შესაძლოა, სატურნს კომეტა ვარსკვლავთაშორისი სივრცისკენ გაეტყორცნა
2024 წლის 14 ივნისს ასტრონომებმა სისტემა ATLAS-ის მეშვეობით კომეტა A117uUD დააფიქსირეს, რომელიც უჩვეულოდ სწრაფად გადაადგილდებოდა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ისინი ამ კოსმოსურ ობიექტს დინამიკაში კიდევ 145-ჯერ დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ მას ჰიპერბოლური ტრაექტორია აქვს, ანუ იმდენად ჩქარა მოძრაობს, რომ საბოლოოდ მზის სისტემას გასცდება და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადაინაცვლებს.
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლებელია, ეს სატურნს უკავშირდებოდეს, რომელმაც 2022 წელს მასთან მიახლოებულ კომეტას მიმართულება შეუცვალა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამით A117uUD-ის განსაკუთრებული სისწრაფე აიხსნება.
უნდა აღინიშნოს, რომ მზის სისტემაში მეცნიერებს 2 ვარსკვლავთაშორისი ობიექტი აქვთ დაფიქსირებული. შესაბამისად, ისიც არაა გამორიცხული, რომ A117uUD კიდევ ერთი ასეთი სხეული იყოს. ჰიპერბოლური ტრაექტორიის გამოწვევა შეუძლია სისტემასთან ახლო დისტანციაზე ჩავლილ უცხო ვარსკვლავსა და გალაქტიკურ მოქცევით ძალასაც.
ამის მიუხედავად, ავტორებისთვის მეტად სარწმუნო მიზეზი აირისგან შედგენილ გიგანტ პლანეტასთან ურთიერთქმედებაა, რა დროსაც მცირე ზომის სხეულს მისი იმპულსი გადაეცემა. შედეგად, პირველის მოძრაობა ოდნავ ნელდება, მეორისა კი ჩქარდება.
ჩვენთვის მხოლოდ ერთი ასეთი კომეტაა ცნობილი, C/1980 E1, რომლის ორბიტაც იუპიტერმა 1980 წელს შეცვალა. მეცნიერთა ვარაუდით, იგივე მოხდა A117uUD-ს შემთხვევაშიც, თუმცა ამჯერად სატურნის გავლენით.
"კომეტა სატურნს ძალიან მცირე მანძილზე 2022 წელს მიუახლოვდა, რაც მანამდელი ორბიტის რეკონსტრუქციას აძნელებს", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი ვარაუდით, კომეტის ადრინდელი ორბიტა რეტროგრადული კენტავრებისას ჰგავდა. ესაა მომცრო სხეულები, რომლებიც იუპიტერსა და სატურნს შორის გადაადგილდება. ასტრონომები ამბობენ, რომ C/1980 E1-ისა და A117uUD-ს მსგავსება ამ კომეტის ვარსკვლავთაშორისი წარმომავლობის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ ასეთი ურთიერთქმედებები გავრცელებული იყოს, რადგან ამის 2 მაგალითი 45 წლის შუალედში დაფიქსირდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Research Notes of the AAS გამოქვეყნდა.
კომენტარები