როგორ მოქმედებს ალკოჰოლი შთამომავლობაზე
ცნობილია, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ისეთ ფაქტორებსაც აქვს გავლენა, როგორიცაა სახლი, ოჯახი და საზოგადოება. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ჯანმრთელობის ამ სოციალურ განმსაზღვრელ ფაქტორებს, ცდილობენ გაიგონ, რამდენად მოქმედებს ეს დაავადებებისგან ჩვენს დაცულობაზე.
კვლევებმა აჩვენა, რომ მამის მიერ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება საფრთხეს უქმნის შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სოციალურ განვითარებას. მკვლევრებს აინტერესებდათ აქვს თუ არა იგივე ეფექტს უარყოფითი გავლენა შთამომავლობის ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.
და, აი, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების მხრიდან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება შთამომავლობის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ეს იწვევს შთამომავლობის უფრო სწრაფ დაბერებასა და დაავადებების მიმართ მეტ დაუცველობას.
ნაყოფის ალკოჰოლური სპექტრის დარღვევები
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-ში ზრდასრულთა თითქმის 11%-ს ალკოჰოლის მოხმარების აშლილობა აქვს. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას, მათ შორის ღვიძლის დაავადებას, გულის პრობლემებს, კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებასა და დაბერების დაჩქარებას.
ნაყოფის ალკოჰოლური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებში ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი დაავადებები ადრეულ ასაკში ჩნდება. ეს შეიძლება იყოს ტიპი 2 დიაბეტი და გულის დაავადებები. ასეთ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადება მოზარდობის ასაკშივე შეიძლება გამოვლინდეს.
ასეთი აშლილობის მქონე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია უფრო ხშირია და საშუალოდ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 40%-ით მოკლეა.
თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რამდენად დაკავშირებულია ეს ყველაფერი გარემოსთან? შეიძლება ალკოჰოლზე დამოკიდებული მშობლების შვილები უფრო სტრესულ გარემოში იზრდებოდნენ, რაც ასევე დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების ნაადრევად განვითარებასთან.
ორივე მშობელი
მკვლევრებმა გამოიყენეს თაგვის მოდელი, რათა განესაზღვრათ თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ალკოჰოლს შთამომავლობაზე.
აღმოჩნდა, რომ მამისა და დედის მიერ ჭარბად მიღებული სასმელი ნაყოფის მიტოქონდრიაში საზიანო ცვლილებებს იწვევს. მიტოქონდრიას ხშირად უჯრედის ბატარეას უწოდებენ, რადგან სწორედ ის აკონტროლებს დაბერებისა და ჯანმრთელობის ბევრ ასპექტს. მობილური ტელეფონის ბატარეის მსგავსად, მიტოქონდრია დროთა განმავლობაში კარგად ვეღარ მუშაობს. შედეგად, უჯრედები კარგავენ დაზიანების, აღდგენისა და მეტაბოლიზმის კონტროლის უნარს.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მამის მიერ ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლი იწვევს მიტოქონდრიული ფუნქციის დეფექტს, რომელიც ვლინდება ნაყოფის განვითარების დროს. ეს ეფექტი გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც, რაც იწვევს შთამომავლობის უფრო სწრაფად დაბერებას. ეს ყველაფერი აისახა ასაკთან დაკავშირებულ ღვიძლის დაავადებებზეც.
მთლიანობაში, კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ალკოჰოლს ორივე მშობელი იღებდა, უარყოფითი შედეგიც მნიშვნელოვნად იზრდებოდა.
კომენტარები