ყირგიზეთში აქამდე უცნობი სახეობის დინოზავრების ძვლები აღმოაჩინეს
პალეონტოლოგებმა ყირგიზეთში ორი გიგანტური მტაცებელი დინოზავრის ძვლები აღმოაჩინეს. ისინი შესაძლოა, მშობელსა და მის ნაშიერს ეკუთვნოდეს, რომელთაგანაც პირველის სიგრძე დაახლოებით 8 მეტრს აღწევდა, წონა კი 1 250 კილოგრამს აჭარბებდა. მეორე ცხოველი ზომით მასზე 15-20%-ით პატარა იყო.
ამ სახეობას მეცნიერებმა Alpkarakush kyrgyzicus უწოდეს, რომლის სახელიც ყირგიზულ ეპოს მანასში ნახსენებ მითოლოგიურ ფრინველს შეესაბამება. ის კარნოზავრების ჯგუფში ერთიანდება, რომელიც ტირანოზავრებსა და თანამედროვე ფრინველების წინაპარ არსებებს მოიცავს. ასევე, Alpkarakush kyrgyzicus მეტრიაკანტოზავრიდების ოჯახში შედის.
აღნიშნული ცხოველები ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე იურულ პერიოდში იყვნენ გავრცელებულნი, 201-145 მილიონი წლის წინ. ამის მიუხედავად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა იმ დროინდელი გიგანტური ტეროპოდის ჩონჩხს ცენტრალურ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის რეგიონში მიაკვლიეს.
"ახალი მიგნება ამ ცხოველთა ევოლუციისა და ბიოგეოგრაფიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის", — აცხადებენ ავტორები.
პალეონტოლოგებმა დინოზავრების ნამარხები ყირგიზეთის დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს, ქალაქ ტაშ-კუმირის მახლობლად. პირველი ძვლები კერ კიდევ 2006 წელს ამოთხარეს, მაგრამ დამრეც ფერდობზე ჩონჩხების სხვა ფრაგმენტების მისაკვლევად სამუშაოები 2023 წლამდე, რამდენიმე ეტაპად, მიმდინარეობდა.
ზრდასრული Alpkarakush kyrgyzicus-ის ჩონჩხი უფრო სრულყოფილადაა მოღწეული, მათ შორისაა ხერხემალი, თავის ქალისა და უკანა კიდურების ძვლები. ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ სახეობას რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი ჰქონდა, მაგალითად განსაკუთრებულად ამოზნექილი ე.წ. წარბის სარტყელი.
დადგინდა ისიც, რომ მოზრდილი ცხოველი სულ მცირე 17 წლის უნდა ყოფილიყო, როცა მოკვდა. მეორე, ბევრად პატარა, დინოზავრი, დიდი ალბათობით, მისი ნაშიერია. ეს მიუთითებს, რომ ამ სახეობის უფროსი წარმომადგენლები ერთი ადგილიდან მეორეში უმცროსებთან ერთად გადაადგილდებოდნენ.
მეცნიერები კოლეგებს დინოზავრთა ძვლების სამგანზომილებიან მოდელებს უზიარებენ, რათა მათი უკეთ შესწავლა ერთობლივი ძალებით მოხერხდეს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Zoological Journal of the Linnean Society გამოქვეყნდა.
კომენტარები