ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ტექნოლოგიების, ინტერნეტის, ტრანსპორტის, სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების გარეშე. ამ ყველაფერს კი დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება. ამ დრომდე, ადამიანები ენერგიას დედამიწაზე არსებული ბუნებრივი წიაღისეულიდან იღებდნენ. თუმცა, ეს რესურსები ამოწურვადია და არავინ იცის, რამდენ ხანს დააკმაყოფილებს ის მუდმივად მზარდი მოსახლეობის საჭიროებებს.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მდგრადი განვითარების მიზნებზე. ეს გლობალური დონის საკითხია, თუმცა, ამ პროცესში თითოეული ადამიანის როლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარემოზე ზრუნვაში მოქალაქეების როლის ზრდას ემსახურებოდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი CENN-ის საქართველოს კლიმატის პროგრამაც. ამ პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საინტერესო პროექტები განხორციელდა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტის განხორციელების შედეგად ველისციხის საჯარო სკოლაში მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნა. მისი მიზანია ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

On.ge არასამთავრობო ორგანიზაცია საგას (საქართველოს სამოქალაქო განათლების ასოციაცია) წარმომადგენელსა და აღნიშნული პროექტის მენეჯერს, გიორგი ბოკერიას ესაუბრა.

"საგა 1998 წლიდან მუშაობს, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით, ენერგოეფექტურობის საკითხი. ჩვენ CENN-ის კონკურსის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, განგვეხორციელებინა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ბაზადაც ველისციხის საჯარო სკოლა ავირჩიეთ."

პროექტის დეტალებზე ველისციხის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნანა ნიკოლაიშვილი გვესაუბრა.

ნანა ნიკოლაიშვილი

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

“მდგრადობის პრინციპი რომ განვმარტოთ, ეს ნიშნავს რესურსების ისე მოხმარებას, რომ მომავალ თაობებსაც შევუნარჩუნოთ მათზე ხელმისაწვდომობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ავუხსნათ, რამდენად ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება მოჰყვეს რესურსების არარაციონალურ გამოყენებას. მართალია, პრობლემის მთლიანად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ უარყოფითი შედეგების შემცირებისთვის.”

ველისციხის საჯარო სკოლასა და საგას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საგას წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგები და სკოლის ახლადშექმნილ ლაბორატორიაში საილუსტრაციო სტენდზე განსათავსებლად მოიტანეს სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები:

  • ელექტროენერგიის საზომი;
  • ქარის გენერატორი;
  • ალტერნატიული ენერგია — ბიოგაზის წარმოების სისტემა;
  • მზის პანელების მინი მოდელები;
  • თბოიზოლაციის მასალების ნაკრები;
  • ენერგოეფექტური სამშენებლო სათამაშოების ორი ნაკრები;
  • 4 საგანმანათლებლო ბანერი, რომლებზეც დატანილია მზისა და ქარის სისტემებისა და მოწყობილობების სტრუქტურა, რჩევები და რეკომენდაციები;
  • და სხვ.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

მასწავლებლების გადამზადება და ელექტრონული რესურსები

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მასწავლებლების გადამზადება იყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 25 მასწავლებელი გადამზადდა. ისინი იმყოფებოდნენ სკოლის ლაბორატორიაშიც. იქ ვიზიტი ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია. ველისციხის სკოლის რამდენიმე თანამშრომელმა აიღო პასუხისმგებლობა, გიდობა გაუწიოს ლაბორატორიის ვიზიტორებს.

"მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები. სკოლისთვის, სილაბუსის სახით, შეიქმნა სპეციალური სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამა. ის, უმეტესწილად, ორიენტირებულია ენერგოეფექტურობის თემაზე. გარდა ძირითადი სილაბუსისა, გვაქვს მეორე სასწავლო პროგრამაც, რომელითაც ცენტრში მოსულ ვიზიტორებს 1.5-2 საათიან ტურს ვთავაზობთ. მომზადებული გვაქვს დოკუმენტური ფილმები, ანიმაციები და სასწავლო სლაიდებიც", — გვიყვება ნანა.

ამასთან ერთად, სკოლაში ჩამოყალიბდა ეკო-კლუბი, რომლის ფარგლებიც მასწავლებლები კვირაში ერთხელ კლუბის წევრებს ენერგოეფექტურობისა და მდგრადი განვითარების შესახებ გაკვეთილებს უტარებენ.

პროექტის შედეგები

როგორც ნანა გვეუბნება, ამ პროექტით ბევრი ადამიანი დაინტერესდა. მისი თქმით, ლაბორატორიის სანახავად მიდიოდნენ მასწავლებლები კახეთის სხვადასხვა სკოლიდან და დაწესებულებიდან. ის განსაკუთრებით უსვამს ხაზს სკოლის მოსწავლეების აქტიურობას.

"ლაბორატორიის გახსნის პროცესში თვითონ უფროსკლასელი ბავშვებიც იყვნენ ჩართულები. მონაწილეობდნენ ხელსაწყოების აწყობაში. ყველაფერს ხალისით აკეთებდნენ და თუნდაც გაკვეთილების შემდეგ, დაღლილები, სიხარულით მოდიან დამატებითი ლექციების მოსასმენად."

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ჩვენი რესპონდენტი იმ აქტივობების შესახებაც გვიყვება, რომლითაც პროექტის მონაწილეები ყველაზე მეტად დაინტერესდნენ.

"აქტივობებს შორის განსაკუთრებით საინტერესო იყო ხელსაწყოების დამონტაჟების პროცესი. ბავშვებმა პირველად ნახეს, თუ როგორ ხდება სხვადასხვა სიტუაციაში რესურსების დაზოგვა. საინფორმაციო ბანერების საშუალებით გაიგეს, რას უნდა მიაქციონ ყურადღება ელექტრორესურსების შეძენისას და სხვ. ასევე, ძალიან მოეწონათ თომა ჩაგელიშვილის ფილმები, სადაც შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობაზე კეთდებოდა აქცენტი."

პროექტის შედეგებით კმაყოფილია გიორგი ბოკერიაც. მისი თქმით, მთავარი მიზანი — ახალგაზრდებისთვის ადრეული ასაკიდანვე მიეწოდებინათ საჭირო ცოდნა გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ, მიღწეულია.

"სკოლის მოსწავლეები შემდეგ ხდებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აუცილებელია მათ დავეხმაროთ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც გამოადგებათ ცხოვრებაში. თითოეულმა მუნიციპალიტეტმა, თითოეულმა ქალაქმა, თითოეულმა სკოლამ და თითოეულმა ადამიანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში", — აღნიშნავს ის.

პროექტის მიმართ ასეთი ინტერესის გამოვლენას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ეს ამბავი გაშუქდა ადგილობრივ ტელევიზიებში. შესაბამისად, ინფორმაცია უფრო მეტ ადამიანამდე მივიდა. ეს მეტყველებს იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის როლი მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. მას შეუძლია საკითხის დღის წესრიგში დაყენება და მოსახლეობამდე სწორი და საჭირო ცოდნის მიტანა.

ნანა ნიკოლაიშვილი ყურადღებას ამახვილებს ორგანიზაციებისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც. მისი თქმით, მსგავსი საგრანტო პროექტები ხელს უწყობს მოსახლეობის ცნობიერებისს დონის ამაღლებას და სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებას.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.