
საფრანგეთის გვიანაში გავრცელებულ კამიკაძე ტერმიტებს თავდაცვის უნიკალური მექანიზმი ჩამოუყალიბდათ — მათ ზურგის მიდამოში ფერმენტების მასა უგროვდებათ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში "ფეთქდება" და სხვა ორგანიზმებს წამლავს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ახერხებენ ეს არსებები ფერმენტების ამ მარაგის უსაფრთხოდ შენახვასა და მიზანმიმართულ "დეტონაციას".
საუბარია Neocapritermes taracua-ს სახეობის შედარებით ხნიერ მუშა ტერმიტებზე, რომლებსაც მუცელში სპეციალური ჯირკვლები აქვთ, საიდანაც დროთა განმავლობაში ლურჯი ლაკაზა (laccase BP76) გამოიყოფა. სპილენძის შემცველი ეს კრისტალური ფერმენტები ზურგზე არსებულ ღრუს ავსებს. როცა მწერები საფრთხეს გრძნობენ, მარაგი სკდება და სეკრეციის გზით წარმოქმნილ სხვა ნივთიერებებს ერევა. ასე მიიღება წებოვანი სითხე, რომელიც მომწამლავი ეფექტის მქონე ბენზოქინონებითაა მდიდარი.
ამ ფენომენზე მეტის გასაგებად მეცნიერებმა ფერმენტის კრისტალური სამგანზომილებიანი სტრუქტურა მაღალი გარჩევადობით შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ BP76-ის სტაბილურობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ის მჭიდროდაა "დაკეცილი", რაც მას დეგრადაციისგან იცავს. ასევე, დაცვის მეორე შრეს ცილებზე მიმაგრებული შაქრის მოლეკულები ქმნის.
ყველაზე საინტერესო მახასიათებელი კი ცისტეინისა და ლიზინის ამინომჟავებს შორის არსებული უჩვეულოდ ძლიერი და იშვიათი ქიმიური ბმაა. ეს ფერმენტის აქტიურ ზონაში ფიქსირდება და მისი სტრუქტურისა თუ ფუნქციის შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერმიტების ზურგის მიმდებარედ ლაკაზა მყარ მდგომარეობაში ინახება.
მისი გააქტიურება თავად ტერმიტს კლავს, მაგრამ ამას ის თავისი კოლონიის გადასარჩენად აკეთებს, რასაც სუიციდური ალტრუიზმი ეწოდება. ხნიერი მწერები საკვების მოპოვებას ისე კარგად ვეღარ ახერხებენ, როგორც ახალგაზრდები, ამიტომ შესაძლებელია, თავგანწირვის გზით საბოლოო სარგებლის მოტანას ცდილობდნენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Structure გამოქვეყნდა.
კომენტარები