ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 500 მეტრზე, მდებარეობს სოფელი კასრისწყალი. საქართველოს სხვა სოფლების მსგავსად, კასრისწყალიც მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშეა. ახალგაზრდები აქ ვეღარ ხედავენ თავიანთ მომავალს, რადგან სოფელი არ არის უზრუნველყოფილი იმ რესურსებით, რაც თანამედროვე ადამიანის მინიმალურ საჭიროებებს მაინც დააკმაყოფილებს.

თუმცა, თითქმის ბოლომდე მიტოვებულ სოფლებშიც კი რჩებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ მშობლიური კუთხის გამოცოცხლებასა და განვითარებაზე. ასეთი ადამიანი კასრისწყალში შორენა ჩაფურიშვილი აღმოჩნდა. ის ორგანიზაცია კახეთის წარმომადგენელია, რომელიც უკვე წლებია მუშაობს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამბობს, რომ მათთან ბევრი სოციალური პრობლემაა — არ არის გზა, სასმელი წყალი, მაღაზია, ექიმი, აფთიაქი და ინტერნეტი. დენი კი ხშირად შეფერხებით მიეწოდებათ, რის გამოც, სოფელს ბევრი ადამიანი ტოვებს.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

შორენა თვლის, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. მის ორგანიზაციას ბევრი რამ გაუკეთებია სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, ასეთ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმი საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში, შორენას მხარდამჭერი ორგანიზაცია CENN აღმოჩნდა, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საინტერესო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს.

კასრისწყალში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, შორენა ჩაფურიშვილმა სოფელში განახლებადი ენერგიის გამოყენების პოპულარიზაცია დაიწყო. პირველი ადგილი, სადაც მზის პანელები მოაწყვეს, საბავშვო ბაღი იყო.

“როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია ახალი დასრულებული იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ შენობის აღდგენის შემდეგ, იქ ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. ეს ადასტურებს, რომ პირობების თუნდაც მცირედით გაუმჯობესება სოფელს დაცლისგან დაიცავს.”

შორენა ჩაფურიშვილი

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

შორენა დაუკავშირდა ადგილობრივ მერიას, ბაღების გაერთიანებას, კასრისწყლის ბაღის დირექტორს და მათთან თანამშრომლობით დაიწყო ღონისძიებების დაგეგმვა. პროექტი გულისხმობდა როგორც უშუალოდ მზის ენერგიის გამოყენებას, ისე ადამიანების ინფორმირებას განახლებადი ენერგიის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

“ალტერნატიული ენერგორესურსების გამოყენება და მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას და შესაბამისად, გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.”

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობა განხორციელდა:

  • გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და ორგანიზაცია კახეთს შორის;
  • სოფელ კასრისწყლის საბავშვო ბაღში მოეწყო 3-კილოვატიანი მზის ელექტროსადგური.
  • გაიმართა საბავშვო ღონისძიება "ბავშვი და მზე", რომლის დროსაც ბავშვებმა შექმნეს ბუნებასთან დაკავშირებული ნახატები.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

გარდა ამისა, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა თემატური ლექციები:

  • კლიმატის ცვლილება — გამოწვევები და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები;
  • განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების როლი კლიმატის ცვლილებაში;
  • წყლის რესურსების მართვა კლიმატის ცვლილების კონტექსტში;
  • კლიმატური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკების მართვა და შემცირება.

ლექციებზე მეტი თვალსაჩინოებისა და ახალგაზრდების დაინტერესებისთვის თან ჰქონდათ მზის ენერგიაზე მომუშავე სათამაშო რობოტებიც. "გვინდოდა ბავშვებისთვის გვეჩვენებინა, რომ მზის ენერგიის გამოყენება მრავალმხრივი დანიშნულებით შეიძლება", — აღნიშნავს შორენა.

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge

მისი თქმით, განახლებადი ენერგიის გამოყენებას მათ სოფელში არსებული ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების განხორციელება. ის ხაზს უსვამს ადგილობრივთა მზაობასა და სურვილსაც, მონაწილეობა მიეღოთ პროექტში.

"როდესაც ტრენინგებს ვატარებდით, დასწრება იყო ძალიან კარგი და დავინახეთ ინტერესი პროექტისა და ზოგადად, ამ თემის მიმართ. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ვაკეთებდით მონიტორინგს, რათა დავკვირვებოდით, როგორ მუშაობდა ეს სისტემა. უკვე ვხედავთ, რომ ის გამართულია და ჩვენი დახმარება აღარ სჭირდება."

შორენა ამბობს, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის სურვილით, სხვა დაწესებულებებშიც დაიგეგმა განახლებადი ენერგიის გამოყენება, თანაც, არამხოლოდ სოფელ კასრისწყალში, არამედ სხვა რეგიონებშიც. რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.

ამჟამად, ისინი თუშეთში აწყობენ მზის ელექტროსადგურს, საიდანაც სოფელ ბოჭორნას განათება გახდება შესაძლებელი. შორენა ამბობს, რომ ახლა სოფელში მოსახლეობას დენი არ მიეწოდება.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.