საპატრიარქოს კაპიტალი
დღეს, 4 აგვისტოს "ინდიგოს" ინტერაქტიული, მულტიმედიური პროექტის "საპატრიარქოს კაპიტალის" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი იყო იმ დოკუმენტების შესწავლა, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოსა და სინოდის წევრების ქონების, ბიზნესისა და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ.
ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით, შეისწავლეს დაახლოებით ხუთი ათასი დოკუმენტი. უძრავი და მოძრავი ქონებას, ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დოკუმენტების შესწავლას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა.
საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობის 83 პროცენტიანი ნდობით სარგებლობს და იგი ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ინსტიტუტთან ერთად ყველაზე მდიდარი რელიგიური გაერთიანებაცაა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 62,7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ მიწას ფლობს, რაც თითქმის ქალაქ ბათუმის ფართობს უტოლდება.
ფართობის 96 პროცენტი საპატრიარქომ სახელმწიფოსა და კერძო პირებისგან საკუთრებაში და დროებით სამართავად უსასყიდლოდ მიიღო.
2002 წლიდან დღემდე საპატრიარქოსთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გადარიცხულია 285 მილიონ ლარზე მეტი.
მთავრობის საჩუქრები საპატრიარქოს მიმართ, რომელთა ღირებულება დათვლილი არ არის, მრავალფეროვანია. საჩუქრების შორისაა დასაუთოებელი მაგიდაც, ავტომობილებიც და საავადმყოფოც.
საპატრიარქოს ბიზნეს და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულია სინოდის 47 წევრიდან 41. მათი უმრავლესობა სოლიდური ქონების მფლობელია. თითოეული მათგანზე ინფორმაციას ბმულზე იპოვით.
ინფორმაცია სინოდის 47 წევრის ბიზნესების, უძრავი ქონებისა და საქმიანობის შესახებ იხილეთ აქ.
უცნობია ამ ქონების გარდა კიდევ რა კაპიტალს ფლობს საქართველოს საპატრიარქო და სინოდის წევრები, რადგან მონაცემები ჟურნალმა “ინდიგომ” მხოლოდ საჯარო დოკუმენტებიდან მოიპოვა. პროექტ “საპატრიარქოს კაპიტალის” დოკუმენტების ბაზა აერთიანებს საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ 5,000-მდე დოკუმენტს.
საპატრიარქოს ბიზნესი
სამეწარმეო საქმიანობა საპატრიარქომ 1997 წელს დაიწყო, საჯარო რეესტრის მონაცემებით ეკლესია 44 კომერციულ და 105 არაკომერციულ ორგანიზაციას ფლობს. აქედან ნახევარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სამრევლო სკოლებია. ბევრი მათგანი საეკლესიო მოთხოვნილების საგნებს არ აწარმოებს და სხვა მიზნებს ემსახურება.
საპატრიარქო ფლობს ქუთაისის რაგბის კლუბ “ბაგრატს;” შპს “თანადგომას,” რომელიც საწვავის იმპორტითა და რეალიზაციითაა დაკავებული; შპს “იბერია ბურჯს,” რომლის საქმიანობა სამშენებლო-საპროექტო სფეროს უკავშირდება; შპს “ემ.ემ.ბეს,” რომელიც ალკოჰოლური სასმელების წარმოებითაა დაკავებული და ექვს სხვა კომპანიას, რომლებიც სურსათსა და საკვებ პროდუქტებს (რძეს, თაფლს, თევზს, ხილს, ბოსტნეულს) აწარმოებენ.
კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად “ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.” გადასახადებში იგულისხმება მოგების, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ნებისმიერი კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების შესახებ კერძო საიდუმლოებად მიიჩნევს. შემოსავლების სამსახურში არც იმას გვეუბნებიან, შეუმოწმებიათ თუ არა საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები მათი არსებობის მანძილზე და აღმოუჩენიათ თუ არა იქ რაიმე სახის ფინანსური დარღვევა. პასუხი კვლავ იგივეა: ინფორმაცია კერძო საიდუმლოა და მისი მესამე პირისთვის გადაცემა კანონით არაა დაშვებული.
ასე რომ, რთულია იმის დადგენა, იხდის თუ არა შპს “თანადგომა” (რომლის საქმიანობა ნავთობის იმპორტსა და რეალიზაციას უკავშირდება) ან შპს “ემ.ემ.ბე” (ალკოჰოლური სასმელების წარმოება) კანონით დადგენილ გადასახადებს თუ მათი საქმიანობაც “საეკლესიო მოთხოვნილების საგნების წარმოების” კატეგორიაშია გაერთიანებული და ისინიც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ.
სახელმწიფო დაფინანსება
მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დათვლილი არ არის, სახელმწიფო საპატრიარქოს ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონ ლარს ურიცხავს.
კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის 285 მილიონია გადარიცხული.
საპატრიარქო თავის განცხადებებში ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსგან მიღებული 25 მილიონი არის რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ეკლესია ამ ფულს ისევ საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სოციალური საქმიანობის დასაფინანსებლად იყენებს.
თუ 2015 წელს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 16 არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია ფინანსდებოდა, 2016 წელს ეს რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ამ ორგანიზაციების 90 პროცენტი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.
როგორ ხარჯავს საპატრიარქო მთავრობისგან მიღებულ მილიონებს საჯარო ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო არ აკონტროლებს თუ რა მიზნით მოიხმარს ეკლესია ბიუჯეტიდან გადარიცხულ ფულს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, საპატრიარქოს ფინანსების შემოწმება არ შეუძლია.
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის The National Democratic Institute (NDI) ბოლო გამოკითხვის თანახმად, 67% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ საპატრიარქოსთვის ბიუჯეტიდან მიცემული 25 მილიონის ხარჯვა უნდა გააკონტროლოს. NDI-მ კვლევა 2017 წლის მაისში გამოაქვეყნა.
სახელმწიფო დაუთვლელ ზიანს ანაზღაურებს
მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებებში განმარტავენ, რომ ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული ფული იმ ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც ეკლესიას მე-19 და მე-20 საუკუნეებში ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა მიაყენა.
ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფომ 2002 წელს აიღო, როცა საპატრიარქოსთან კონსტიტუციური შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების თანახმად უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც ზიანის ოდენობას დაითვლიდა და ანაზღაურების ფორმასა და ვადას განსაზღვრავდა. კომისია რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა ზიანის ოდენობა არ დაუთვლია. უცნობია, რის საფუძველზე უხდის მთავრობა ყოველწლიურად ეკლესიას ფულს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რამდენის გაღება მოუწევს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
ჟურნალი “ინდიგო” რამდენიმე კვირის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა მიეღო ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან, კონკრეტულად თუ რა ზიანის ანაზღაურებაზე აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას პრეტენზია.
ეკლესიის ქონება ავტოკეფალიის ჩამორთმევამდე
რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1869 წელს კი საბოლოოდ დაასრულა ქონების ჩამორთმევის პროცესი. ანექსიამდე, ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ინსტიტუტი 7,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს ფლობდა.
რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ეკლესიამ მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენა მოასწრო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება რელიგიურ ორგანიზაციებს დევნიდა, ამიტომ ქონების დაბრუნების საკითხი 80-იან წლებამდე არავის განუხილავს. 1990 წლის 12 აპრილს საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საპატრიარქოს უკან დაუბრუნდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ყველა საკულტო ნაგებობა.
90-იანი წლების დასაწყისიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია სწრაფად იბრუნებს გავლენას და ქონებას. ბოლო 25 წლის განმავლობაში ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკლესიას ერთ-ერთ ყველაზე სანდო ინსტიტუტად მიიჩნევს.
სინოდის ყველაზე მდიდარი წევრები
საჯარო დოკუმენტების მიხედვით, 47 წევრისგან შემდგარი სინოდის რამდენიმე წევრი დიდი ოდენობით მიწასა და ბიზნეს-კომპანიას ფლობს. სინოდის თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საჯარო რეესტრის მონაცემებით უძრავ ქონებას არ ფლობს. ერთადერთი საკუთრება, მცხეთაში არსებული მიწის ნაკვეთი პატრიარქმა 2008 წელს თავის ძმისშვილს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრს გადასცა საჩუქრად.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი
პატრიარქ ილია II-ეს ძმისშვილი მიტროპოლიტი დიმიტრი ფლობს 1500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მცხეთაში, სოფელ წილკანში, რომელიც მას პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე 2008 წელს უსასყიდლოდ გადაეცა და 157,5 მ2 ფართობის ბინას თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, რომელიც მიტროპოლიტმა 2011 წელს 266,862 ლარად შეიძინა.
მიტროპოლიტ დიმიტრის სახელზე საჯარო რეესტრში კომპანიები არ არის რეგისტრირებული, თუმცა, იგი ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ექვს ორგანიზაციას – საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდებს. მათ შორის სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრს, ფონდ „ბავშვები ჩვენი მომავალია” და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი
მიტროპოლიტი ანტონი წილებს ფლობს რვა ბიზნეს-კომპანიაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მეღვინეობასთან, სუვენირების, საკვები პროდუქტების წარმოებასთან, მშენებლობასთან, ტურიზმთან, ეკლესია მონასტრების აღდგენა-რესტავრაციასთან.
მიტროპოლიტის უძრავი ქონების სია ასე გამოიყურება:
1. ბინა (56 მ2) და 1500 კვ.მ. მიწის ფართობი აჭარაში, ჩაქვში;
2. 157 მ2 თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ბინა ავტოფარეხით, რომელშიც მან 244,000 ლარი გადახადა;
3. 16 მ2 ბინა ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე;
4. მიწის ნაკვეთებს წავკისში, ვანსა და ბაღდათში.
მისი უძრავი ქონების საერთო ფართობი 8000 მ2-ს აღემატება.
მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ექვს ორგანიზაციას, მათ შორის ფონდებს და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს. რა შემოსავალს იღებს მიტროპოლიტი ამ თანამდებობებიდან უცნობია.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე
მიტროპოლიტი კალისტრატე ფლობს 138,000 მ2-ზე მეტ მიწის ფართობს ქუთაისში, თელავში, თბილისში, წყალტუბოში და ტყიბულში, ასევე საცხოვრებელ ბინებს ქუთაისსა და თბილისში.
მიტროპოლიტი კალისტრატეს ეკუთვნის 100 პროცენტიანი წილი შპს “გელათის წყაროში,” რომლის საწესდებო კაპიტალი 63,000 ლარია. იგი ხელმძღვანელობს 6 ორგანიზაციას, მათ შორის საქველმოქმედო ფონდებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს.
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები
მიტროპოლიტი იოსები ფლობს 70,400 კვადრატულ მეტრზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწას გურჯაანის რაიონში, სოფელ მელაანში; ეს მიწა მან 2014-2015 წლებში, 2,500 დოლარად და 7,570 ლარად შეიძინა. მის საკუთრებაშია 12,023 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწა ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონში, რაშიც მან 13,600 ლარამდე გადაიხადა.
2008 წელს შემოქმედელ მიტროპოლიტს თბილისის მერიამ, უსასყიდლოდ გადასცა 515 კვადრატული მეტრის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი თბილისში.
მიტროპოლიტი ექვს ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მათ შორის ფონდებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებებს და საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საწარმო ქართული ფუტკარს”, რომლის საქმიანობაც თაფლის წარმოება და გაყიდვაა.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი
მიტროპოლიტ დავითის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 15,052 მ2 მიწის ფართობი. აქედან 8,601 მ2 თბილისში მდებარეობს, დანარჩენი კი კახეთში, სოფელ ოჟიოში. ალავერდელი მიტროპოლიტი ფლობს 55 პროცენტიან წილს შპს “თაფლისკაცში,” რომელიც თაფლს აწარმოებს.
მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს 9 ორგანიზაციას, მათ შორისაა არაკომერციულ-არასამეწარმეო იურიდიულ პირებად რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა სამეწარმეოა და ალკოჰოლის წარმოებასთან არის დაკავშირებული. ასეთებია ა(ა)იპ “ოჟიოს მარანი,” ა(ა)იპ “ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი,” ა(ა)იპ “ქვევრის ფონდი.”
გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია
მიტროპოლიტი ანდრიას სახელზე საჯარო რეესტრში ორი უძრავი ქონება ფიქსირდება, საერთო ფართით 154 მ2 ორივე მათგანი თბილისში მდებარეობს.
თბილისში, გუთნის ქუჩაზე მდებარე 133 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიტროპოლიტმა კერძო პირისგან 2003 წელს 5000 ლარად შეიძინა. 2014 წელს კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოვილთა სამინისტროსგან 1 ლარად მიიღო 21 მ2 ფართის ბინა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე.
მიტროპოლიტი ანდრია საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 11 ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი
უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ფორმა თვალშისაცემია მიტროპოლიტ გიორგის შემთხვევაშიც, რომელმაც 27,500 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი ნუცუბიძის ფერდობის III მ/რ-ში, თბილისის მერიისგან 1 ლარად შეიძინა. მიტროპოლიტი ასევე ფლობს 101 მ2 ფართის ორ ბინას თბილისში. მიტროპოლიტ გიორგის მფლობელობაშია 996 მ2 მიწის ნაკვეთი ქუთაისში.
მიტროპოლიტი გიორგი შპს “გიორგი 97-ის” 20 პროცენტს ფლობს. კომპანიის საქმიანობა სოფლის მეურნეობასა და საკვები პროდუქტების წარმოებასთანაა დაკავშირებული. ამავდროულად, მიტროპოლიტი საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ორ ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს.
წმინდა სინოდის წევრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არც უძრავ ქონებას ფლობენ, არც ბიზნეს ინტერესები გააჩნიათ და არც რაიმე თანამდებობა უჭირავთ.
კომენტარები